ინტერვიუები

11:19 | 11.02.2012 | ნანახია [] - ჯერ

“კარპატი” “ზესტაფონისთვის” 360 ათასი ევროს გადახდას თავს არიდებს

უკრაინული “კარპატის” ნახევარმცველ მურთაზ დაუშვილსა და მის ყოფილ კლუბ “ზესტაფონს” შორის ბოლოდროინდელ ურთიერთობებზე არაერთხელ დაგვიწერია. ქართული მხარე ფეხბურთელს კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე ლვოველებთან მჭიდრო საქმიან დამოკიდებულებაში ადანაშაულებდა (რაც 2011 წლის აგვისტოში “კარპატისთან” კონტრაქტის გაფორმებაში აისახა) და სწორედ ამის გამო იყო, რომ 22 წლის დაუშვილს იმერულ გუნდში ყოფნის ბოლო 5 თვის განმავლობაში, მხოლოდ “ზესტაფონის” დუბლშემადგენლობაში ვარჯიშის საშუალება ეძლეოდა.

საქმეს ისეთი პირი უჩანს, საქართველოს ეროვნული ნაკრების საყრდენი ნახევარმცველის ირგვლივ ქართულ-უკრაინული გაწევ-გამოწევა კიდევ გაგრძელდება. ყოველ შემთხვევაში, “მსოფლიო სპორტის” ინფორმაციით, “კარპატი” “ზესტაფონისთვის” საკომპენსაციო თანხის - 360 ათასი ევროს გადახდას არ აპირებს. ვიდრე ქართველებისადმი ლვოველთა “საქმიან” წინადადებაზე ვიტყოდეთ, ამ თანხის წარმომავლობას განვმარტავთ. ბევრმა ხომ ასე იცოდა - რადგან დაუშვილი “კარპატის” თავისუფალი აგენტის რანგში შეუერთდა, ამით მისი ყოფილი გუნდი “მშრალზე დარჩა”.
საკითხში გარკვევა სფფ-ის გენერალური სამდივნოს უფროსს - რევაზ შენგელიას ვთხოვეთ. მოგეხსენებათ, იგი ქართულ კლუბებს სატრანსფერო თემაზეც უწევს კვალიფიცირებულ კონსულტაციებს.
რევაზ შენგელია (სფფ-ის გენერალური სამდივნოს უფროსი): “უკრაინის პრემიერლიგა ეროვნული ჩემპიონატების II კატეგორიაში ხვდება. ამდენად, როცა მასში მონაწილე რომელიმე გუნდი 23 წლამდე ფეხბურთელს თუნდაც თავისუფალი აგენტის რანგში აიყვანს, ამ ფეხბურთელის ყოფილ გუნდს მისგან საკომპენსაციო თანხა ეკუთვნის. ამ კატეგორიის ქვეყნისთვის წლიური თანხა 60 ათას ევროს შეადგენს, რომელიც მრავლდება საფეხბურთო სეზონების იმ რაოდენობაზე, რამდენიც ფეხბურთელმა 21 წლის შესრულებამდე დაჰყო თავის წინა პროფესიულ კლუბში”.
ერთი შეხედვით, “ზესტაფონის” მესვეურებს “თავი ქუდში” აქვთ - დაუშვილი “კარპატიში” 23 წლის შესრულებამდე 4 თვით ადრე - წლეულს იანვარში გადავიდა, იმერელთა რიგებში კი, 21 წლის შესრულებამდე 6 სეზონი (2005 წლის იანვრიდან) თამაშობდა. თუმცა, ეს მხოლოდ ერთი შეხედვითაა. საქმე ის გახლავთ, რომ “ზესტაფონის” ოფიციალურ მიმართვაზე, რითაც “კარპატის” კუთვნილი საკომპენსაციო თანხის გადახდა შეახსენეს, უკრაინელებმა არაოფიციალურად შემოთვალეს - თუ გინდათ, 50 ათას ევროს გადაგიხდით, თუ არადა, 1 მაისამდეც მოვიცდით და საერთოდ ვერაფერს მიიღებთო.
და რა ხდება 1 მაისს? - მურთაზ დაუშვილს 23 წელი უსრულდება. თუ ამ დღემდე “კარპატიმ” საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისგან ფეხბურთელის სატრანსფერო ფურცელი არ გამოითხოვა (რაც მას დღემდე არ გაუკეთებია), “ზესტაფონი” ლვოველებისგან ფულს ვეღარ მიიღებს.
ეს ასე რომ მოხდეს, მურთაზ დაუშვილი ორმაგად დაზარალდება. ჯერ ერთი, ახალ კლუბთან გაფორმებული კონტრაქტი TMS სისტემით ვერ დარეგისტრირდება და შესაბამისად, მას “კარპატის” რიგებში ოფიციალურ მატჩში მონაწილეობის უფლება არ მიეცემა. მეორეც, “ჯვაროსანთა” თავკაც თემურ ქეცბაიას, შესაძლოა, მისდამი ნდობა დაეკარგოს (ვიღას უნდა ეროვნულ ნაკრებში სათამაშო პრაქტიკას მოკლებული ფეხბურთელი).
რაც შეეხება ზესტაფონელთა ზარალს, რომელიც “კარპატის” მესვეურთა ზემოთ ნახსენებ საქციელს მოჰყვება - უმაღლეს საფეხბურთო ორგანოში (ფიფა) “ზესტაფონის” ჩივილის შემდეგ, აღნიშნული თანხის ანაზღაურების დიდი ალბათობა არსებობს. თუმცა, მოდით, ისევ სფფ-ის ოფიციალური წარმომადგენლის სიტყვებით “გავნათლდეთ”.
რევაზ შენგელია: “თუ უკრაინელები ასე მოიქცევიან, ეს დაემსგავსება იმას, რომ გუნდი თავს არიდებს კომპენსაციის გადახდას. დაუშვილი “კარპატიში” რომ თამაშობს, ყველამ იცის. მას უკვე 4 საკონტროლო მატჩი აქვს გამართული. თუ ეს საკითხი ფიფაში გარჩევამდე მივიდა, ამ გარემოებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. სიმართლე გითხრათ, ეჭვი მეპარება, უკრაინელებმა საქმე აქამდე მიიყვანონ - ჩვენ ყოველდღე ველით უკრაინის ფედერაციიდან დაუშვილის საერთაშორისო სატრანსფერო სერტიფიკატის მოთხოვნას”.
“მსოფლიო სპორტი” ლვოვში მყოფ, ქართულ-უკრაინული სატრანსფერო დაპირისპირების უნებლიე მონაწილეს - მურთაზ დაუშვილს ტელეფონით დაუკავშირდა.
- მურთაზ, როგორ მიდის მზადება? თუ არ ვცდებით, “კარპატი” მორიგ შეკრებაზე წასვლას აპირებს...
- ზეგ თურქეთში მივდივართ, მე-3 შეკრებაზე.
- როგორ შეეწყვეთ ახალ გუნდს, როგორ მიგიღეს ახალმა თანაგუნდელებმა?
- ყველაფერი კარგადაა. ადაპტაციის პერიოდი მშვენივრად მიმდინარეობს. ამ მხრივ პრობლემა არ შემქმნია.
- კონტრაქტიც ხომ შევიდა ძალაში?
- კარგა ხანია, ჯერ კიდევ 1 იანვარს.
- წინა თურქულ შეკრებაზე “კარპატის” ყველა სპარინგში ითამაშეთ. პრესაც არ გქონდათ ცუდი. სჩანს, გუნდის ხელმძღვანელობა გემადლიერებათ და ძირითადში დამკვიდრება არ უნდა გაგიჭირდეთ...
- ვის სად დააყენებს, ეს უკვე მწვრთნელის გადასაწყვეტია. ჯერ შეკრებებია და ყველას ეძლევა თავის გამოჩენის საშუალება. აქ სინჯებზეც არის ბევრი ფეხბურთელი და მათ აკვირდებიან. ასე რომ, არავინ იცის, ვინ იქნება ძირითადში და ვინ სკამზე.
- “კარპატისა” და “ზესტაფონს” შორის არსებულ ფინანსურ უთანხმოებაზე თუ გსმენიათ რამე?
- ამ საკითხზე ინფორმაციას ნამდვილად არ ვფლობ. ალბათ, კლუბები ერთმანეთს დაუკავშირდებიან და შეთანხმდებიან.
- ე.ი. ჩვენგან მოგიწევთ ახალი ამბის გაგება. ჩვენი ინფორმაციით, იმისთვის, რომ “ზესტაფონს” თქვენში კუთვნილი საკომპენსაციო თანხა არ გადაუხადოს, “კარპატი” არ აპირებს მოითხოვოს სფფ-დან სატრანსფერო ფურცელი 1 მაისამდე - ვიდრე 23 წელი არ შეგისრულდებათ. თუ ასე მოხდა, ჩათვალეთ, რომ მანამდე, ვიდრე ამ ფურცელს “კარპატი” არ მიიღებს, ამ გუნდში ოფიციალურ მატჩს ვერ ჩაატარებთ.
- ეს კიდევ გასარკვევია. მე კლუბში ვიკითხე და მითხრეს - ყველა მატჩს ითამაშებო. ეს ჩემს დონეზე არ წყდება, მაგრამ მეუბნებიან, რომ ამ მხრივ არავითარი პრობლემა არ შემექმნება. საკომპენსაციო თანხა რამდენია და როგორ გადაიხდიან მას, ეს მე არ მეხება.
- ასარჩევი რომ იყოს, ახალი კლუბის ფინანსურ ინტერესებსა და სათამაშო პრაქტიკას შორის რომელს აირჩევდით?
- რა თქმა უნდა, მოცდას თამაში მირჩევნია. ახლა იმის თქმა შემიძლია, რომ არაფერი ვიცი, რაც ხდება გუნდებს შორის. აქ მეუბნებიან, რომ ყველაფერი კარგადაა. ჩემი საქმე კი ისაა, რომ კარგად მოვემზადო, რათა გავიდე მინდორზე და დავამტკიცო, რომ ძირითადში თამაშის ღირსი ვარ. შესაძლოა, თქვენი ინფორმაციაა არაზუსტია და ყველაფერი ხვალ ან ერთ კვირაში გაირკვეს. ჩემს ახლანდელ გუნდს აქვს დრო იმისათვის, რომ ჩემთან დაკავშირებით კარგად ჩამოყალიბდეს. ჩემპიონატი 3 მარტს განახლდება და ვიმედოვნებ, ყველაფერს მოაგვარებენ.
 
 
ფრიდონ კერვალიშვილი
 
 

 

0.163758