ინტერვიუები

10:58 | 21.03.2010 | ნანახია [] - ჯერ

კახი კარანაძე: "მიზანი და სტრატეგია - ახალგაზრდული გუნდის ჩამოყალიბება"

თვენახევარია, რაც ზამთრის შესვენების შემდეგ ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატი განახლდა და ს/კ “გაგრამ” პირველი ქულა გასულ პარასკევს ცხინვალის “სპარტაკთან” (0:0) მოიპოვა. გაგრელებს კიდევ “პატარა” ანტირეკორდი აქვთ დასამხობი - ამ გუნდის მოუგებელი სერია 8 ნოემბრიდან (ამ დღეს “გაგრამ” “ბაია” 1:0 დაამარცხა) დღემდე გრძელდება და სულ 12 მატჩს ითვლის. აღნიშნული მოვლენების თავშიც და ბოლოშიც, გუნდის ახლანდელი თავკაცი კახი კარანაძე გახლდათ - ერთადერთი სხვაობით, ბოლო მოგებისას იგი სამწვრთნელო შტაბის დე-იურე უფროსი იყო, თორემ რეალური ხელმძღვანელი უკრაინელი სპეციალისტი ვიქტორ კაშჩეი გახლდათ.
კახი კარანაძეს “მსოფლიო სპორტი” ცხინვალელებთან გორში მიღწეული საპატიო შედეგის შემდეგ დაუკავშირდა.

- ბატონო კახი, ასეთი ჩავარდნა “გაგრას”, რაც უმაღლეს ლიგაში თამაშობს, არ ჰქონია.    
- გეთანხმებით, მაგრამ ობიექტური მიზეზებიც გვაქვს. რაც ჩემპიონატი გაგრძელდა, არ ვამბობ ვთქვათ “ზესტაფონთან” და “დინამოსთან” (ორივე მატჩი გუნდმა 1:4 წააგო - რედ.), მაგრამ რაღაც ფორტუნამ გვაქცია ზურგი - ჩვენს კარებში ისეთი ბურთები გადის და ჩვენ ისეთებს ვერ ვაგდებთ... უიღბლობას ისიც დაემატა, რომ წინ გაბედავა აღარ გვყავს.
- ლევან შარიქაძე ახლახან დააბრუნეთ მინდორზე. არადა, მოედნის შუახაზში ეს ფეხბურთელი საკმაოდ შრომატევად სამუშაოს ასრულებდა.
- მას სერიოზული ტრავმა ჰქონდა, იგი ვერც თურქულ შეკრებაზე წამოვიდა - წელის დისკი აწუხებდა. ამას გარდა, თურქეთიდან უკან ჩამოვედით თუ არა, შემტევ ნახევარმცველ კობერიძეს ფეხი ეტკინა, გაბედავა უკრაინაში წავიდა. დანარჩენმა კონტინგენტმა (ვინც ჩვენთან ემზადებოდა და იძულებული ვიყავით დაგვეტოვებინა, ზოგიერთის გამოკლებით), პრაქტიკულად ვერ გაამართლა.
მოგეხსენებათ, “გაგრას” აქცენტი ახალგაზრდებზე აქვს გაკეთებული. თუ დააკვირდებით ჩვენს გუნდს, თამაში საკმაოდ გამოუცდელ ფეხბურთელებს უწევთ - 1993-ანია ცოტნე ხარაბაძე, 1992-ანი - ნოშრევან ჯიშკარიანი, თორნიკე ოქრიაშვილი, 1991-ანი - ჭაავა, გედენიძე, მოსიაშვილი, 1990-ანი - შალიკაშვილები, ნიკა ჯიშკარიანი.
- ახლანდელი შედეგებით, ისეთი მდგომარეობაა, ალბათ, უმაღლეს ლიგაში ადგილს ვერ შეინარჩუნებთ. რა მოხდება მერე - ამ თაობის ზრდისთვის საქართველოს უმაღლეს ლიგაში ყოფნაა აუცილებელი, თუ ისინი პირველ ლიგის “ცხრილსაც” გაივლიან?
- იცით, როცა ჩვენს პრეზიდენტ ბესო ჩიხრაძესთან მქონდა საუბარი, აღნიშნა, რომ მისი მიმართულებაა აქცენტის ახალგაზრდებზე გაკეთება. მე კი ვუთხარი, რომ თუნდაც საქართველოს უმაღლეს ლიგაში, თუ 4-5 ისეთ გამოცდილ ფეხბურთელს ვერ მოვიყვანდი, რომლებსაც გუნდის ჭაპანის გაწევა შეეძლებათ, ამ ახალგაზრდული კონტინგენტით ადგილის შენარჩუნება კი არა, ქულის აღებაც გაგვიჭირდება-მეთქი. არა უშავს, იყოს როგორც იქნებაო - იყო პასუხი. ვინაიდან, სტრატეგია და მიზანი ისეთია, რომ ახალგაზრდული გუნდი უნდა ჩამოყალიბდეს, მაშინ ამას დრო დასჭირდება. შეიძლება ისეც მოხდეს, ჩვენ გავვარდეთ პირველ ლიგაში.
- კი, ყალიბდება ეს გუნდი, მაგრამ კლუბის სტრატეგიაში ისე ჩანს, რომ ვინმე პატარა “წამოიჩიტება” თუ არა, გაბედავას და თოთაძის მაგალითზე, მაშინვე უცხოეთში ასხვისებენ. ჩანს, რომ პრეზიდენტი ამ გუნდის ჩამოყალიბებას ბიზნესის კუთხით უყურებს და უმაღლეს ლიგაში ყოფნა  მხოლოდ ამ მიზნისთვის გამოიყენება.
- ჩვენ ამაზეც საუბარი გვქონდა და შევთანხმდით - როცა წამოვლენ ახალგაზრდები, მათი სახით ჩამოყალიბდეს ეს გუნდი და მათთან ერთად რამე შედეგს მივაღწიოთ. მერე შეიძლება ვიფიქროთ, მათ გასხვისებაზე.        ჩემი აზრით, უაზრობაა 17-18 წლის ბავშვების წასვლა საზღვარგარეთ - ჯერ აქ უნდა ითამაშოს და დაამტკიცოს, რა შეუძლია - მოხვდეს საქართველოს რომელიმე ასაკბრივ ნაკრებში და მერე შესაძლებელია უკეთესი დონის ჩემპიონატში წასვლა.
- თქვენგან “ოლიმპში” აღმოჩნდა დავით გიგაური. მასზე შეგნებულად თქვით უარი, თუ ფეხბურთელმა არ ისურვა დარჩენა.
- ამ ფეხბურთელს წონის პრობლემა ჰქონდა და მცველი, რომელიც 90 კილოგრამს იწონის, ჩემი აზრით, ვერ ითამაშებს. ყველაფრის მიუხედავად, როცა ფეხბურთელს 6-7 კილოგრამი ზედმეტი წონა აქვს, მისგან სრულფასოვანი თამაშის ჩვენება ცოტა ძნელია. თავის გამოსავლენად რამდენიმე თამაშიც ჩავატარებინეთ, მაგრამ თურქულ შეკრებაზე გამოჩნდა, რომ ზედმეტი წონა მას ხელს უშლიდა. ასეთი შეკრებები იმითაა კარგი, რომ უცხოურ კლუბებთან შეხვედრებში უცებ ჩნდება ჩვენი უარყოფითი მხარეები. აქ ვითომ რაღაც ჰგონია ფეხბურთელს თავი, იქ შეხვდები უკრაინის საშუალო დონის გუნდს და უცებ გადაულახავ ბარიერს აწყდები.
- ბოლოს, უმაღლეს ლიგაში “გაგრას” დარჩენის შანსებსაც შევეხოთ.
- საერთოდ არ მიყვარს მსაჯებზე პრეტენზიების თქმა, მათთან ერთადაც მიმუშავია, ბევრს პატივსაც ვცემ, მაგრამ რამდენიმე მათგანს ცოტა მეტი კვალიფიციურობა რომ გამოეჩინა ჩვენი თამაშის მსაჯობისას, კარგი იქნებოდა - თუნდაც სამტრედიაში, ზუგდიდში. წარმოიდგინეთ, ერთგან ქულა დაგვაკლდა, მეორეგანაც და ამ ახალგაზრდული გუნდისთვის ფსიქოლოგიურად ძნელია დაკარგულის ანაზღაურება.
- მსაჯების გარდა, განსაკუთრებით ბოლო შეხვედრებში, ალბათ როცა ზოგიერთ გუნდს გადაწყვეტილი ექნება მისი ლოკალური მიზანი, “მონათესავე” მეტოქესთან ბოლომდე არ გამოავლენს საკუთარ შესაძლებლობას. ამის დასანახად ხშირად ინტუიციაც საკმარისია, ზოგჯერ “გამადიდებელი მინაც” ვერაფერს მოგცემს. ზოგიერთი აუტსაიდერის მიერ ლიდერ გუნდებთან მოულოდნელად მოპოვებული ქულების მოლოდინი არ გაქვთ?
- თქვენ მართალს ამბობთ - ასეთი რამ ჩემპიონატის დასრულებამდე 5-6 ტურით ადრე გამოჩნდება.
- თადარიგიანი გუნდები ასეთი ქულების მოგროვებას ახლავე შეუდგნენ - ბოლო ტურებში შეიძლება საქმე მოთავებულიც ექნეთ.
- ესეც მართალია, მაგრამ ცილს დაუსაბუთებლად ვერავის დავწამებ.
- ხომ შესაძლებელია, გულში ფიქრობდეთ და ხმამაღლა იმის გამო ვერ ამბობდეთ, შესაბამისი მტკიცებულება რომ არ გაგაჩნიათ.
- იცით, სანამ პირადად არ შეეჯახები ასეთ პრობლემას, მანამ ასე ზეპირად რამის თქმა ძნელია.
- როგორც ჩანს, “გაგრას” ჯერ ასეთი რამ არ უგვრძნია.
- საქართველოში კი არა, მსოფლიო ფეხბურთში ხდება ასეთი ქვედინებები.
- რომ იცოდეთ, თუ რაიმე ასეთ პრობლემას წააწყდებით, ჩვენი იმედი მისი საჯაროდ გამოქვეყნებაში გქონდეთ.
- თუ მართლაც დაგვჭირდებით, მაშინ პატიოსანი, სპორტული პრინციპებით ბრძოლის იმედი არ უნდა გვქონდეს, უნდა დავანებოთ ფეხბურთს თავი.
- და როგორ ფიქრობთ, უნდა დაანებოთ თავი?
- უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე.

ფრიდონ კერვალიშვილი
მალხაზ ახვლედიანის ფოტო
 

0.118654