კითხვა: იცის თუ არა მსოფლიოს მაცხოვრებელთა თუნდაც 15-მა პროცენტმა სად არის ქალაქის ყარაგანდა?
პასუხი: ყარაგანდა კი არა, შეიძლება ყაზახეთიც კი არ იცოდნენ სადაა. სამაგიეროდ უკვე იციან საფეხბურთო კლუბ “შახტიორის” არსებობა.
კითხვა: ყაზახებს ბოლო დროს ფული მოუმრავლდათ. ფულით ყარაგანდის კი არა, ხაშურის კლუბიც იზამდა რამეს...
პასუხი: ფული არც ნორვეგიელებსა და ფინელებს აკლიათ, მაგრამ აგერ რამდენი წელია, მაგათი კლუბები, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპს შორიდან შესციცინებენ. თან ის რეკლამაც ხომ გახსოვთ: “ყველაფერს ფულით რომ ვერ იყიდით”...
კითხვა: შოტლანდიელებთან შეხვედრის დროს, “შახტიორს” ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ სამი ადგილობრივი ფეხბურთელი გყავდა. დანარჩენები სულ ლეგიონერები იყვნენ. ლეგიონერებით მიღწეული წარმატება ადგილობრივი ფეხბურთის განვითარებაზე ალბათ ნაკლებად მეტყველებს...
პასუხი: როდესაც სამი წლის წინ, ჟოზე მოურინიოს დამოძღვრილმა მილანის ”ინტერმა” ჩემპიონთა ლიგის თასი აიღო, გუნდში სულ თითებზე ჩამოსთვლელი რაოდენობის იტალიელი ფეხბურთელები იყვნენ, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ თასი იტალიის “ინტერმა” აიღო და არა მხოლოდ სამუელ ეტოომ ან დიეგო მილიტომ.
კითხვა: ევროპულს ფეხბურთს რაში უნდა წაადგეს ყარაგანდის გუნდის წარმატება?
პასუხი: მაგალითად გამოდგება იმ კლუბებისათვის, რომელთა მფლობელებს ცხვირი მაღლა აქვთ აწეული და დღენიადაგ არარსებულ წინსვლაზე და დიდ პროგრესზე საუბრობენ.
კითხვა: თუკი “შახტიორი” ასეთი ძლიერი გუნდი გამოდგა, მაშინ ქართველები რატომღა განიცდიან ყაზახეთის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში წაგებას? ძლიერთან წაგება რა დიდი უბედურებაა...
პასუხი: ქართველები წარსულით ცხოვრობენ და ჰგონიათ, რომ რაკი საბჭოთა კავშირის დროს, ყარაგანდის გუნდი “W” ლიგაში თამაშობდა, ქართველები კი “ლივერპულს” ამარცხებდნენ - სულ ასე უნდა ყოფილიყო. მაგრამ ეგ არაფერი... ქართველები მარცხს მაინც ადვილად ივიწყებენ. ეს საქმე ყველაზე კარგად გამოსდით.
კითხვა: გვეშველება რამე?
პასუხი: აუცილებლად! ოღონდ მაშინ, როდესაც “ბატეს”, ყარაგანდის “შახტიორისა” და მსგავსი კლუბების წარმატებას ღვარძლით კი არ შევხვდებით, შევეცდებით, რომ კარგი მაგალითებით ვისწავლოთ ჭკუა. მაგალითად, კარგი იქნება, თუკი ქართველი ფეხბურთელები უსახელო ჩემპიონატებში წასვლაზე არ იოცნებებენ და ყოველი გოლისა და საგოლე პასის შემდეგ თავს სუპერვარსკვლავებად არ ჩათვლიან. ქართული საფეხბურთო კლუბების ხელმძღვანელები კი, “ქართველობასა და ერთიანობაზე” მხოლოდ სუფრებზე არ ისაუბრებენ და ამას საქმით დაამტკიცევბენ.
კითხვა: აბა ჩვენ რა ვქნათ? ყაზახებს მივბაძოთ? თან ეს ოხერი ფულიც არა გვაქვს და...
პასუხი: მიბაძვასაც ცოდნა და ნიჭი უნდა. ყველაფერს ფულით მართლა ვერ იყიდი!