ფეხბურთი

14:12 | 24.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

კევინ გროსკროიცი: “აუტსაიდერის როლი ძალიან მომწონს”

მიუნხენის “ბაიერნთან” გასამართი ჩემპიონთა ლიგის ფინალი, დორტმუნდის “ბორუსიას” ნახევარმცველ კევინ გროსკროიცისთვის მისი განვლილი კარიერის აპოგეა იქნება. 24 წლის ფეხბურთელმა ინტერვიუ გერმანულ გამოცემა Bild-ს მისცა და ფინალური მატჩის მოლოდინის გარდა, სანაკრებო კარიერაზე და საკუთარ მომავალზე ისაუბრა.

-       უკვე გაათვითცნობიერეთ, რომ გიოტცე ფინალში არ იქნება?

-       ეს ძალიან სამწუხაროა. მარიო მართლა ადამიანურად მეცოდება. წინა სეზონში მან უკვე გამოტოვა ფინალური მატჩი გერმანიის თასზე იმავე “ბაიერნთან”, მაგრამ ჩვენ მის გარეშეც ვიმარჯვეთ.

-       შეძლებთ იგივეს გამეორებას?

-       ამ ჯერზე ჩვენ აუტსაიდერები ვართ. პირადად მე ეს როლი ძალიან მომწონს, რადგან ზუსტად ვიცი, რისი გაკეთება შეგვიძლია.

-       ეს ბრძოლაში გამოწვევას ჰგავს...

-       და ეს ბუნებრივია, რადგან თასის მოგება ჩვენც გვინდა. ის იქნება უდიდესი მიღწევა ჩვენთვის და ჩვენი გულშემატკივრებისთვის.

-       ისევე, როგორც 1997 წელს, როდესაც ფინალში “იუვენტუსი” 3:1 დაამარცხეთ.

-       და ამ დროს მე იქ ვიყავი. მაშინ 9 წლის ვიყავი და მიუნხენში თამაშის ცოცხლად საყურებლად მამასთან ერთად წავედი. დაუვიწყარი განცდა იყო.

-       გიოტცეს ტრავმის ფონზე სასტარტო შემადგენლობაში იქნებით?

-       არ ვიცი, მწვრთბელთან ამის თაობაზე ჯერ არ მისაუბრია. ნებისმიერ შემთხვევაში მოუთმენლად ველი გრანდიოზულ ფინალს.

-       რას გააკეთებთ ამის შემდეგ?

-       თუ გავიმარჯვეთ ძალიან მაგრად აღვნიშნავთ.

-       ის ფაქტი, რომ ნაკრებთან შესაერთებლად ამერიკაში მოგიწევთ გადაფრენა უხერხულობას არ გიქმნით?

-       ამერიკაში ხუთშაბათს დილით უნდა გავფრინდე და მანამდე გამარჯვების აღსანიშნავად საკმარისზე მეტი დრო დამრჩება.

-       ნაკრებში ბოლოს 2 წელზე მეტი ხნის წინ დაგიძახეს. თავს “დროებით სანაკრებო მოთამაშედ” ხომ არ გრძნობთ?

-       არა, ამ ახალმა შანსმა ძალიან გამახარა.

-       უარის თქმაზე ხომ არ დაფიქრებულხართ?

-       არა, ჩემთვის დიდი პატივია ქვეყნის სახელით თამაში და ამით ძლიერ ვამაყობ.

-       ნაკრების მთავარ მწვრთნელ ლიოვს ხომ არ უტქვამს თქვენთვის რატომ არ გიძახებდათ ნაკრებში ამდენ ხანს?

-       მან პირადად დამირეკა და მაცნობა, რომ გამოძახებული ვიყავი. წარსულზეც ვისაუბრეთ და ყველაფერი რიგზეა...

-       ეს როგორ გავიგოთ?

-       მე მხოლოდ წინ ვიყურები. მწვრთნელმა გარანტია მომცა, რომ ამერიკაში საკმარისი სათამაშო დრო მექნება და თუ ჩემი ხარისხი დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა, გამოძახების იმედი მომავალშიც უნდა მქონდეს.

0.124756