ავსტრალიის ღია პირველობის მოქმედი ჩემპიონები სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი და ბელარუსი ვიკტორია აზარენკა წლევანდელ ტურნირზე მეორე ნომრებად არიან განთესილები. მელბურნში ჩატარებული კენჭისყრის შედეგად “ნოლე” ტიტულის დაცვას სლოვაკ ლუკაშ ლაცკოსთან მატჩით დაიწყებს, ვიკა კი სასტარტო შეხვედრაში შვედ იუჰანა ლარსონს დაუპირისპირდება.
წლის პირველი სადიდსლემო შეჯიბრებაზე პირველ ნომრებად განთესილებს რაც შეეხება, რაფა ნადალსა და სერენა უილიამსს კორტის მასპინძლებთან მოუწევთ პაექრობა. რაფა ბერნარდ ტომიჩს შეხვდება, ხოლო სერენა უილიამსის სასტარტო მოწინააღმდეგე ეშლი ბარტია. ქალთა ტურნირზე მესამე ნომრად განთესილი რუსი მარია შარაპოვა ავსტრალიის ღია პირველობას ამერიკელ ბეტანი მატეკ-სენდსთან ორთაბრძოლით დაიწყებს.
შეგახსენებთ, შარშან სეზონის დიდი სლემის პირველი ტურნირის ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩმა შოტლანდიელ ენდი მარეის 6:7, 7:6, 6:3, 6:2 მოუგო, აზარენკამ კი ჩინელ ნა ლის 4:6, 6:4, 6:3 სძლია.