სხვა

22:01 | 10.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

კიპლაგატმა ტიტული შეინარჩუნა, ფარამ რევანში აიღო

მოსკოვში დაწყებული მძლეოსნობის მსოფლიო ჩემპიონატის პირველ დღეს მედლების ორი კომპლექტი გათამაშდა – კენიელმა ედნა კიპლაგატმა მარათონში ორი წლის წინ სამხრეთკორეულ დეგუში მოპოვებული მსოფლიო ჩემპიონის ტიტული დაიცვა, ხოლო  სომალიური წარმოშობის ბრიტანელმა სტაიერმა მო ფარამ 10 000 მეტრზე რბენაში ორი წლის წინ ნაშოვნი ვერცხლი ოქროზე გადაცვალა.
33 წლის კიპლაგატი, რომელმაც შარშან ლონდონის ოლიმპიადაზე გრიპის გამო მხოლოდ მე-20 ადგილი დაიკავა, პირველი ქალი გახდა, მარათონში ზედიზედ ორ მსოფლიო პირველობაზე რომ იმარჯვა.
40-კილომეტრიან ნიშნულამდე გარბენს 37 წლის იტალიელი ვალერია სტრანეო ლიდერობდა, თუმცა დისტანციის ბოლოსკენ მან კიპლაგატს წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია და საბოლოოდ ვერცხლის მედალს დასჯერდა.
მესამე ადგილი იაპონელმა კაიოკო ფუკუსიმ დაიკავა.
რაც შეეხება მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონს, ეთიოპელ ტიკი გელანას, მან რბენა 15-კილომეტრიან ნიშნულამდე შეწყვიტა. ამ უკანასკნელს მას შემდეგ აღარ ერბინა, რაც ლონდონის წლევანდელ მარათონზე, 21 აპრილს, ინვალიდის სავარძლით მოასპარეზე მონაწილე დაეჯახა...
კაცთა შორის 10 000 მეტრზე რბენაში მო ფარამ უკანასკნელ წრეზე განხორციელებული უმძლავრესი აჩქარებით სძლია ეთიოპელ იბრაჰიმ ჯეილანს, ვისთანაც წინა მსოფლიო პირველობაზე დამარცხდა.
5 000 მეტრზე რბენაში მსოფლიო ჩემპიონსა და ორივე – 5 000 მ და 10 000 მ - დისტანციაზე შარშანდელი ოლიმპიადის გამარჯვებულს კოლექციაში სწორედ ეს ოქროს მედალი აკლდა.
მისი წლევანდელი ლაღი გარჯის შემხედვარე, მას მოსკოვში არც 5 000 მეტრზე მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის დაცვა უნდა გაუჭირდეს.
მსოფლიო პირველობა 18 აგვისტომდე გასტანს. ხვალ – 11 აგვისტოს – იქ მედლების ექვსი კომპლექტი გათამაშდება: კაცებში ათჭიდში, 20 კილომეტრზე სპორტულ სიარულსა და 100 მეტრზე რბენაში, ქალებში ბადროს ტყორცნაში, სიგრძეზე ხტომასა და 10 000 მეტრზე რბენაში.

მძლეოსნობა. მსოფლიო ჩემპიონატი. მოსკოვი. რუსეთი
10 აგვისტო
კაცები
10 000 მ
1. მო ფარა (ბრიტანეთი) 27.21,71
2. იბრაჰიმ ჯეილანი (ეთიოპია) 27.22,23
3. პოლ კიპნგეტიჩ ტენუი (კენია) 27.22,61

ქალები
მარათონი
1. ედნა კიპლაგატი (კენია) 2:25.44
2. ვალერია სტრანეო (იტალია) 2:25.58
3. კაიოკო ფუკუსი (იაპონია) 2:27.45

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.120115