ფეხბურთი

12:37 | 14.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მადრიდში – ბეილი რონალდუს ძლივს გადაურჩა

პარასკევ საღამოს პლანეტის ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელ გარეტ ბეილს მადრიდის “რეალში” ნამდვილი დებიუტი ჰქონდა, სადაც ახლოდან გაიცნო “კაცი-ნაჯახი” კრიშტიანუ რონალდუ. პორტუგალიელი ხისტი, უხეშობის ზღვრამდე მისული თამაშით  “მანჩესტერ იუნაიტედში” გამოირჩეოდა, ესპანეთში ეს თითქოს შეიცვალა, მაგრამ პირველსავე ვარჯიშზე რონალდუ ბეილს, რომელსაც ტრავმა ახალი მოშუშებული აქვს, “თავს დაესხა” და უელსელი დაზიანებას სასწაულად გადაურჩა.

“სამეფო კლუბის” ახალი 11 ნომერი, ალბათ მადრიდში სულ სხვაგვარ დახვედრას ელოდა. ტრადიციული მისალმების შემდეგ, გახურების პროცესში რონალდუ ვარდნაში ორი ფეხით შევიდა ბეილის მარჯვენა ტერფში. ეს რომ ჩვეულებრივი თამაშისას მომხდარიტო, პორტუგალიელი გაფრთხილებას ვერ გადაურჩებოდა. უელსელის მიმართ სიხისტეს არც ლუკა მოდრიჩი მოერიდა, რომელიც წლების წინ ბეილის მხარდამხარ “ტოტენჰემში” თამაშობდა და გაჩნდა ეჭვი, რომ “სამეფო კლუბის” აღიარებული ვარსკვლავები 24 წლის ფეხბურთელში კონკურენტს ხედავენ.

პირველ ვარჯიშზე გარეტი ტრავმას გადაურჩა. გუნდის მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი მისი ფიზიკური მდგომარეობით კმაყოფილია და არ გამორიცხავს, რომ კვირას ბეილი “ვილიარელთან” მატჩში ათამაშოს და ამავდროულად, არც რონალდუს მოუწიოს სათადარიგოთა სკამზე დარჩენა.

“ბეილს შეუძლია მარჯვენა ფლანგზე ითამაშოს. ის და რონალდუ დიდებული ფეხბურთელები არიან და მათ კარგად ძალუძთ მხარდამხარ თამაში. ყველასათვის ცნობილია, რომ გარეტს სეზონის დასაწყისში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ამჟამად მისი მდგომარეობა დადებითად ფასდება და აუცილებლად ითამაშებს, მაგრამ ჯერ არ გადამიწყვეტია, სასტარტო შემადგენლობაში დავაყენებ მას თუ არა. ის მაქსიმალურად მოტივირებულია და სურს, რომ მოედანზე რაც შეიძლება მალე გავიდეს. ბეილს ბიჭებთან ფანტასტიური ურთიერთობა ჩამოუყალიბდა და გუნდში თავს კომფორტულად გრძნობს” - განაცხადა ანჩელოტიმ.

 

0.160475