ქართული სპორტის მატეანეს თუ გადავხედავთ, არაერთ შემთხვევას გადავაწყდებით, როდესაც დიდი წარმატებებისათვის უმრწმესი ასაკის სპორტსმენებს – ხშირ შემთხვევაში სკოლის მოსწავლეებს მიუღწევიათ. სპორტული განათლების სპეციალისტების აზრით, ამის მიზეზი კონკრეტულ საჯარო სკოლებში სპორტული განათლების მაღალი ხარისხი იყო, რადგან ახალგაზრდა სპორტსმენებმა საბაზისო სპორტული განათლება სწორედ სკოლაში უნდა მიიღონ. დღეს, სპორტის სწავლების კუთხით, სათანადო დონეზე მდგომი სკოლების რიცხვი საქართველოში სამწუხაროდ ძალიან მცირეა. მსოფლიო გამოცდილება და მაგალითები კი გვაჩვენებს, რომ მოზარდისათვის სპორტის გაკვეთილებს მართლაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
ბევრი ფიქრობს, რომ ავსტრიის მაგალითია ჩვენთვის ძალიან საინტერესო. ავსტრიაში ჩვეულებრივი სახელმწიფო სკოლების გარდა, სპორტული სკოლებისა და ინტერნატების ფართო ქსელია გაშლილი. ავსტრიაში ბავშვებს განსაკუთრებით ზამთრის სახეობებში ავარჯიშებენ და ზამთრის ოლიმპიადებზე, ამ ქვეყნის ასეთი მაღალი შედეგებიც, სწორედ სპორტის სწავლების მაღალი ხარისხიდან გამომდინარეობს. ზამთრის სახეობები რასაკვირველია ჩვენთანაც აქტიურად უნდა ისწავლებოდეს, მაგრამ, ალბათ მაინც, საქართველსოათვის ტრადიციულ სახეობებზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი. ეს სახეობებია: ძიუდო, ჭიდაობა, ფეხბურთი, რაგბი, კალათბურთი და სხვა... მოგეხსენებათ, ავსტრია საქართველოს მსგავსად პატარა ქვეყანაა, მაგრამ იქ უკვე იმდენს მიაღწიეს, რომ ავსტრიელი სპორტსმენები მრავალ სახეობაში ყველასათვის ანგარიშგასაწევ ძალად ითვლებიან. ვფიქრობ, რომ ჩვენც სწორედ ამისაკენ უნდა ავიღოთ გეზი.
ქართულ საჯარო სკოლებში სპორტის სწავლების როლი და მნიშვნელობა, სამწუხაროდ ძალზედ დაკნინებულია და ამ პრობლემის მოსაგვარებლად, მხოლოდ სპორტის მასწავლებლების მომზადება–გადამზადება არ კმარა. საბჭოთა კავშირისაგან განსხვავებით, ახალ ქართულ სახელმწიფოს არ გააჩნია, ახალგაზრდობის სპორტული აღზრდის გეგმა და სტრატეგია. მსგავსი სტრატეგიით მწვრთნელებსა და სპორტის მასწავლებელებს ზუსტად ეცოდინებოდათ, რა შედეგები სჭირდება ქვეყანას და რა უნდა იყოს ბავშვისათვის მინიმალური სპორტული მონაცემების ზღვარი.
ძალიან მნიშვნელოვანია, სპორტის სწავლებისას ზუსტი და სწორად გათვლილი სტანდარტების დაწესება. საბჭოთა კავშირის დროს, სპორტის მასწავლებლებს განათლების სამინისტროსგან დავალებული ჰქონდათ, საშუალოდ რა მანძილებზე უნდა ერბინათ მოზარდებს, რა მანძილზე უნდა გადამხტარიყვნენ ქვიშაში, რამდენი აზიდვა უნდა გაეკეთებინათ ტურნიკზე და სხვა... ეს იყო ყველაზე მინიმალური ზღვარი, რისი გადალახვაც ნებისმიერ ბავშვს, მცირედი მონდომების შემდეგ შეეძლო კონკრეტულ ასაკში. ახლა ასეთი ნორმები სამწუხაროდ, ბევრმა სპორტის მასწავლებელმა არ იცის და ხშირად ყველაფერი მათ სურვილზეა დამოკიდებული.
რა თქმა უნდა, ყველა მოზარდს ერთნაირი მონაცემები ვერ ექნება. თუმცა, რაღაც საშუალო დონე უნდა იყოს განსაზღვრული. ახლა ერთ სამწუხარო რამეს გეტყვით... რომ დააჯამოთ, მაგალითად 80–იან და 90–იან წლებში დაბადებულთა სპორტული მაჩვენებლები, სამწუხარო შედეგებს მიიღებთ. აშკარაა, რომ ყოველი მომდევნო თაობა, ჩვენს ქვეყანაში მთლიანობაში უფრო ცუდ სპორტულ შედეგებს უჩვენებს (სირბილში, გამძლეობაში, ხტომაში და სხვა...) ვიდრე წინა. არც 2000–იანების თაობაა უკეთესი. რა თქმა უნდა, ეს თაობა უფრო ბევრ რამეში ერკვევა, უფრო კარგად იცის კომპიუტერული ტექნიკა, უფრო მიხვედრილია ბევრ საკითხში, მაგრამ რაც შეეხება სპორტს, ამ სფეროში სახარბიელო მონაცემები არ აქვთ. არადა, სრულიად სხვა მდგომარეობაა ევროპაში, სადაც მოზარდების ზოგადი მაჩვენებლები წლიდან–წლამდე უმჯობესდება.
ჩვენი ჭაბუკები სასკოლო ასაკში ძალიან კარგად ასპარეზობენ, ბევრ ტიტულსაც იგებენ, მაგრამ მიაღწევენ კრიტიკულ ასაკამდე და 17–18 წლისები, უკვე ვეღარაფერს აკეთებენ. ეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ არასწორი ფიზიკური აღზრდის გამო, ჩვენი ბავშვები კონკურენციას ვეღარ უწევენ უცხოელ თანატოლებს, რომლებიც ბავშვობიდანვე მთელი დატვირთვით ემზადებიან და ჭაბუკობისას უკვე დიდ ტალანტებად გვევლინებიან. სწორედ აქედან მოდის ქართველი სპორტსმენის შესახებ წარმოდგენები. უცხოელებმა იციან, რომ ქართველი ტექნიკურია, მაგრამ ფიზიკურად სუსტია და მისი “დაჩაგვრა“ უშუალო შერკინებების დროს (თუნდაც სათამაშო სახეობებში) ყოველთვის შეიძლება.
უცხოეთის ზოგიერთ ქვეყანაში, სახელმწიფო სპეციალურ პროგრამებს ახორციელებს, რომლის მიხედვითაც, სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, ცნობილი სპორტსმენები სკოლებში მასწავლებლებად მიდიან. რამდენად გაამართლებს ეს პროექტი საქართველოში, ჯერ რა თქმა უნდა არავინ იცის, თუმცა იდეის დონეზე, ქართველი სპორტის სპეციალისტები მსგავს პროქტს განიხილავენ და უკვე ბევრი მხარდამჭერიც ჰყავთ.
როდესაც უკანასკნელ ზაფხულის ოლიმპიადაზე, ლონდონში, ოქროს მედალოსანი 20 წლის ქართველი ძიუდოისტი, ლაშა შავდათუაშვილი გახდა, სააგენტო “როიტერის“ ბრიტანელ ჟურნალისტს უთქვამს:“ თქვენს პატარა ქვეყნაში იმდენი ცნობილი მოჭიდავე გაიზარდა, ქართველი ბავშვები ალბათ ჭიდაობის მეტს არაფერს აკეთებენო“. ბრიტანელი ჟურნალისტის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა როდესაც გაიგო, რომ საქართველოში სულ რამდენიმე ჭიდაობის სკოლაა და მათი ფუნქციონირებაც მცირე ფინანსების გამო, სათანადოდ ვერ ხორციელდება. არადა, მთელს მსოფლიოში ყველა თანხმდება, რომ სპორტი პირველ რიგში ბავშვებზე და მათ მომავალზე დგას!