ინტერვიუები

9:27 | 2.06.2010 | ნანახია [] - ჯერ

კახა კალაძის ნახევრად პოლიტინტერვიუ

კვლავაც ღიადაა საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნის, კახა კალაძის მომავალი კლუბის საკითხი. კახას სავარაუდო ნავსაყუდელად იმდენი კლუბი დასახელდა, სათვალავი აირია. ის ჯერ იტალიური “მილანის” ფეხბურთელია და როგორც ჩანს, სიტყვა “ჯერ” ზედმეტიცაა – ვრჩებიო, თავად კალაძე ამბობს. გასულ დღეებში, კალაძე კიევში იყო ჩასული და უკრაინულ გამოცემა “კომერსანტს” ინტერვიუ მისცა, სადაც საუბარი არა მარტო ფეხბურთს, პოლიტიკასაც ეხება... ნამდვილად ვერ გეტყვით, რა შეასწორ-შემოასწორა “კომერსანტმა”, მაგრამ ინტერვიუს იმ ნაწილს, სადაც საუბარი პოლიტიკას ეხება, “მსოფლიო სპორტი” სიტყვა-სიტყვით გადმოგცემთ.  
- სეზონი დასრულდა და კიევში ხართ. არის იმის შანსი, რომ ანდრეი შევჩენკოს გზა გაიაროთ? კიევის “დინამოში” დაბრუნებას ვგულისხმობ.
- არა. ჩემთვის ფსიქოლოგიურად მძიმე სეზონი დასრულდა. კიევში და საერთოდ, უკრაინაში ჩამოსვლა მსიმოვნებს. 18 წლის ვიყავი, კიევის “დინამოში” რომ მოვედი და მშვენიერი წლები გავატარე. ჩემთვის უკრაინა მეორე სამშობლოა. აქ მეგობრები მყავს, რომლებსაც ჩემი დანახვა უხარიათ – ისევე, როგორც მე მათი.
- კიევის “დინამოს” ხელმძღვანელობისგან მოწვევა არ მოგსვლიათ?
- სერიოზული საუბარი არ ყოფილა. ჭორი კი იმდენი აგორდა...”მილანთან” კიდევ ერთი წელი დამრჩა კონტრაქტი და ვფიქრობ, ხელშეკრულების ამოწურვამდე იტალიიდან არ წავალ. მერე კი, ვნახოთ...
- “დინამოს” თამაშს თვალს ადევნებთ? რა არ ჰყოფნის გუნდს საიმისოდ, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდეს - როგორც 1999 წელს, როცა თქვენც თამაშობდით აქ?
- გასულ წელს “დინამოს” თამაშები ვნახე ჩემპიონთა ლიგაში. ცუდი გუნდი არ იყო, მაგრამ 90-იანი წლების მიწურულის “დინამოს” მაინც ვერ შევადარებ. მაშინ კიევში თამაშობდნენ შევჩენკო, რებროვი, ხაცკევიჩი, ლუჟნი, შოვკოვსკი, კოსოვსკი, ბელკევიჩი. ფაქტობრივად, ყოფილი საბჭოთა კავშირის ნაკრები იყო: მე ქართველი, ორი ბელორუსი, “კალიტკა” (კალიტვინცევი – რედ) რუსეთიდან. მწვრთნელადაც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი გვყავდა. როდესაც მიუნხენის “ბაიერნთან” ლიგის ნახევარფინალში მარცხს (3:3, 0:1) ვიხსენებ, თვალებზე ცრემლი მადგება. ჩვენ ჩემპიონთა ლიგის მოგება და ისტორიაში შესვლა შეგვეძლო.
- ახლა კი, “დინამოში” შორეული საზღვარგარეთის ქვეყნებიდან თამაშობენ ფეხბურთელები. სერბები, ბრაზილიელები...ეს ცუდად მოქმედებს კლუბზე?  
- არა, რატომ?! უბრალოდ, ლობანოვსკის დროს “დინამოს” ყველა ფეხბურთელი, როგორც პიროვნება,  უფრო ძლიერი იყო. ხასიათითაც და ფიზიკურადაც უფრო მაღლა ვიდექით. რა თქმა უნდა, ამით ახლანდელი “დინამოს” ფეხბურთელებს შეურაცხყოფას არ ვაყენებ. ეს დიდი პლუსია: მარტო ტექნიკა არ კმარა.
- “მილანში”, გასული სეზონი ჩაგივარდათ. რატომ არ გენდობოდათ ლეონარდო?
-  ახსნა არ მაქვს. ალბათ, ვერც ლეონარდო ვერ ახსნის. რაც ვითამაშე, ცუდად არ გამოვიყურებოდი, ბოლოს კი, მწვრთნელს აღარც ვეკითხებოდი, თუ რატომ არ მათამაშებდა. მხოლოდ 11-13 ფეხბურთელით მთელ სეზონს სტაბილურად ვერ ჩაატარებ. კარლო ანჩელოტის დროს “მილანის” შემადგენლობა ხშირად იცვლებოდა და ამიტომაც იყო, რომ ყველა ტიტული მოვიგეთ. თან არაერთხელ. ლეონარდოს ხელში კი, ბევრმა ფეხბურთელმა ვერ გაუძლო დიდ დატვირთვებს, რასაც მოჰყვა ტრავმები. გუნდს “სკუდეტოს” მოგება შეეძლო, მაგრამ ყველა ტურნირზე წარუმატებლობა განიცადა.
- “მილანთან” ერთი წელი დაგრჩათ კონტრაქტი. და მის ამოწურვამდე “როსონერიში” რჩებით?
- ადრე წასვლა მინდოდა, ახლა კი ლეონარდო გაუშვეს და ახალ მწვრთნელს უნდა დავუმტკიცო, რომ “მილანში” თამაშს ვიმსახურებ.
- იყო საუბარი, რომ კიევის “დინამოს” დაუძინებელი მტერი, მოსკოვის “სპარტაკი” გეპატიჟებოდათ...
- ხმებადვე დარჩა. არა მარტო “სპარტაკზე”, არამედ კიევის “დინამოზე”, “პარმაზე” და “ნაპოლიზე” იყო ლაპარაკი. ბოლოს “იუვენტუსზეც” დაიწერა, მაგრამ მე “მილანის’ ფეხბურთელი ვარ და 2011 წლამდე “როსონერიში” ვითამაშებ.
- 32 წლის ხართ. კარიერის დასრულებას როდის აპირებთ?
- მთელი ცხოვრება ვითამაშებდი, მაგრამ ეს შეუძლებელია. თუ ჯანმრთელობა საშუალებას მომცემს, სამი-ოთხი წელი კიდევ ვირბენ.
- და გჭირდებათ კი სამი-ოთხი წელი? ულამაზესი ცოლი გყავთ, რომელმაც ვაჟი გაჩუქათ. ასევე, წარმატებული ბიზნესმენი ხართ – იტალიაში, უკრაინაში და ყაზახეთში ბიზნესი გაქვთ, საქართველოშიც სასტუმროს და ბანკს ფლობთ...
- ფეხბურთი ჩემთვის ყველაფერია. ოჯახი არანაკლებ მნიშვნელოვანია, მაგრამ მაინც სხვაა. რაც მაქვს, ყველაფერი ფეხბურთისგან მაქვს. სწორედ ფეხბურთმა მაჩუქა მეგობრები, ფული მაშოვნინა და მომცა იმიჯი, რომლის მეშვეობითაც მთელს ევროპაში მცნობენ. კარიერას კი, იცით როდის დავასრულებ? როცა მივხვდები, რომ მაღალ დონეზე თამაში აღარ შემიძლია.
- მწვრთნელობაზე გიფიქრიათ?
- არა, ეს ჩემში არ ზის. ჩემი ოჯახისთვის უნდა ვიცხოვრო – ცოლით, შვილით და თუ ღმერთი მოგვცემს, შვილებით.
- თავის დროზე თქვით, რომ საქართველოს პრეზიდენტობას აპირებთ. ეს სიმართლეა?
- სხვაგვარად ვთქვი – პოლიტიკაში მინდა წავლა-მეთქი. ჩემს ქვეყანაზე გული შემტკივა. ხალხზე, რომელიც საქართველოში ცხოვრობს. ძალიან ძნელია შორიდან ყურება, თუ რა ხდება შენს სამშობლოში. მინდა, რომ იქ სიმშვიდე იყოს, რომ რუსეთთან და უკრაინასთანაც კარგი ურთიერთობა გვქონდეს. რუსეთი საქართველოს მეზობელია: ეს არის უზარმაზარი ქვეყანა უზარმაზარი რესურსებით. და ამ სახელმწიფოსთან არცთუ კარგი ურთიერთობა გვაქვს, დღევანდელი მთავრობის ხელში კი, მისი დარეგულირების მცირე შანსიც არ არსებობს. ამით პოლიტიკოსები კი არა, უბრალო ხალხი ზარალდება. აი, ახლა, საქართველოს უკრაინასთანაც მოუვიდა გაუგებრობა.
- კალაძეს, როგორც პოლიტიკოსს, საქართველოს დახმარება შეუძლია?
- პრეზიდენტობის ამბიცია არ მაქვს. მინდა, რომ ჩემს ქვეყანაში ხალხმა მშვიდობიანად იცხოვროს და არ ხდებოდეს ის, რაც ხდება. ჩვენი მთავრობა ამბობს, რომ საქართველოში დემოკრატიაა. რა დემოკრატია? იქ აბსოლუტური განუკითხაობაა. თუ მთავრობა ამბობს: “ძაღლი დაფრინავს” – შენ უნდა დაეთანხმო. და თუ არ დაეთანხმები, ხვალ შენს მეგობარს, ან ნათესავს ციხეში ჩასვამენ. ევროპაში ვცხოვრობ და კარგად ვიცი, რაც არის დემოკრატია...


მოამზადა ილია ნანობაშვილმა

 

0.116292