ჭიდაობა

17:26 | 8.11.2012 | ნანახია [] - ჯერ

კავკასიური მედალთცვენა

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მომავალი თაობა სომხეთსა და აზერბაიჯანში გამართული საერთაშორისო ტურნირებიდან მედლებით დატვირთული დაბრუნდა.
ერევანში 19-წლამდელთა ღია პირველობა ჩატარდა, რომელზეც თბილისის, ქუთაისისა და აჭარის გუნდები გამოვიდნენ და თავი არც ერთს არ შეურცხვენია.
თბილისელმა სპორტსმენებმა, რომლებსაც თენგიზ ღამბაშიძე და ელგუჯა ქობესაშვილი ავარჯიშებენ, 1 ოქროსა და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ბუჭია აფხაზიშვილი (120 კგ) ავიდა, მესამე ადგილები კი ლაშა აბუთიძემ (50 კგ), გიორგი რევაზიშვილმა (60 კგ), ტარიელ გაფრინდაშვილმა (66 კგ), ლევან მურადხანაშვილმა (74) და მიხეილ კეკელიძემ (120 კგ) დაიკავეს.
ქუთაისის გუნდმა (მწვრთნელი რამაზ ჩაჩხიანი) შინ 2 ოქრო და 3 ბრინჯაო წამოიღო. ჩემპიონები ჭაბუკებს შორის მსოფლიოს წლევანდელი ჩემპიონი და ევროპის პრიზიორი ომარ გურჯიძე (66 კგ) და გიორგი ბრეგაძე (55 კგ) გახდნენ, ხოლო გიორგი შენგელია (84 კგ), საბა დეკანოიძე (84 კგ) და დავით ლოლაშვილი (96 კგ) – ბრინჯაოს პრიზიორები.
აჭარის ნაკრებმა (მწვრთნელი მარად არზენაძე) 1 ოქრო და 3 ბრინჯაო მოიპოვა. ტურნირი წაუგებლად ჰუსეინ ირემაძემ (96 კგ) ჩაამთავრა,რამაზ დარჩიძე (55 კგ), ჭაბუკებში ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორი შოთა ფარტენაძე (60 კგ) და დავით უნგიაძე (74 კგ) კი ბრინჯაოს მედლებს დასჯერდნენ.
ამ ტურნირის პარალელურად, განჯაშიც გაიშალა საჭიდაო ხალიჩები, ტრადიციული საერთაშორისო ტურნირის სამასპინძლოდ, ოღონდ უფროსებს შორის. ქართულმა გუნდმა თითო ოქრო-ვერცხლი და 6 ბრინჯაო დაიმსახურა.
ყველაზე შედეგიანად ზვიად მეტრეველმა (96 კგ) იჭიდავა, და უმაღლესი ტიტულიც დამსახურებულად ირგუნა. მძიმეწონოსან გიორგი კვირჭიშვილს ჩემპიონობამდე ფინალის მოგებაღა დააკლდა. მალხაზ ბურჯალიანი (60 კგ), გიორგი ლობჟანიძე (66 კგ), ილია ხუციშვილი, დიმიტრი ბასილაშვილი (ორივე 74 კგ), ოთარ უროტაძე (84 კგ) და მირიან ბურდული (120 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილს დასჯერდნენ.
 

ოთარ მაღლაკელიძე

0.133625