ინტერვიუები

14:59 | 10.09.2012 | ნანახია [] - ჯერ

კასილიასი და ჩავი: “არ აქვს მნიშვნელობა, მეტოქე რა ძალისაა და როგორ თამაშობს – სტილს არ ვღალატობთ”

სასტუმრო “რედისონის” საპრესკონფერენციო დარბაზში ვისენტე დელ ბოსკემდე იკერ კასილიასმა და ჩავიმ ისაუბრეს ჟურნალისტებთან. განსაკუთრებული არც ერთს უთქვამს და არც მეორეს – აღნიშნეს, რომ საქართველოს სერიოზულ მეტოქედ აღიქვამენ, მათთვის უცხო მეტოქეა და ასევე, შესარჩევ ეტაპზე ფეხის დაცდენის უფლება არ აქვთ, რადგან შესაძლოა, ამან ბრაზილიისკენ მიმავალი გზა გაურთულოთ. საუბარია 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე:
- როგორ მატჩს ელით?
ჩავი: - ეს თამაში უაღესად მნიშვნელოვანია. უნდა მოვიგოთ არა მხოლოდ იმიტომ, რომ მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონები ვართ, არამედ იმიტომაც, რომ შესარჩევი ეტაპი წარმატებით დავიწყოთ და სიტუაცია არ გავირთულოთ. საქართველოს ნაკრები სერიოზული მეტოქეა. ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ და წარმატებას მივაღწიოთ.
კასილიასი: - მოტივირებულები ჩამოვედით. ხვალ პირველი ოფიციალური მატჩი გველის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ. გვსურს, მოგებით დავიწყოთ შესარჩევი. ასეთივე მოტივირებულები ვიქნებით საფრანგეთთან, ფინეთთან და ბელარუსთან მატჩებში.
- უკვე იცით, როგორი ტაქტიკური სქემით ითამაშებთ?
ჩავი: - სქემას ვერ გეტყვით, მაგრამ ჩვენი თამაშის მანერა არ შეიცვლება. გვაქვს იმის ძალა, რომ საქართველოსთან დომინანტები ვიყოთ. ბრაზილიისკენ მიმავალი გზა ხვალიდან იწყება.
- ბევრი მიიჩნევს, რომ ესპანეთის ნაკრების გამოკვეთილ სათამაშო მანერას ალღოს აუღებენ. ამის გამო რაიმეს შეცვლას არ აპირებთ?
კასილიასი: - ჩვენ ამ სტილმა მიგვიყვანა გამარჯვებამდე. “რეალსა” და “ბარსელონას” თავიანთი სათამაშო მანერა აქვთ, რასაც არ ღალატობენ. ასევე ხდება ესპანეთის ნაკრებშიც და მივყვებით ბოლომდე. არ აქვს მნიშვნელობა, მეტოქე რა ძალისაა და როგორ თამაშობს.
ჩავი: - იკერმა აბსოლუტურად ზუსტად ჩამოაყალიბა. ჩვენ არ ვაპირებთ სათამაშო მანერის შეცვლას.
- საქართველოს ნაკრებზე რა ინფორმაცია გაქვთ? რომელიმე ქართველ ფეხბურთელს გამოარჩევთ?
კასილიასი: - ვნახეთ ბელარუსთან მატჩის ჩანაწერი. საქართველომ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. გამოვარჩევდი მეკარე ლორიას, ანანიძესა და ოქრიაშვილს.
 

 

ილია ნანობაშვილი

 

0.17616