ინტერვიუები

16:39 | 4.05.2012 | ნანახია [] - ჯერ

კახა კალაძე: “სეზონი როდესაც დამთავრდება, გაირკვევა, პოლიტიკაში მთელი ძალით ჩავერთვები თუ ფეხბურთში დავრჩები”

საქართველოს ეროვნული ნაკრების ექსკაპიტანს და “ჯენოას” მცველს კახა კალაძეს “მსოფლიო სპორტმა” ვაჟის შეძენა მიულოცა და რამდენიმე კითხვა დაუსვა.
- სერია A-ს გასულ ტურში “კალიარისთან” მატჩი (2:1) რა მიზეზით გამოტოვე?
- “ბოლონიასთან” თამაშის (2:3) დროს მარჯვენა ფეხის ბარძაყის კუნთი დამეჭიმა და ვინაიდან სამივე შეცვლა გუნდს გაკეთებული ჰქონდა, მოედანზე დარჩენა ბოლომდე მომიწია. ახლა ცოტა ხანი უნდა დავისვენო და შევეცდები ჩემპიონატის ბოლო მატჩში “პალერმოს” წინააღმდეგ ვითამაშო.
- “ჯენოამ” სეზონი საკმაოდ კარგად დაიწყო, მაგრამ გუნდი ახლა ლიგაში დარჩენისთვის იბრძვის. ასეთ “ჩავარდნას” რით ახსნი?
- თავიდან მართლაც კარგად დავიწყეთ. თუმცა, სიტუაცია პირველი წრის შემდეგ აირია, როდესაც გუნდიდან ალბერტო მალესანი გაუშვეს და პასკუალე მარინო მოიყვანეს. გუნდმა წარუმატებლად თამაში დაიწყო და მწვრთნელი კვლავ შეიცვალა. როდესაც გუნდს დამარცხებულის ფსიქოლოგია უყალიბდება, შემდეგ ძნელია ამ “ორმოდან” ამოსვლა. “ჯენოაში” ლუიჯი დე კანიოს მოსვლის შემდეგ, გუნდმა თამაში გამოსწორა და იმედია სერია A-ში დავრჩებით.
- მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ საფეხბურთო კარიერას გააგრძელებ თუ მთლიანად პოლიტიკაზე გადაერთვები?
- “ჯენოასთან” კონტრაქტი კიდევ ერთი წელიწადი მაკავშირებს – 2013 წლის ზაფხულში მიმთავრდება. სეზონი როდესაც დამთავრდება, გაირკვევა, პოლიტიკაში მთელი ძალით ჩავერთვები თუ ფეხბურთში დავრჩები. საბოლოოდ, ჯერ არ გადამიწყვეტია. კონტრაქტის გაწყვეტა სერიოზულ თანხებთანაა დაკავშირებული, თუმცა ეს არაა განმსაზღვრელი. უბრალოდ, როდესაც ამდენი წელიწადია თამაშობ, ფეხბურთით ცხოვრობ, ფეხბურთით სუნთქავ და გრძნობ, რომ სათამაშოდ ძალა კიდევ შეგწევს, ძნელია, ერთი ხელის მოსმით ყველაფრისთვის თავის დანებება.
- კონტრაქტის დასრულებამდე ერთი წელიწადი გაქვს დარჩენილი და კლუბის ხელმძღვანელობას ახალი ხელშეკრულების გაფორმება ხომ არ შემოუთავაზებია?
- ხელმძღვანელობასთან არ მილაპარაკია. ახლა უმთავრესი ამოცანა სერია A-ში დარჩენაა. შარშან და თუნდაც წელს ჩემი თამაშიდან გამომდინარე, პრობლემა არ მაქვს, რომ ხელმძღვანელობას კონტრაქტის გახანგრძლივებაზე დაველაპარაკო. ახლა ერთადერთი პრობლემა სერია A-ში დარჩენა-არდარჩენის საკითხია.

 

ლაშა თაბაგარი    
 

0.116332