ინტერვიუები

19:44 | 22.03.2011 | ნანახია [] - ჯერ

კახა კალაძე: “ყველაფერს გავაკეთებ, რომ ვითამაშო”

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა კახა კალაძემ, რომელსაც ტრავმის გამო ოთხშაბათის შემდეგ “ჯენოას” საწვრთნელ პროცესში მონაწილეობა არ მიუღია და არც “ბოლონიას” წინააღმდეგ იტალიის სერია A-ს მატჩის განაცხადში იყო, დღეს, ეროვნულ სტადიონზე ინდივიდუალურად ივარჯიშა, რის შემდეგაც, “მსოფლიო სპორტს” ინტერვიუ მისცა.
- კონკრეტულად, რა სახის ტრავმა გაწუხებთ და მომავალ მატჩში თუ ითამაშებთ?
- ოთხშაბათს, მარცხენა ფეხის საზარდულში ცოტა ტკივილი ვიგრძენი და “ჯენოას” ვარჯიშიდან ნაადრევად გამოვედი. დღეს ვირბინე და უკეთესად ვარ, მაგრამ წინასწარ ვერაფერს ვიტყვი. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ვითამაშო. მითუმეტეს, ამ თამაშს ამდენი ხანია ველით.
- ხორვატიის ნაკრების თაობაზე რა აზრის ხართ?
- ძლიერი გუნდია. ჩვენს ჯგუფში პირველ ადგილზე არიან. თუმცა, ისეთი ნაკრები არაა, რომელთანაც მოგება არ შეიძლებოდეს. არ არსებობს მსოფლიოში გუნდი, რომლის დამარცხებაც არ შეიძლება. ჩვენ სტადიონზე ვთამაშობთ და თუ საუკეთესო თამაშს ვაჩვენებთ, მეტოქეს ყველა რგოლში დავჯაბნით, წარმატების მიღწევა შესაძლებელია.
- მეტოქე განსაკუთრებით რომელ სათამაშო რგოლშია ძლიერი?
- ვფიქრობ, უფრო ნახევარდაცვასა და თავდასხმაში. თუმცა, საერთო ჯამში, ყველა რგოლში დაბალანსებული გუნდია. შესაძლოა, ხორვატიას ტოპ-კლასის ფეხბურთელები არ ჰყავთ, მაგრამ ამ გუნდის მოთამაშეები ევროპის ძლიერ და საშუალო კლუბებში გამოდიან. კიდევ ერთხელ ვიმეოორებ, რომ არაა ისეთი გუნდი, რომლის დამარცხება შეუძლებელია.
- ერთი ქულის აღება საქართველოსთვის რამდენად კარგი შედეგი იქნება?
- სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე, ერთი ქულის აღება საუკეთესო ვარიანტი არ იქნება, რადგან ჯგუფიდან გასვლის შანსი გვაქვს, თან სახლში ვთამაშობთ. ჩემთვის ყოვლად მიუღებელია მიდგომა, რომ მოდი, ფრე ვითამაშოთ და ქულა ავიღო. მოედანზე ნაკრების ყველა ფეხბურთელი იმ განწყობით გამოვა, რომ სამი ქულა ავიღოთ და ჯგუფში მდგომარეობა გავიუმჯობესოთ.
- ასათიანისა და ანანიძის არყოფნა, ალბათ, გუნდს მნიშვნელოვნად დაეტყობა?
- ნაკრებს მათი სახით ორი ლიდერი აკლია. ვიცით, რომ ჯანოს ტრავმა აქვს, ხოლო ასათიანი ჯერ გაურკვევლობაშია და გუნდი ვერ მონახა. ეს ფეხბურთელები ნაკრებისთვის დიდ ძალას წარმოადგენენ. თუმცა, გუნდში არიან ახალგაზრდა მოთამაშეები, რომელთაც თავის გამოჩენის შანსი მიეცემათ და უნდა დაამტკიცონ, რომ ნაკრების ძირითად შემადგენლობაში თამაშს იმსახურებენ.
- ხორვატიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სლავენ ბილიჩმა განაცხადა, რომ თბილისში მოგებას გეგმავს, თუმცა ისიც აღნიშნა, იოლი თამაში არ იქნება და საქართველოს ნაკრები პატივისცემას იმსახურებსო...
- საქართველოში თამაში ადვილი არაა. რაც ნაკრებში ვარ, თბილისში თამაში ყველას უჭირს. როგორც ჩვენთვის არ იქნება იოლი მატჩი, ასევე – ხორვატებისთვის. ვთვლი, რომ საინტერესო მატჩი გველის.

 

ლაშა თაბაგარი
 

0.137907