ფეხბურთი

13:37 | 16.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

კევინ გროსკროიცი: “ნურავინ იჩქარებს წინასწარ “ბაიერნის” ჩემპიონად გამოცხადებას”

25 წლის კევინ გროსკროიცი დორტმუნდის “ბორუსიას” ღირსებას 2009 წლიდან იცავს. გუნდთან ერთად მან ორჯერ გერმანიის ჩემპიონობა მოიპოვა, წლეულს ქვეყნის სუპერთასს დაეუფლა, შარშან ალემანთა თასი მოიგო, გასულ მაისს კი ჩემპიონთა ლიგის ფინალში იასპარეზა. დორტმუნდელთა უკანახაზელი ახალ სეზონშიც წარმატებულ გამოსვლას გეგმავს და “ბაიერნისთვის” სერიოზული კონკურენციის გაწევას აპირებს.

 - ბუნდესლიგაში ყველაზე უნივერსალურ ფეხბურთელად ითვლებით. გასულ სეზონში მეკარის პოზიციაზეც კი ითამაშეთ, ასპარეზობდით, დაცვის მარცხენა ფლანგზე, ნახევარდაცვაში, ამჟამად მარჯვენა უკანახაზელი ხართ? ერთი სიტყვით, მინდორზე ლამის ყველა ფუნქციის შესრულება შეგიძლიათ. იურგენ კლოპის შესაცვლელადაც ხომ არ ემზადებით?

- ჩვენი მწვრთნელი მასზე მინდობილ საქმეს ბრწყინვალედ უძღვება და ჩემი დამრიგებლობის აუცილებლობა ნამდვილად არაა. მე დამრიგებლის იდეების გამტარებელი ვარ და მზად ვარ, კლოპის ნებისმიერი დავალება შევასრულო. ისე კი, მინდორზე ტაქტიკური აზროვნება მაქვს და ინტუიციით ვგრძნობ, რომელ ეპიზოდში როგორ უნდა მოვიქცე. არ მიჭირს ახალი ამპლუის გათავისება. თუმცა, დაცვის მარჯვენა ფლანგზე გამოსვლის წინ კარგა ხნის განმავლობაში ვემზადებოდი.

- გასულ სეზონში საკუთარ მინდორზე გაუთვალისწინებელი ქულები დაკარგეთ. წლეულს ამას თავიდან აიცილებთ?

- დაცვაში დაშვებული შეცდომების ძირეული ანალიზი გავაკეთეთ შინ ნებისმიერ მეტოქესთან მხოლოდ 3 ქულა დაგვაკმაყოფილებს. “ვესტფალენშტადიონი” ჩვენი ციხესიმაგრეა და მის ტრიბუნებზე თავშეყრილმა გულშემატკივარმა ორჯერ ჩემპიონობის მოპოვების საქმეში დიდი დახმარება გაგვიწია.

- რა შეფასებას მისცემთ გუნდის ახალწვეულებს მხითარიანს, ობამეანგს, სოკრატისს?

- აუბა მკვირცხლია და ტექნიკური, რაც აუგსბურგში ჩატარებულ შეხვედრაში კიდევ ერთხელ დაამტკიცა. მიკი მშვენიერი ფეხბურთელია. მას გოლების გატანაც შეუძლია და პარტნიორებისთვის მეტად ხელსაყრელი გადაცემების შესრულებაც. სოკრატისი მეტად თავდაჯერებული მოთამაშეა და განსაკუთრებით ძლიერი ორთაბრძოლების დროსაა. ერთი სიტყვით, სამივე ახალწვეული მაღალი დონის ფეხბურთელია.

- ჩემპიონთა ლიგის ფინალის მსვლელობისას ტრავმა მიიღეთ, რის გამოც სანაკრებო მატჩს დააკელით. ბუნდესნაკრების ბოლო ტესტ-მატჩისთვის კი იოაჰიმ ლიოვმა არ გამოგიძახათ. ნაკრებში დაბრუნებას მიზნად თუ ისახავთ?

- ცხადია, სანაკრებო დონეზე რეგულარულად თამაში მსურს. კლუბს დასახული ამოცანების გადაჭრაში დავეხმარები, თავს კარგი ასპარეზობით გამოვიჩენ და ამ შემთხვევაში ნაკრების მწვრთნელთა თვალთახედვის არეალში მოვხვდები. ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული.

- გასულ სეზონში საბოლოოდ მიუნხენის “ბაიერნს” 25 ქულით ჩამორჩით. მომავალ სეზონში ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ბავარიელებს მძაფრ კონკურენციას გაუწევთ?

- დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. მიუნხენელები ქულათა ასეთი დიდი უპირატესობით ნამდვილად ვერ გაგვისწრებენ. ზემოთაც ვახსენე, დაცვაში უფრო მოწესრიგებულად რომ ვითამაშებთ. ჩვენი ასპარეზობის ერთ-ერთი დამახასიათებელი შტრიხი კონტრპრესინგი გახდება.

- ამის თქმის საფუძველს ისიც ხომ არ გაძლევთ, გერმანიის სუპერთასზე “ბაიერნს” რომ მოუგეთ?

- ბავარიელებთან ურთიერთდაპირისპირებისას მათი ძლევა ნამდვილად შეგვიძლია, მაგრამ ხანგრძლივი სატურნირო დისტანციაზე მათ უპირატესობა აქვთ. მიუნხენელებს ძლიერი შემადგენლობა და გრძელი სათადარიგოთა სკამი ფავორიტის სტატუსს ანიჭებს. ამის მიუხედავად, ნურავინ იჩქარებს წინასწარ “ბაიერნის” ჩემპიონად გამოცხადებას.

- ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე შესაძლოა კვლავ “სიკვდილის ჯგუფში” მოხვდეთ...

- ჩვენ ამის არ გვეშინია და ნებისმიერ მოწინააღმდეგესთან საბრძოლველად მზად ვართ.

- ყველაზე მეტად რომელი კლუბი მოგწონთ?

- “სელტიკი”. ამ გუნდის თამაში მომწონს, გლაზგოში ყოფნისას კი მისი გულშემატკივრებითაც მოვიხიბლე. ამ გუნდის ირგვლივ მართლაც განსაკუთრებული ატმოსფეროა.

0.120447