ფეხბურთი

16:46 | 8.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

“კარპატელმა მარადონამ” გორის “დილა” შეაქო

 

გორის “დილას” თურქული შეკრება გრძელდება. შეგახსენებთ, რომ ამ დღეებში, შიდაქართლელებმა 2 ამხანაგური სპარინგ-მატჩი გამართეს. ჯერ აზერბაიჯანულ ზაქათალას “სიმურგს” დაუზავდნენ (3:3), შემდეგ კი რუმინული კონსტანცას “ვიტორულს” (1:1). გორელთა მთავარი მწვრთნელის, გიორგი დევდარიანის თქმით, მზადება გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, გუნდი ორჯერად ვარჯიშებს ატარებს და საბედნიეროდ, ტრავმირებული არავინაა.

გიორგი დევდარიანი: “რუმინელებთან მატჩზე ცოტა დღლილები ჩავედით, თითქმის 3 საათი ვიმგზავრეთ, თანაც სტადიონი ზღვის დონიდადნ 1 400 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობდა, განსხვავებულმა კლიმატმა და წნევის ცვალებადობამ თავისი დაღი დაასვა შეხვედრას, თუმცა ბიჭების თამაშით მაინც კმაყოფილი ვარ. ეგ არის, ორივე მატჩის მეორე ტაიმებში ცოტა გაგვიჭირდა და ამას ყურადღებას მივაქცევთ. სამშაბათს, ბოლო სპარინგს თურქეთის პირველი ლიგის წარმომადგენელთან ჩავატარებთ და 10 ივლისს საქართველოში გამოვემგზავრებით.

- ნუკრი რევიშვილი როგორ ფორმაშია? (ეროვნული ნაკრებისა და რუსული “კრასნოდარის” მეკარე, “დილამ” ამ ზაფხულს დაიმატა – რედ).

- ნუკრი თამაშიდან თამშამდე უმატებს და სასურველ ფორმას უახლოვდება.

”დილას” მენეჯერის, გია ისიანის თქმით, გორელები ბოსფორის სრუტეში იმყოფებიან და მომზადებისთვის ყველანაირი პირობა აქვთ შექმნილი, მარტო 4 სავარჯიშო მოედანი რად ღირს.

გია ისიანი: “რუმინელებთან მატჩის შემდეგ, საინტერსო იყო ლეგენდარული ფეხბურთელის, ამჟამად კი კლუბ “ვიტორულის” მფლობელის, გეორგე ჰაჯის შეფასება. მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა ჩვენი ასეთი კარგი თამაში. საერთოდ, ქართული ფეხბურთის შესახებ ბევრი გამეგო და “დილას” სახით ზუსტად ის ვიხილე, რასაც ველოდიო – გვითხრა “კარპატელმა მარადონამ.”

სამშაბათს, თურქებთან მატჩზე “ოლბორგის” დამკვირვებლებიც ჩამოვლენ. ჩვენს გუნდში კი კარგი ის არის, რომ დიდი კონკურენციაა. უეფას ტურნირის განაცხდში ყველას უნდა მოხვედრა და თავს არ ზოგავენ.”

ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს, ”დილა” დანიურ “ოლბორგთან” შინ, 18 ივლისს გამართავს.


0.135084