ინტერვიუები

18:54 | 18.10.2011 | ნანახია [] - ჯერ

კახა კალაძე: “უკეთესი შედეგის ჩვენება შეგვეძლო”

გასულ კვირას, “ჯენოასა” და “ლეჩეს” შორის გამართულ სერია A-ს მორიგი ტურის შეხვედრაში, ქართველმა მცველმა კახა კალაძემ არბიტრისაგან ერთ წუთში 2 ყვითელი ბარათი მიიღო, რაც მისი მინდვრიდან გაძევების საბაბი გახდა. ეროვნული ნაკრების კაპიტანს იტალიელმა დისციპლინარებმა ორშაბათს საკმაოდ მკაცრი ვერდიქტი გამოუტანეს - მან 4 მატჩი უნდა გამოტოვოს და “ლიგა კალჩოს” ხაზინაში 7000 აშშ დოლარი შეიტანოს.
კახა კალაძეს “მსოფლიო სპორტი” იტალიაში ტელეფონით დაუკავშირდა და 16 ოქტომბერს მომხდართან ერთად, სხვა საინტერესო თემებზეც ესაუბრა.
- კახა, რატომ გაგაძევათ არბიტრმა?
- ერთ ეპიზოდში 2 გაფრთხილება მივიღე. პირველი ბურთის გადაგდების გამო იყო, მეორე კი, ყვითელი ბარათის ჩვენების გამო ჩემს მიერ გამოხატულ პროტესტს მოჰყვა. ასეთი რამ ყოველ თამაშში ხდება და ვთვლი, რომ ჩემს შემთხვევაში მსაჯის განაჩენი გადაჭარბებული იყო.
- პროტესტი რა ფორმით გამოხატეთ? როგორც უცხოური პრესა ავრცელებს ინფორმაციას, თქვენ მსაჯს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეთ. თან ასეთი რა უთხარით, რომ ასეთი მკაცრი გადაწყვეტილება გამოიტანეს?
- აქ რაღაც გაუგებრობაა. ჯერ ერთი, 2 ყვითელი ბარათის შემდეგ მომცა წითელი ბარათი - ამასაც აქვს მნიშვნელობა. მეორეც, მსაჯისთვის არავითარი სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიმიყენებია. უბრალოდ, პროტესტი ტაშის დაკვრით გამოვხატე.
იმედია, დღეს-ხვალ ყველაფერი გაირკვევა. ჩვენ სააპელაციო საჩივრის შეტანას ვაპირებთ და ალბათ სასჯელს შემიმსუბუქებენ.
- სერია A-ში მე-12 სეზონს თამაშობთ. თუ გაიხსენებთ, კიდევ რამდენჯერ გაქვთ მსაჯისაგან წითელი ბარათი მიღებული?
- ასეთ სასჯელს არ ვარ მიჩვეული. ამ წლების განმავლობაში მაქსიმუმ 4 წითელი ბარათი მქონდეს მიღებული. არა ვარ ისეთი, რომ მსაჯებს შეურაცხყოფა მივაყენო ან მეტოქის წინააღმდეგ უხეში თამაშით გამოვირჩეოდე. ეს ყველაფერი ჩემთვისაც ძალიან მოულოდნელი იყო და იმიტომ იყო, რომ თანაგუნდელებს ჩემი დამშვიდება მოუწიათ.
- მოდით, ახლა ეროვნულ ნაკრებზეც ვისაუბროთ. საბერძნეთთან ბოლო შეხვედრაში მცირე იუბილეც გქონდათ - ნაკრებს 50-ედ უკაპიტნეთ. როგორ შეაფასებდა “ჯვაროსანთა” კაპიტანი ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს?
- თუ დასრულებულ ციკლში ნაჩვენებ შედეგზე ვიტყვით, უკეთესი შედეგის ჩვენება შეგვეძლო. ამის იმედი განსაკუთრებით მას შემდეგ გამოჩნდა, როცა ხორვატებს 1:0 მოვუგეთ. მოდით, კიდევ ერთხელ გადავხედოთ დასანანად დაკარგულ ქულებს - ლატვიის ნაკრებთან თბილისში წაგებული მატჩი და სტუმრად ბოლო წუთზე დაკარგული 2 ქულა; გავიხსენოთ ხორვატიის მერე ისრაელში ორ დღეში ჩატარებული შეხვედრა. დარწმუნებული ვარ, ეს შუალედი ცოტა დიდი რომ ყოფილიყო, ჩვენ იქ თამაშს არ წავაგებდით; იგივე ისრაელთან თბილისში ფრედ დასრულებული შეხვედრა. ამ ცოტ-ცოტა წვრილმანმა დეტალებმა, საბოლოო ჯამში მოიტანა ის, რომ ჩვენი ქვეჯგუფიდან, თუნდაც პლეი ოფში გასვლა ვერ მოხერხდა.
თავად ნაკრების მიერ ნაჩვენებ თამაშს რაც შეეხება, გვქონდა კარგი შეხვედრები, შესაძლოა, სანახაობრივად ლამაზი თამაში არ გვეჩვენებიოს, მაგრამ ასე თუ ისე წარმატებას ვაღწევდით.
- ბერძნებთან მატჩზეც შეიძლება იმის თქმა, რომ სანამ ვიგებდით, ნაკრები ურიგოდ არ ირჯებოდა.
- გუნდი როცა შედეგს აჩვენებს, იმ თამაშზე ცუდი რატომ უნდა ითქვას? რაც მაყურებელს და ყველას ჩვენ გვსურდა, იმას ვაკეთებდით - ვიგებდით. სანახაობრივ ფეხბურთს აღარც ბრაზილიის ნაკრები თამაშობს, წავიდა ის დრო. ერთადერთი გუნდი “ბარსელონა” დარჩა, რომელიც სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს, რადგან მათ სხვაგვარად თამაში არ შეუძლიათ.
- ალბათ, უმცირესობაში რომ არ დავრჩენილიყავით, საბერძნეთთან თამაშს არ წავაგებდით.
- დარწმუნებული ვარ, ჩვენი ნაკრები რომ ბოლომდე 11 ფეხბურთელით ყოფილიყო მინდორზე, ბერძნებთან მართლაც არ წავაგებდით. როცა 20-25 წუთი 10 კაცით ეთამაშები საბერძნეთის ნაკრებს, ძალიან რთულია უპირატესობის ბოლომდე შენარჩუნება.
- კახა, ეროვნული ნაკრების დევეტერანიზაციის პოლიტიკაზეც უნდა გკითხოთ. აშკარად ეტყობა, რომ ნაკრების მთავარ მწვრთნელს ვეტერან ფეხბურთელებზე შელევის სურვილი არ აქვს. თქვენ რას ფიქრობთ ასეთი კამპანიის მიზანშეწონილებაზე?
- ადამიანების რომელი ჯგუფიდან მოდის ამ კამპანიის წარმოება და რატომ ხდება ყველაფერი ეს, ვფიქრობ საფეხბურთო საზოგადოებას ჩემი ახსნა არ სჭირდება. ვიტყვი ერთს. როცა თაობათა ცვლა ხდება, 3-4, კიდევ მეტი ვეტერანის გუნდში ყოფნა, პირიქით, უფრო მნიშვნელოვანია. მერწმუნეთ, ახალი თაობის გაზრდასა და მათ ნამდვილ პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში, ვეტერანებს დიდი წვლილის შეტანა შეუძლიათ. ასეთი პრაქტიკა მთელს მსოფლიოშია მიღებული და თუ ქართულ ფეხბურთში უნდათ სრულიად ახალი პრეცენდენტის შემოტანა, მაშინ გავაუქმოთ ეროვნული და დავტოვოთ მარტო ახალგაზრდული ნაკრები.
ის, რომ ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელები უნდა წამოვიდნენ ნაკრებში, ამას ერთ-ერთი პირველი მეც მივესალმები. ძალიან მოხარული ვარ, რომ დავით თარგამაძის სახით, ასეთი კარგი ახალგაზრდა გამოჩნდა ეროვნულ გუნდში. იგი ძალიან პერსპექტიული ფეხბურთელია და დარწმუნებული ვარ, რომ თუ მას მისი საქმე უყვარს, თარგამაძე დიდ ფეხბურთს ითამაშებს.
ასეც უნდა მოხდეს. ვინც იმსახურებს საქართველოს ნაკრებში თამაშს, ყველა მიიღებს ასეთ შანსს. თემურ ქეცბაია არაა ისეთი ადამიანი, რომ ვინმეს კარი დაუკეტოს და თავის გამოჩენის საშუალება არ მისცეს.
აი, რომ იძახიან ახალგაზრდები უნდა მოვიდნენო, შეუშალა ვინმემ ხელი ამ ახალგაზრდებს? ბურთიც აქ არის და მოედანიც და ითამაშონ. ვინმე პრობლემას უქმნის? პირიქით, ყველა ისეთი ახალგაზრდის გამოჩენის მოხარული ვართ, ვინც ეროვნულ ნაკრებში თამაშს დაიმსახურებს. ნაკრებშიც კონკურენციაა ხომ - უბრალოდ, მათ კლუბებში უნდა დაამტკიცონ, რომ აქ თამაში შეუძლიათ, მერე ჩამოვიდნენ და იგივე გააკეთონ ვარჯიშებზე და მწვრთნელიც ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას.
- ახალი თაობიდან, თარგამაძის გარდა კიდევ ვისი იმედი უნდა გვქონდეს უახლოეს პერიოდში?
- იმედი მაქვს, რომ გამოჯანმრთელებული ლევან ყენია იტყვის სათქმელს. დიდი მომავალი ჰქონდა ამ ბიჭს და ცუდია, რომ ადრეულ ასაკში, ასეთმა ტრავმებმა შეუშალა ხელი. ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ აღიდგენს იგი კონდიციებს და სრულად შეძლებს თუ არა საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენას. ასევე უნიჭიერესი ფეხბურთელია მჭედლიძე. მასაც ყველაფერი აქვს საიმისოდ, რომ დიდი ფეხბურთი ითამაშოს.
- კახა, ამდენ ხანს თამაშობთ ნაკრებში და ალბათ გაგიჭირდებათ სხვა მწვრთნელის გახსენება, ვისაც ისეთი ნდობა აქვს გამოცხადებული, როგორც ქეცბაიას. ეს ფაქტორი ფეხბურთელებისთვისაც ერთგვარი სტრესის მომხსნელი უნდა იყოს და მომავალში, ალბათ უკეთესი შედეგის ჩვენების მოლოდინში ვიქნებით.
- გეთანხმებით, რომ ნდობის ფაქტორი მეტწილად ფეხბურთელებზეც გადმოდის. მაგრამ ცოტათი უკან მივბრუნდეთ და იქით შეგეკითხებით - რა გაკეთდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ეროვნული ნაკრებისთვის? ამდენი ხანი ნაკრებში ვარ და გუნდს არ ჰქონდა საწვრთნელი ბაზა და მინდორი, სადაც უნდა ევარჯიშა. რომელ შედეგზე და პერსპექტივაზე იყო საუბარი.
თუ გვინდა, რომ პროგრესი იყოს ქართულ ფეხბურთში, ყველაზე დიდი ფული უნდა ჩაიდოს ბავშვთა ფეხბურთში. აუცილებლად დიდი ყურადღება უნდა მიექცეს ეროვნულ ჩემპიონატს. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი. შეურაცხყოფას არცერთ ქვეყანას არ ვაყენებ, მაგრამ 16-17 წლის ფეხბურთელი სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვის, უკრაინის, რუსეთის მე-2 ლიგის გუნდში რომ წავა სათამაშოდ, ის ნაკრებისთვის ჩემი აზრით ვეღარ გაიზრდება. ამ ახალგაზრდებს ელემენტარული პირობები უნდა შეექმნათ, რომ რამდენიმე წელი მაინც ითამაშონ ეროვნულ ჩემპიონატში. რადგან, თუ გვინდა, რომ ქვეყანაში ფეხბურთი განვითარდეს და შესაბამისად, ძლიერი ეროვნული ნაკრები გვყავდეს, ბავშვებს და ადგილობრივ ჩემპიონატს ყველაზე დიდი ყურადღება უნდა მიექცეს.
- ბოლოს, ისევ კვირის ინცინდენტს მივუბრუნდეთ. თუ თქვენი სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, საკმაო ხანი მოგიწევთ უქმობა.
- ასე გამოდის, მაგრამ მჯერა, რომ საჩივრის განხილვისას აუცილებლად გამოიყენებენ ვიდეოჩანაწერს, რომელზეც კარგად გამოჩნდება, რომ მე ტაშის დაკვრის გარდა არაფერი უკანონო არ გამიკეთებია. ეს სიტყვიერი შეურაცხყოფა არაა და ალბათ სასჯელსაც შემიმსუბუქებენ. თუ დამიმტკიცებენ, რომ მსაჯს შეურაცხყოფას ვაყენებ - მას საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს.
 

 

ფრიდონ კერვალიშვილი

 

0.137642