ფეხბურთი

13:44 | 10.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

კახა ცხადაძე ჩემპიონობაზე ფიქრობს

 მიუხედავად იმისა, რომ ბაქოს “ინტერი” აზერბაიჯანის ჩემპიონატში 10 ქულით ჩამორჩება ლიდერ “ყარაბაღს”, კახა ცხადაძე ჩემპიონობაზე მაინც ფიქრობს. “ინტერს” საშინელი სტარტი ჰქონდა ჩემპიონატში, შემდეგ კი გამოასწორა მდგომარეობა, თუმცა საწყის 7 ტურში დაკარგული ქულების გამო, ახლა ამხელა სხვაობით ჩამორჩება ლიდერს.

“7 მატჩიდან 6 წაგება გვქონდა, ამჯერად კი მესამეზე ვართ. გუნდს მადლობას ვუხდი გაწეული სამუშაოსთვის, ახლა კი იგივე ტემპით უნდა გავაგრძელოთ და ევროთასებზე გავიდეთ. გასულ ტურში “სუმგაითს” გამოცდილების ხარჯზე ვაჯობეთ. 1:0 დამაჯერებელი ანგარიში არაა, მაგრამ ბევრი მომენტი გვქონდა და უნდა გამოგვეყენებინა. წინ კიდევ ბევრი თამაშია და ევროთასებზე გასვლა პროგრამა-მინიმუმია. ამასთან, ჩემპიონობაზეც ვფიქრობთ. “ყარაბაღი” ამ სეზონში ძალიან ძლიერია, დამსახურებულად ლიდერობს, მაგრამ ჯერ ვერავინ იტყვის, რომელი გუნდი გახდება ჩემპიონი”.

როგორც იცით, კახა ცხადაძის ვაჟმა, ბაჩანამ საქართველო-ლიხტენშტაინის მატჩში ბოლო ნახევარი საათი ითამაშა. “ინტერის” მწვრთნელმა განაცხადა, რომ მისი მხრიდან ბაჩანას სანაკრებო თამაშის შეფასება არასწორი იქნებოდა.

“ეს შეუძლია მხოლოდ ნაკრების მწვრთნელს. უბრალოდ, მე ვისურვებდი, რომ ბაჩანა სასარგებლო იყოს ნაკრებისთვის”.

0.164189