გულშემატკივრის სვეტი

10:20 | 23.01.2012 | ნანახია [] - ჯერ

კიდევ ერთხელ - დომინოში მსოფლიოს ჩემპიონატზე

გასული წლის ერთ-ერთ ყველაზე სახალისო და ღიმილისმომგვრელ სპორტულ ამბად, ჩემის აზრით, სოხუმში გამართული ე.წ. დომინოს მსოფლიოს ჩემპიონატი უნდა ჩაითვალოს. ეს ამბავი ჯერ კიდევ ზაფხულში გამცნეთ და ისიც ვთქვით, რომ ასეთი უცნაური ტურნირები მხოლოდ და მხოლოდ ღიმილს თუ იმსახურებს. მაშ რატომ გაგვახსენდა კიდევ ერთხელ ეს არაფრისმთქმელი და მე ვიტყოდი, სულელური “ჩემპიონატი”?
ცოტა ხნის წინათ, ინტერნეტში აფხაზი ბიჭი გავიცანი. როგორი აფხაზი იცით? მთელი ცხოვრება სოჭში, ქართველების გვერდით რომ გაიზარდა და დღეს აფხაზეთში სამუშაოდ რომაა ჩასული. ამ ბიჭსა და მის მეგობარს სოხუმში პატარა ლუდხანა აქვთ გახსნილი. პროდუქცია, რა თქმა უნდა, რუსეთიდან შეაქვთ და მოკლედ, იმდენს კი შოულობენ, რომ თავი თავისუფლად გაიტანონ. ჰოდა, აი რას ჰყვება ეს კაცი სოხუმში გამართულ დომინოს ჩემპიონატზე: ”ჩემპიონატის ჩატარებამდე 3 თვით ადრე, მილიციელები მანქანებით ქუჩებში დადიოდნენ და მეგაფონებით აცხადებდნენ - დომინოში მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება და ყველანი მოდითო.
ამის შემდეგ, ტურნირის დასაწყებად დათქმული დრო სამჯერ შეიცვალა. ხან მოთამაშეები ვერ ჩამოვიდნენ სხვა ქალაქიდან, ხან ამინდები არ იყო (ტურნირი, ზღვის პირას, ღია ცის ქვეშ უნდა გამართულიყო) და მოკლედ, ორგანიზატორებმა მაგრად იწვალეს.
ბოლოს, როდესაც ჩემპიონატის დაწყებას დაადგა საშველი და პირველი დღის თამაშები გაიმართა, საღამოს მთელს ქალაქში შუქი გამოირთო და სტუმრებს სანთლის შუქზე მოუწიათ ვახშმობა”.
როგორც ეს კაცი ამბობს, მის მეგობრებსაც სურდათ დომინოს ჩემიონატში მონაწილეობა, მაგრამ ორგანიზატორებმა უარი უთხრეს, რადგან შესარჩევი ეტაპი არ ჰქონდათ გავლილი. ეს მაშინ, როცა აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების წევრებსა და პარლამენტარებს (რომლებიც ტურნირზე მაშინ მიდიოდნენ, როცა გაუხარდებოდათ) მსგავსი პრობლემები, რასაკვირველია, არ შეხებიათ.
გარდა ამისა, ვერავინ გაიგო ზუსტად, რამდენი იყო გამარჯვებული მოთამაშეებისათვის (როგორც წყვილებში, ასევე ინდივიდუალურად) დაწესებული საპრიზო თანხა. თავიდან 10 ათას ამერიკულ დოლარს ასახელებდნენ, თუმცა, ერთ-ერთი სოხუმელი გამარჯვებული შემდეგ ჩიოდა, რომ მას მხოლოდ 2 ათასი დოლარი მისცეს და ისიც მხოლოდ მაშინ, როდესაც ოფიციალურად იჩივლა – მოვიგე და კუთვნილ ფულს არ მაძლევენო.
ცალკე სასაუბროა “დომინოში მსოფლიოს ჩემპიონატის” მონაწილეებზე, რომლებიც ვინ და რა ჯურის ხალხი იყვნენ, ეს ბევრმა სოხუმელმა დღემდე ვერ გაარკვია. “ვინც ჩამოვიდნენ, ძირითადად სულ რუსები იყვნენ. 2 კაცი იყო ბელარუსიდან და ერთი მოლდოვადან. არ ვიცი, ვინ შეარჩია ისინი, მაგრამ ჩვენებმა (”ჩვენებში”, ალბათ, სოხუმელები იგულისხმება – რედ.), ვინც მართლა კარგად იცოდა თამაში, ტურნირის პირველ დღეს ყველას იოლად მოუგეს, მაგრამ შემდეგ უკვე რაღაც მოხდა და საბოლოოდ, მაინც რუსებმა გაიმარჯვეს. მხოლოდ ერთ სოხუმელს მისცეს საპრიზო ადგილი”, – სწუხს ერთ-ერთი აფხაზი რუსულენოვან ინტერნეტ-ფორუმზე.
რაც შეეხება ნაცნობ აფხაზ ბიჭს... ის ამბობს, რომ გამარჯვებულთა ვინაობა ხალხისათვის ცნობილი მხოლოდ მაშინ გახდა, როდესაც ტურნირი რამდენიმე დღის დასრულებული იყო. “მართლაც რომ უცნაურია, რატომ გახდა საჭირო ამდენი ხნის ფიქრი და ანგარიში გამარჯვებულების გამოსავლენად. სპორტში გამარჯვებულის გამოვლენა ხომ ძალიან მარტივად, მიღწეული შედეგის მიხედვით უნდა ხდებოდეს...“ - უკვირდა მას.
მოკლედ, როგორც ნავარაუდევი იყო, სეპარატისტულმა და არაღიარებულმა ტურნირმა ვერ გაამართლა. თუმცა, ამაში ჩვენთვის გასახარს ვერაფერს ვხედავთ. უბრალოდ, აუცილებელი აღნიშვნის ღირსია ის, რომ ასეთი ტიპის ტურნირები დადებითად ნამდვილად არ აისახება საქართველოს, როგორც სპორტული ქვეყნის იმიჯზე. აფხაზეთი ცივილიზებული მსოფლიოს თვალში საქართველოს განუყოფელი და რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ნაწილია. შენს მიწაზე როდესაც ასეთი სულელური ფსევდოჩემპიონატები იმართება, კარგი სულაც არ უნდა იყოს...
დაბოლოს - არ დაგიმალავთ და ძალიან გამიხარდა, როდესაც მეგობრის დახმარებით, სრულიად შემთხვევით, ზემოაღწერილი ტურნირის ამსახველი 3 ფოტოსურათი მოვიძიე. საქართველოში, ალბათ, ბევრს აინტერესებს, თუ რა ხდება იმ ტერიტორიაზე, სადაც შესვლა ბოლო ოცწლეულის ოცნებად გვექცა. ამ 3 ფოტოდანაც მიხვდებით, რომ აფხაზეთსში სპორტს ნამდვილი პატრონი მართლაც სჭირდება. ჰოდა, მჯერა, რომ აფხაზეთს საქართველოს სახით ნამდვილი პატრონი აუცილებლად ეყოლება და ეს იმაზე ადრე მოხდება, ვიდრე ჩვენ გვგონია!
 

ლევან სეფისკვერაძე

0.147708