მიუხედავად მწვრთნელად მუშაობის 20 წლიანი გამოცდილებისა, კარლუშ კეირუში მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდს პირველად 2010 წელს წაიყვანს. ტურნირისგან განსხვავებით, პორტუგალიელისთვის ნაცნობია მისი მასპინძელი ქვეყანა. 2000-2002 წლებში კეირუში სამხრეთ აფრიკას თავკაცობდა და “ბაფანა ბაფანას” მოაპოვებინა კიდეც კორეა-იაპონიის მუნდიალის საგზური, მაგრამ ტურნირის დაწყებამდე გუნდი დატოვა და სამუშაოდ ინგლისს მიაშურა. სამხრეთ აფრიკის მუნდიალის დაწყებამდე 75 დღით ადრე, ფიფას ოფიციალური ვებ-გვერდის წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს 57 წლის, მოზამბიკში დაბადებულ მწვრთნელთან ინტერვიუს ჩაწერა.
- როგორ მიმდინარეობს პორტუგალიის ნაკრების წინასამუნდიალო მზადება?
- ჩვენი გუნდი უფრო და უფრო ვითარდება. ამჟამად ვმუშაობთ გუნდში მაქსიმალურად ჰარმონიული სიტუაციის შექმნაზე.
- ჩემპიონატის დაწყებამდე არცთუ ბევრი დროა. რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ნაკრებს ჯერ მოგვარებული არ აქვს?
- ამჟამად ჩვენი უმთავრესი საზრუნავია ფეხბურთელთა ჯანმრთელობა. მთავარია მათ ტრავმები არ მიიღონ. როდესაც გუნდთან ერთად დიდ მიზნებს ისახავ, მნიშვნელოვანია გადამწყვეტი ეტაპის დადგომის დროს შენი ფეხბურთელები სათანადო მდგომარეობაში იყვნენ.
- საკვალიფიკაციო ეტაპი პორტუგალიის ნაკრებმა რთულად დაიწყო, მაგრამ შემდეგ მდგომარეობა გამოასწორა. ბოლო 4 მატჩში თქვენ გაიტანეთ 8 გოლი, ხოლო საკუთარ კარში არცერთი მიგიღიათ. შემდეგ კი იყო ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გამართული ფლეი-ოფის მატჩები და ფინალური ეტაპის საგზურის მოპოვება. როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია ეს დადებითი ცვლილებები?
- ეჭვგარეშეა, რომ ეს იყო რწმენა. ჩვენ ყოველთვის გვწამდა, რომ პორტუგალია სწორი მიმართულებით მოძრაობდა. მჯეროდა, რომ საკვალიფიკაციო ეტაპის სტარტზე ნაჩვენები ცუდი შედეგები მუნდიალის საგზურის მოპოვებაში ხელს ვერ შეგვიშლიდა. ასე რომ, ჩვენს თამაშში გარდამტეხის შემტანი რწმენა იყო.
- თქვენ გარკვეული დროის განმავლობაში ცხოვრობდით სამხრეთ აფრიკაში. როგორ ფიქრობთ, გამოგადგებათ 2 წლის განმავლობაში მიღებული გამოცდილება 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის დროს?
- დიდი სურვილი მაქვს გამოვიყენო სამხრეთ აფრიკის ნაკრების მწვრთნელობის დროს მიღებული გამოცდილება. ვიცნობ აქაურ ხალხს და აქაურ გარემოს ზამთრის დროს. სამხრეთ აფრიკასთან დაკავშირებით არაერთი მოგონება დამრჩა და ვცდილობ ისინი გამოვიყენო ნაკრებთან მუშაობის დროს. ამას ვაკეთებ იმისათვის, რომ პორტუგალიის ნაკრებისთვის ეს ქვეყანა სიურპრიზი არ იყოს.
- შეგიძლიათ დაგვისახელოთ ის პორტუგალიელი ფეხბურთელები, რომლების თამაშითაც ამჟამად ხართ მოხიბლული?
- ამჟამად ჩვენ გვაქვს ფეხბურთელების დაახლოებით 40 კაციანი სია, რომელშიც შემავალ მოთამაშეებს ყურადღებით ვადევნებთ თვალს. მსოფლიოს ჩემპიონატისთვის გუნდის ძირითადი ბირთვი არ შეიცვლება. მაგრამ, რა თქმა უნდა, ნაკრების კარი ჯერ კიდევ ღიაა. ყოველთვის მზად ვართ გუნდში ვუხმოთ საუკეთესო პორტუგალიელ ფეხბურთელებს. მათ, ვინც თავი კლუბში კარგად წარმოაჩინა და სურს ნაკრებისთვის ყველაფერი გაიღოს.
მოამზადა მიშა ზაქარეიშვილმა