ლვოვის “კარპატის” შემადგენლობაში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი, მახარე ახალაია გამოჩნდა.
20 წლის შემტევმა ნახევარმცველმა ლვოველთა დუბლშემადგენლობაში უკვე სამი მატჩი ჩაატარა და გასულ ტურში, შინ დონეცკის “შახტიორის” სარეზერვო გუნდთან მოგებულ (2:1) მატჩში, პენალტიდან ანგარიში გაათანაბრა.
“უკრაინის მოქალაქეობა მაქვს, მაგრამ საქართველოდან ჩამოვედი, როდესაც სინჯებზე მიმიწვიეს. ლვოვში ძალიან მომწონს. ადგილობრივებთან ურთიერთობა სასიამოვნოა. შეძლებისდაგვარად, ვურთიერობ ლევან ყენიასთან და მურთაზ დაუშვილთან, მაგრამ მათ ხშირად ვერ ვხედავ. ჩვენ ხომ სხვადასხვა გუნდში ვვარჯიშობთ. რა თქმა უნდა, ვოცნებობ, რომ დროთა განმავლობაში სასტარტო შემადგენლობაში მოვხვდე” – იუწყება ახალაიას სიტყვებს “კარპატის” ოფიციალური ვებგვერდი.
შეგახსენებთ, რომ “კარპატის” დუბლშემადგენლობაში თამაშობს ამბროსი ჩაჩუა, ხოლო პირველ გუნდში, ყენია და დაუშვილი გამოდიან.