ლონდონში მიმდინარე პრეტენდენტთა ტურნირზე უკვე 9 ტური მიილია და ერთპიროვნული ლიდერიც გამოიკვეთა. უმთავრეს ფავორიტად შერაცხულმა მაგნუს კარლსენმა (2872) თავი 6.0 ქულას მოუყარა და უახლოეს მდევარ სომეხ ლევონ არონიანს (2809) ნახევარი ქულით გაასწრო.
ცნობისთვის, კარლსენს ტურნირზე 3 პარტია აქვს მოგებული, 6 კი ყაიმით დასრულა. ნორვეგიელ ვუნდერკინდს მე-9 ტურამდე ტოლს არაფერში უდებდა არონიანი, თუმცა, გასულ სატურნირო დღეს შავი ფიგურებით ისრაელის წარმომადგენელ ბორის გელფანდთან (2740) დამარცხდა და თანალიდერობა დათმო.
მე-3 ადგილზე რუსი ვლადიმირ კრამნიკი (2810) იმყოფება 5.0 ქულით, ხსენებული გელფანდის და ალექსანდრე გრიშჩუკის (2764) აქტივში კი 4.5-4.5 ქულაა.
მე-10 ტურში, რომელიც 27 მარტს შედგება, კარლსენი გელფანდს ეთამაშება, არონიანი – უკრაინელ ვასილი ივანჩუკს (2757), გრიშჩუკი კი – კრამნიკს. კიდევ ერთ პარტიაში ერთმანეთს აზერბაიჯანელი ტეიმურ რაჯაბოვი (2793) და რუსი პიოტრ სვიდლერი (2747) დაუპირისპირდებიან.
ცნობისთვის, პრეტენდენტთა ტურნირი 14 ტურად მიმდინარეობს, საჭიროების შემთხვევაში კი, ტაი-ბრეიკი დახურვის დღეს, 2 აპრილს გაიმართება.