ფეხბურთი

18:19 | 30.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

კახა ცხადაძე: “ძალიან საწყენია, რომ ნაკრების პრობლემების აფიშირება მოხდა”

“ინტერის” თავკაცმა აზერბაიჯანელ ჟურნალისტებს მოუბოდიშა


 

ბაქოს “ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ინტერნეტპორტალ azerifootball.com-სთვის მიცემულ ინტერვიუში თემურ ქეცბაიას წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ ამჟამად საქართველოს ეროვნული ნაკრების გაძღოლაზე არ ფიქრობს. 

- საერთო ჯამში, 2013 წელს თქვენთვის წარმატებულად მიიჩნევთ?

- გააჩნია რა კუთხით. მადლობა ღმერთს ყველა ჯანმრთელად ვართ. მეორე შვილიშვილი შემეძინა და რაიმეზე წუწუნი ცოდვა იქნება. სამწვრთნელო საქმიანობაზე კი იგივეს ვერ ვიტყვი. “ინტერს” საქმე ისე არ მისდიოდა როგროც მსურდა. ჩემპიონატში მესამე ადგილი ცუდი შედეგი არაა. თუმცა, ევროპის ლიგაზე უფრო შორს წასვლას ვგეგმავდით. მიუხედავად იმისა, რომ “ტრომსიო” საბოლოოდ ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა, მისი გავლა შეგვეძლო. ამის შემდეგ, ჩემპიონატში ცუდი პერიოდი დაგვიდგა. ყოველივე ამან, ჩემზე ცუდად იმოქმედა. ჟურნალისტებთანაც კი ვიჩხუბე, რაც ასევე მინუსია (იცინის).

- ასეთ შემთხვევაში 2014 წლისგან რას ელით?

- ჩემთვის ყველაზე მთავარი ახლობელი ადამიანების ჯანმრთელობაა, ხოლო “ინტერის” მიზნები უცვლელია. ჩემთვის მინიმალური მიზანი საპრიზო ადგილზე გასვლა და ევროთასებზე მოხვედრაა. დამდეგ წელს “ინტერმა” უფრო მეტი უნდა იმუშავოს, რომ გასულ წელს სულელურად დაკარგული ქულები დაიბრუნოს.

- ახლობლების ჯანმრთელობაზე საუბრისას, თქვენი შვილის მდგომარეობას გვერდს ვერ ავუვლით...

- ბაჩანამ ინდივიდუალურად ვარჯიში უკვე დაიწყო. ღმერთმა ინებოს, რომ მან ანთალიაში გუნდთან ერთად წვრთნა განაახლოს. პირველი კვირის განმავლობაში ბაჩო ინდივიდუალურად ივარჯიშებს, ხოლო შემდეგ გუნდს შეუერთდება. ექიმების თქმით, სერიოზული პრობლემები არაა. 

- ეტომ თავისი საქციელისთვის თქვენს შვილს მოუბოდიშა?

- შესაძლოა, ბოლო პერიოდში მოუბოდიშა, მაგრამ ეს ბაჩანასგან უნდა გაიგოთ. მე როგორც ვიცი, ეტოს არ მოუბოდიშებია. ის ეპიზოდი ვნახე და მომეჩვენა, რომ ბრაზილიელმა ჩემს შვილს განზრახ დაარტყა.

- შეიძლება კახაბერ ცხადაძეს ჟურნალისტების მეგობარი ვუწოდოთ?

- წელს ნამვილად არა (იცინის).

-პრობლემა რაში მდგომარეობს? პრესა არ გიყვართ თუ მიიჩნევთ, რომ ჟურნალისტების უმრავლესობა მიკერძოებულია?

- პრესას და კერძოდ, აზერბაიჯანელ ჟურნალისტებს პატივს ვცემ. ალბათ იცით, რომ საერთოდ რთული ხასიათი მაქვს. ამ ასაკში ჩემთვის ხასიათის შეცვლა ძნელია. ჩემი შეცდომა იყო, რომ მატჩის შემდეგ პრესკონფერენციებს არ ვესწრებოდი. ჟურნალისტებს საწყენი წაგებების შემდეგაც უნდა შევხვედროდი. ჩემი შეცდომის აღიარება  ყოველთვის შემიძლია, მაგრამ სხვაც უნდა ვთქვა. ვხედავ, რომ ზოგჯერ “ინტერსა” და მეც ცუდად გვეპყრობიან, გარკვეული მიკერძოება არის. პასუხისმგებლობის ასაღებად ყოველთვის მზად ვარ. იცით, წონასწორობას რის გამო ვკარგავ? დაე, მე ვერ მიტანენ, მაგრამ ჩემს ფეხბურთელებზე და კლუბზე თავდასხმა საჭირო არაა. როგორც ხედავთ, ობიექტურად შემიძლია ვაღიარო თუ რაიმე არასწორად გავაკეთე. თუმცა, ჩემს მიმართაც იგივე ობიექტურობას ვითხოვ. 

- თითოეული ჟურნალისტი ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ სპეციალისტად მიგიჩნევთ, რომელსაც ოდესმე აზერბაიჯანში უმუშავია. თქვენს კვალიფიკაციაში ეჭვი არავის ეპარება. უბრალოდ, თქვენს მიერ პრესკონფერენციებზე დასწრებაზე უარის თქმა, ჟურნალისტებმა ჩვენს მიმართ უპატივისცემულობად აღვიქვით. ხომ შეიძლებოდა, რომ ჟურნალისტები შეგეკრიბათ და ჩვენთან გესაუბრათ.    

- მართლაც კარგი იდეა მომაწოდეთ, რომელიც თავში არ მომსვლია. სამწუხაროდ, პრესასთან შეხვედრის ორგანიზება და უშუალო საუბარი არავინ მირჩია. მე მშვიდად ვაღიარებდი, რომ არასწორად მოვიქეცი. თუმცა, ამ შემთხვევაში საუბარი უპატივისცემლობაზე არ მიდის. უბრალოდ, სექტემბერში წაგებების სერიამ ჩემზე ცუდად იმოქმედა. ბოლოს და ბოლოს, რობოტი არ ვარ და შეიძლება წონასწორობა დავკარგო. თავად ვაფასებ ხალხს, ვისაც თავისი შეცდომების აღიარება შეუძლია. ბოდიშის მოხდა მამაკაცისთვის ცუდი თვისება არაა. ყველაზე ცუდია, როდესაც ადამიანს თავისი მინუსების დანახვა არ შეუძლია.  

- მატჩების შემდეგ, ცარიელი საპრესკონფერენციო დარბაზების შემხედვარე ჟურნალისტებზე ბრაზდებოდით?

- ჩემი აზრით, პრესის მხრიდან ბოიკოტი ასეთი ხანგრძლივი არ უნდა იყოს. მე პრესკონფერენციას რამდენიმეჯერ არ დავესწარი და ამას სისტემატური ხასიათი არ ჰქონია. გარკვეულწილად მივიჩნევ, რომ ჟურნალისტების ზედმეტი უსარგებლო პრინციპულობა და აგრესიულობაც მინუსია. ჟურნალიტს მწვრთნელისა და ფეხბურთელების გაკრიტიკების უფლება აქვს. ჩვენ ხომ ამის უფლება არ გვაქვს. ასეთ დროს ჩემს ადგილზე ყოფნას არავის ვუსურვებ. ყველაფერი მიმავალ წელს უნდა ჩაბარდეს და იმედია, მომავალში პრესასთან ასეთი გაუგებრობა აღარ შემექმნება.

- მართალი უნდა ითქვას, რომ ამის მოსმენა მოულოდნელია. თქვენ ტოპ-ჩემპიონატებში თამაშის დიდი გამოცდილება გაქვთ და ბოლოს და ბოლოს, ჩვენზე უფროსი ხართ. აქამდე, აზერბაიჯანში მწვრთნელებს პრესისთვის ბოდიში არასოდეს მოუხდიათ. ჩემი აზრით, პრობლემა არა მხოლოდ თქვენშია, არამედ, “ინტერშიც”. კლუბიდან ნაბიჯი არავინ გადადგა, რომ სიტუაცია მოეგვარებინა. ხომ არის პრესატაშე, კლუბის ხელმძღვანელობა, რომ მწვრთნელს მხარი დაუჭირონ. თქვენ ისედაც ბევრი საფიქრალი გაქვთ, რადგან, პირველ ყოვლისა, მწვრთნელი ხართ.

- ჩვენს კლუბში თავის სამუშაოს ყველა კეთილსინდისიერად ასრულებს. დამიჯერეთ, “ინტერის” თითოეული თანამშრომელი მარცხს ჩემსავით განიცდიდა. უბრალოდ, არავინ მირჩია, რომ ჟურნალისტები შემეკრიბა და პრობლემებზე მესაუბრა. იმედია, თქვენ და მთელმა პრესამ ჩემი პოზიცია გაიგო. ჟურნალისტების მუშაობას ძალიან ვაფასებ. ნებისმიერ ამინდში თქვენ სტადიონებზე დადიხართ და თუ ფეხბურთის განვითარება გვინდა, პრესის როლი ამაში ძალიან დიდია. მოდით ახლა ჩავთვალოთ, რომ ერთმანეთს გავუგეთ.

 - გუნდის ამჟამინდელი მდგომარეობა გაკმაყოფილებთ?

- მეოთხე ადგილი? რა თქმა უნდა, არა! საერთოდ, არ მახსოვს, რომ კლუბში ჩემი მუშაობის პერიოდში, “ინტერი” ზამთრის შესვენების დროს მესამე ადგილზე ქვემოთ ყოფილიყო. სეზონის სტარტი მართლაც “ჩავაგდეთ” და კმაყოფილი როგორ ვიქნები?

- “ინტერში” ყველაზე პრობლემური რომელი პოზიციებია?

- პირველ ყოვლისა, თავდასხმა. ბაჩანას ტრავმის შემდეგ, იძულებული ვიყავი შეტევის ხაზში ნახევარმცველები, მეზ კოლი და ჯავადოვი გამომეყენებინა. ამიტომ, გამტანი თავდამსხმელი გვჭირდება. შესაძლოა, კიდევ ერთი მცველი შევიძინოთ.

- ალბათ, სეზონის მსვლელობის დროს წარუმატებელ ტრანსფერებზე არაერთხელ გიფიქრიათ?

-  მართლაც ასეა. ბრაზილიელებმა ჟოაო პაულომ და ფლავიო ბეკმა ჩვენი მოლოდინი არ გაამართლეს. ილჩო ნაუმოვსკი ზედმეტი 6 კილოგრამით ჩამოვიდა და სათამაშო ფორმის აღსადგენად არაფერი გაუკეთებია. გასული სეზონის ბოლოს, ძალიან მაღალი კლასის ფეხბურთელებთან ვიყავით შეთანხმებულნი, მაგრამ სხვა და სხვა მიზეზების გამო, ეს ტრანსფერები ჩაიშალა და მხოლოდ დრო დავკარგე. “მარიეჰამნთან” თამაშამდე ორი კვირით ადრე, ავსტრიაში შეკრებაზე სათადარიგოთა სკამზე მოთამაშე საერთოდ არ გვყავდა. აჩქარება მოგვიწია და ამიტომ შეცდომები დავუშვით. ზოგიერთი ახალწვეული არცთუ მაღალი კლასის აღმოჩნდა, ხოლო ზოგიერთმა ადაპტაცია ვერ გაიარა.

- სასელექციო “ჩავარდნაში” მთავარი დამნაშავე ვინაა?

- როგორ თუ ვინ? მე და კიდევ ერთხელ მე. “ინტერის” მიერ ნაჩვენებ ყველა შედეგზე პასუხს პირადად ვაგებ – როგორც დადებითზე, ასევე, უარყოფითზე. სხვაზე რაიმეს გადაბრალება არ მახასიათებს. მართალია, კლუბში მოვალეობები გარკვეულწილად განაწილებულია და ზოგიერთ სატრანსფერო შეცდომაზე პასუხისმგებელი მხოლოდ მე არ ვარ. თუმცა, ეს უკვე “ინტერის” საშინაო საქმეა და მზად ვარ მთელი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ავიღო, ვიდრე კლუბის “შიდა სამზარეულოში” მომხდარი გარეთ გამოვიტანო.

- “ნეფთჩისთან” წაგების შემდეგ გადადგომაზე ფიქრობდით?

- კი არ ვფიქრობდი, არამედ, გადავდექი. ბევრმა არ იცის, რომ ეს ორჯერ მოხდა. პირველად ევროპის ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ, ხოლო მეორედ თქვენს მიერ მითითებულ პერიოდში. უფრო რომ დავკონკრეტდეთ, “სიმურგთან” მარცხის მერე. თუმცა, ჩვენმა საპატიო პრეზიდენტმა ჯახანგირ გაჯიევმა გადამარწმუნა. მან განაცხადა, რომ ჩემი სჯერა და გაშვებას არ აპირებს. მხარდაჭერისთვის გაჯიევის მადლობელი ვარ. დღესდღეობით, ფეხბურთში ასეთი ხელმძღვანელი ცოტას თუ ჰყავს.

- იმ პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ნაკრებს გაწვრთნიდით...

-საქართველს ნაკრებს ჰყავს მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია, რომელსაც დიდ პატივს ვცემ. გარკვეულ მომენტში ნაკრებში უთანხმოება წარმოიშვა, მაგრამ ეს წარსულს ჩაბარდა. ძალიან საწყენია, რომ ნაკრების პრობლემების აფიშირება მოხდა. ყველაფერი კოლექტივის შიგნით უნდა დარჩეს. ქეცბაიას წარმატებას მთელი სულითა და გულით ვუსურვებ. ნაკრებში ჩემი შესაძლო მისვლის შესახებ ინფორმაცია სინამდვილისგან ძალიან შორსაა.  

- დამაინც, თუ მიგიწვევენ? თავისი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში მუშაობა ხომ ნებისმიერი მწვრთნელის ოცნებაა...

- მე უკვე გითხარით თუ როგორ დამიჭირა მხარი ჯახანგირ გაჯიევმა. მშობლებმა მასწავლეს, რომ კარგზე კარგით უნდა ვუპასუხო. ამის შემდეგ, როგორ შემიძლია შუა სეზონში “ინტერი” მივატოვო? ჩემი კეთილდღეობისთვის ახლობელ ადამიანებს პრობლემებს არასოდეს შევუქმნი. ჩემთვის “ინტერი” რა არის? ეს მართლაც უკვე ოჯახია და ამ სიტყვებს ტყუილუბრალოდ არ ვამბობ. ბატონმა გაჯიევმა მხარი ყველაზე რთულ პერიოდში დამიჭირა. ალბათ, ასეთ დროს, კლუბების მეპატრონეთა 99 პროცენტი მწვრთნელს გაუშვებდა. ეს ხომ ყველაზე ადვილია – მწვრთნელის თავიდან მოშორება. თუმცა, კლუბის საპატიო პრეზიდენტმა ისეთი სიტყვები მითხრა, რომ ამის შემდეგ მივხდი – “ინტერი” ჩემთვის მხოლოდ სამუშაო ადგილი კი არა, არამედ ოჯახია, ჩემი შემადგენელი ნაწილია.

0.118929