ეროვნული საფეხბურთო ნაკრების კაპიტანი, კახა კალაძე 21 თებერვალს, მშობლიურ სამტრედიაში, მისი დაფინანსებით აგებული მიტროპოლიტ ნაზარის სახელობის ტაძრის კურთხევას დაესწრო. წინა დღით, მან “ჯენოას” შემადგენლობაში იტალიის სერია A-ს მორიგ ტურში გამართულ, სენსაციური სცენარით მიმდინარე მატჩში მიიღო მონაწილეობა. გენუელებმა, რომლებიც ერთ-ერთ ტიტულოვან აპენინურ კლუბ “რომასთან” შეხვედრის მიმდინარეობისას 0:3-ს აგებდნენ, გარდატეხის შეტანა შეძლეს და მეტოქე საბოლოოდ 4:3 დაამარცხეს.
“მსოფლიო სპორტი” საქართველოში მყოფ კახა კალაძეს სამტრედიაში შეხვდა და მკითხველისთვის საინტერესო საკითხებზე ესაუბრა.
- კახა, როგორც ვიცით ნაბაკევში ტაძრის აშენება იმაზე ადრე გქონდათ გადაწყვეტილი, ვიდრე თქვენს ძმას გამტაცებლები მოკლავდნენ.
- ამ მშენებლობის იდეა იმაზე გაცილებით ადრე მქონდა, ვიდრე ეს უბედურება მოხდებოდა, მაგრამ მაშინ იმდენი ფინანსური სახსრები არ გამაჩნდა, რომ ამ საქმეს შევჭიდებოდი. უბრალოდ ლევანის გარდაცვალების შემდეგ ამ ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანა ბევრად დაჩქარდა. მოხარული ვარ, რომ ტაძრის მშენებლობა, რომელსაც საფუძველი ამ 3-4 წლის წინ ჩაეყარა, დასრულდა. ვფიქრობ, ჩემს პატარა რაიონს და სოფელს მშვენიერი ტაძარი შეემატა.
- ახლა ფეხბურთზეც ვისაუბროთ. გუშინ, საკმაოდ ხანგრძლივ კარიერაში, ალბათ პირველად მიიღეთ მონაწილეობა ასეთი სცენარით მიმდინარე “თრილერში”. თუ ვცდებით?
- მოგებით, ჩემმა გუნდმა მართლაც პირველად მოიგო, წაგებით კი, ალბათ, გემახსოვრებათ ჩემპიონთა ლიგის ფინალში “მილანის” და “ლივერპულის” მატჩი. მასში 3:0-ს ვიგებდით, მაგრამ ინგლისელებმა ძირითად დროში გაგვითანაბრეს, საბოლოოდ კი პენალტების სერიაში 2:3 წავაგეთ.
კონკრეტულად, “ჯენოას” “რომასთან” თამაშიდან გამომდინარე, მეტოქე 3 ბურთით არანაირი ლოგიკით არ უნდა დაწინაურებულიყო. ისე ხდებოდა, რომ საგოლე მომენტებს ჩვენ ვაკეთებდით - მეკარესთან პირისპირ ვერ ვიყენებდით რეალურ მომენტს, წამოვიდოდნენ აქეთ და გოლი ჩვენს კარში გადიოდა. 0:3-ზე ფაქტობრივად, ყველაფერი დამთავრებული ჩანდა, მაგრამ ამის შემდეგ მეტოქეს არანაირი საშუალება არ მივეცით, რომ საკუთარი თამაში მოეხვია ჩვენთვის.
- შესაძლოა, ისეც მოხდეს, “რომას” თავკაცი კლაუდიო რანიერი, თქვენთან მარცხის შემდეგ პოსტიდან დაითხოვონ კიდეც (ინტერვიუ 21 თებერვალს, დილით შედგა - რედ.).
- ამაზე მანამდეც იყო საუბარი და როგორც მოგვიანებით გავიგე, რანიერი “ჯენოასთან” მარცხის შემდეგვე შევიდა “რომას” გასახდელში და მის გუნდს გამოემშვიდობა.
- შთაბეჭდილება იქმნება, “ჯენოას” მეორე სუნთქვა გაეხსნა.
- ვთვლი, რომ ბოლო თამაშები გუნდმა საკმაოდ მაღალ დონეზე ჩაატარა. თავიდანაც, როცა მე გადავედი, “ჯენოა” ძლიერი ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული, თუმცა მერე პრობლემებმა იმატა. ჯერ მწვრთნელი წავიდა, შემდეგ ტრავმიანობამ შეგვაწუხა - იყო პერიოდი, 11 ფეხბურთელი გვყავდა ტრავმირებული. ასეთი რამ “ჯენოას” კი არა, ნებისმიერ საფეხბურთო გრანდს დაატყობს კვალს. ამჟამად, ყველანი მწყობრში ვართ და შესაბამისად შედეგსაც ვიღებთ.
- თუმცა, თავდასხმის ხაზში, დანაკლისს ლუკა ტონის სახით, მაინც ვერ გაექეცით.
- ტონიმ შესაძლოა, ისეთი ბრწყინვალე 6 თვე არ გაუტარებია ჩვენს გუნდში, როგორც მას სჩვეოდა, მაგრამ მისებრ გამოცდილ ფორვარდთან მეტოქის მცველები ყოველთვის სხვანაირი ფსიქოლოგიური განწყობით თამაშობენ. მის წასვლას ამდენი ტრავმირებული დაემატა და პრაქტიკულად, თავდამსხმელი არ გვყავდა. გადაწყვიტეს ფლორო ფლორესი ეყიდათ, რაც ვფიქრობ, კარგი შენაძენია.
- როგორც ჩანს, ბალარდინიმ საბოლოოდ დაცვის ცენტრში მიგიჩინათ ადგილი.
- მართლაც ასეა, რაც “ჯენოაში” მწვრთნელად ბალარდინი მოვიდა, პრაქტიკულად, ყველა თამაში ცენტრალურ მცველად ვითამაშე.
- თითქოს საფეხბურთო ახალგაზრდობა გაიხსენეთ და ნაკრებშიც და კლუბშიც ერთ-ერთ საუკეთესო სეზონს ატარებთ.
- როგორ გითხრათ, წარსულში წარუმატებელი სეზონიც მქონია და წარმატებულიც. ფეხბურთში ეს ნორმალური მოვლენაა - გამორიცხულია, რომ ფეხბურთელმა მთელი კარიერის განმავლობაში მაღალ დონეზე ჩაატაროს თამაშები. ჩემს შემთხვევაში, ალბათ გახსოვთ, სერიოზული ოპერაციის შემდეგ 7 თვე არ მითამაშია, რასაც დაემატა ის არეულობა და უთანხმოებები, რაც “მილანში” მქონდა. გასულ სეზონში ამ გუნდში ჩემპიონთა ლიგის თამაშებიანად მხოლოდ 10 მატჩი ჩავატარე. ასეთი სიტუაცია ჩემთვის მიუღებელი იყო და ამიტომაც გადავწყვიტე გუნდის გამოცვლა.
- სატრანსფერო მარკეტოლოგები მიიჩნევენ, რომ კახა კალაძის ფასმა მოიმატა. ალბათ ამის ფონზეცაა, რომ “ჯენოა” თქვენთვის ახალი კონტრაქტის შემოთავაზებას აპირებს.
- კი, ეს შემოთავაზება მართლაც იყო. მოგეხსენებათ, ძველი კონტრაქტი 2011 წლის ბოლოს მიმთავრდება და 2 დღის წინ, კლუბთან უკვე ახალ ორწლიან კონტრაქტს მოვაწერე ხელი. ამრიგად, “ჯენოაში” 2013 წლის ზაფხულამდე დავრჩები.
- არადა, “მილანიდან” წასვლის შემდეგ, სკეპტიკოსები თქვენს მაღალ დონეზე თამაშის გაგრძელებას ეჭვით უყურებდნენ.
- რა გასაკვირია, ისეთი პრესა მქონდა - თითქოს ჩემნაირ ტრავმირებულ ფეხბურთელს ძველებურად თამაში აღარ შეეძლო. სიმართლე გითხრათ, ამ ყველაფერმა ჩემზე პოზიტიურად იმოქმედა და რაც კი შინაგანი სპორტული სიბრაზე მქონდა, ყველაფერი მინდორზე დავდე. არადა, პირველ რიგში, მე ვიყავი საკუთარ თავში დარწმუნებული, რომ შევძლებდი კვლავ ათამაშებას - როცა ფეხბურთელი ტრავმას იღებს და მინდორს უბრუნდება, მას სრული აღდგენისათვის გარკვეული დრო ესაჭიროება. მე ეს დრო “ჯენოაში” მომცეს და ვფიქრობ, გავუმართლე.
- “ჯენოას” საამსეზონო მიზნები ხომ არ შეუცვლია?
- თავიდანვე იყო საუბარი ევროლიგაზე მოხვედრაზე, მაგრამ როცა ზემოთ ნახსენები პრობლემები მოგვეძალა და გუნდს პრაქტიკულად სათადარიგოებით თამაში უწევდა, ასეთ მიზანს აღარავინ ახსენებდა. დარჩენილ თამაშებში ვნახოთ, ჩემი აზრით, მიზანი უნდა იყოს კონკრეტულად ყველა თამაშში წარმატების მიღწევა, თუ რას მივიღებთ, ეს მაისში გამოჩნდება.
- ეროვნულ ნაკრებს წინ 2 საპასუხისმგებლო შესარჩევი მატჩი აქვს. როგორ ფიქრობთ, დაცვის ხაზში მალხაზ ასათიანის არყოფნა მთლიანობაში გუნდის თამაშზე გავლენას იქონიებს?
- ვთვლი, რომ არა მარტო 4 მცველი, საერთოდ მთელი გუნდი თამაშობს დაცვაში კარგად. ასათიანს რაც შეეხება, ჩემი აზრით, იგი ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია და ვფიქრობ, ძალიან დიდი დანაკლისი იქნება, თუ იგი მარტამდე ვერ გადავა ახალ კლუბში. როგორც მე ვიცი, ასათიანს ეს პრობლემა არ უნდა შეექმნას და იგი მალე ყველაფერს მისთვის სასიკეთოდ გადაწყვეტს.
- რას ფიქრობს ნაკრების კაპიტანი, როგორია საქართველოს შანსები ხორვატიასთან და ისრაელთან?
- ჩემი აზრით, ორივე გუნდთან თავისუფლად შეიძლება თამაში და შეგვიძლია წარმატების მიღწევა. მით უფრო, ხორვატიასთან თბილისში, ჩვენი ერთგული მაყურებლის წინაშე გვექნება თამაში. დარწმუნებული ვარ, სტადიონი გულშემატკივრით გაივსება, რაც ჩვენთვის ძალიან დიდი სტიმული იქნება. ის, რომ ყველასთან წარმატებულად შეიძლება თამაში, ამაში ჩვენი ნაკრების განვლილმა თამაშებმაც დაგვარწმუნა.
ფრიდონ კერვალიშვილი