“ზესტაფონის” მთავარი მწვრთნელის, კახა კაჭარავას აზრით, ქართულ ფეხბურთში შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი, სამომავლოდ ყველა კლუბის კერძო მფლობელობაში გადასვლაა.
- ეროვნული ჩემპიონატის ბოლო ტურში, “დინამოს” წინააღმდეგ მატჩში (1:6) გუნდი არ გაგიყვანიათ. “ზესტაფონიდან” წახვედით?
- ჯერ გაურკვევლობაში ვარ. “დინამოსთან” მატჩამდე ერთი კვირა არ გვივარჯიშია, რადგან პირობები არ იყო. შემდეგ მითხრეს, რომ სათამაშოდ მეორე გუნდი და ის ფეხბურთელები გავიდოდნენ, ვისაც სურვილი ჰქონდა.
- დარჩენის სურვილი გაქვთ? როდის გაირკვევა თქვენი საკითხი?
- დარჩენი სურვილი მაქვს. მთავარია, კარგი გუნდი ჩამოყალიბდეს. ამ დღეებში ყველაფერი გაირკვევა.
- ჩემპიონატის დასრულების შემდეგ “ზესტაფონის” პრეზიდენტ ილია კოკაია თუ ესაუბრეთ?
- ორი დღეა, რაც ჩემპიონატი დასრულდა და კოკაიასთან არ მისაუბრია. მას ერთი კვირის წინ შევხვდი. ალბათ, უახლოეს ხანში გაირკვევა, რა და როგორ იქნება, ვინ დაფინანსდება, ყველა გუნდი დაფინანსდება თუ არა და ა.შ...
- ე.ი. თქვენი დარჩენა-არდარჩენის საკითხი კლუბში განვითარებულ მოვლენებზეა დამოკიდებული?
- დიახ. ყველაზე ცუდი იქნება, თუ დაიშლება ამბიციური გუნდი, რომელიც ბოლო წლებში ჩემპიონობისთვისა და თასისთვის იბრძვის.
- საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყავით და გუნდს თქვენი ხელმძღვანელობით 2013 წლის ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში უნდა ეთამაშა. ხომ არ ნანობთ, რომ 19-წლამდელებში მუშაობას “ზესტაფონში” გადასვლა არჩიეთ?
- “ზესტაფონში” რომ მივედი, გარკვეული არ იყო, პირველ ექვსეულში მოვხდებოდით თუ არა. როდესაც ექვსეულში მოვხდით, გადავწყვიტეთ, რომ 3 თვის განმავლობაში თავის გამოჩენის შანსი ყველასთვის მიგვეცა, რათა შეგვერჩია ის მოთამაშეები, ვინც მომავალი სეზონისთვის “ზესტაფონში” დარჩებოდნენ. მით უმეტეს, ახალი სეზონისთვის კარგი გუნდის “გაკეთებას” ვაპირებდით. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა.
- თბილისის “დინამოს” მერე, “ზესტაფონი” უმაღლესი ლიგის მეორე კლუბი იყო, სადაც მთავარ მწვრთნელად იმუშავეთ. გუნდში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების მიუხედავად, ფიქრობთ, რომ განვლილ პერიოდში კარგი გამოცდილება მიიღეთ?
- რა თქმა უნდა, გამოცდილება მივიღე. არ ვეკუთვნი იმ მწვრთნელების კატეგორიას, რომლებმაც ყველაფერი იციან. ყოველდღიურად ვსწავლობ და ვიზრდები. მით უმეტეს, ფეხბურთი ერთ ადგილზე არ დგას. ვცდილობ, საკუთარ თავზე მეტი პასუხისმგებლობა ავიღო.
- ბოლო პერიოდში, საფეხბურთო წრეებში აქტიურად საუბრობენ, თუ რა შეიძლება იყოს გამოსავალი ქართული ფეხბურთის არსებული ვითარებიდან. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ამ საკითხთან დაკავშირებით თავის პროექტს ამზადებს. საინტერესოა თქვენი აზრი, ადამიანის, რომელიც ფეხბურთს კაბინეტიდან არ უყურებს და არსებულ ვითარებასთან შეხება უშუალოდ აქვს...
- ჩემი აზრით, საბოლოოდ ყველა კლუბი კერძო უნდა გახდეს. თუმცა, ამისთვის ბიზნესმენებს გარკვეული შეღავათები უნდა ჰქონდეთ, რათა ფეხბურთში ფულის ჩადების სურვილი გაუჩნდეთ. ცხადია, ვისაც კლუბის პატრონობა უნდა, ფეხბურთი უნდა აინტერესებდეს და უყვარდეს. ხომ არ შეიძლება, სახელმწიფოს მიერ კლუბების დაფინანსება სამუდამოდ გაგრძელდეს? მაშინ სპორტის ნებისმიერი სახეობის წარმომადგენლებს შეუძლიათ მოითხოვონ, რომ ფეხბურთის მსგავსად ისინიც დააფინანსონ. თუმცა, არავის უნდა ეგონოს, რომ ფეხბურთში ჩადებული ფულით მოგებას ექვს თვეში ან ერთ წელიწადში მიიღებს. იგივე, რომ ავიღოთ აზერბაიჯანის, უკრაინის, თურქეთის მაგალითები, იქ თუ პირველ წელს ბიზნესმენმა კლუბი 5 მილიონით დააფინანსა, შემდეგ 10 მილიონი ჩადო, მერე 15 და ა.შ. ჩვენთან კი პირიქით ხდება. ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა შესაბამისი ინფრასტრუქტურის არქონა. ნელ-ნელა რაღაცები კეთდება, მაგრამ ეს საკმარისი არაა. ფეხბურთი ყველაზე ძვირადღირებული სპორტია. რამდენი გუნდიცაა, იმდენი საწვრთნელი ბაზა და სტადიონია საჭირო.