ინდოეთის ქალაქ ჩენაიში გრძელდება მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის მატჩი, რომელშიც ერთმანეთს მოქმედი ჩემპიონი ინდოელი ვიში ანანდი (2775) და ნორვეგიელი მაგნუს კარლსენი (2870) უპირისპირდებიან.
მატჩში უკვე 8 ტური მიილია და თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ნორვეგიელი მიზანთან გაცილებით ახლოს არის. კარლსენმა მე-5 და მე-6 პარტიებში გამარჯვება იზეიმა, დანარჩენი კი ყაიმით დაასრულა და 5:3-ს იგებს.
მომავალი პარტიები 21, 22, 24 და 26 ნოემბერს შედგება და იოლი გამოსათვლელია, რომ მაგნუსს ჩემპიონობისთვის ქულანახევრის აღებაღა სჭირდება. საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ტაი-ბრეიქი 28 ნოემბერსაა დანიშნული, დროის კონტროლი კი ასეთია: 120 წთ. პირველ 40 სვლაზე+60 წთ. 20 სვლაზე+15 წთ. პარტიის ბოლომდე+30 წამი, დროის დამატება 61-სვლიდან.
ასპარეზობის საპრიზო ფონდი ოფიციალურად დასახელებული არ არის, თუმცა, ცნობილია რომ გამარჯვებული საერთო თანხის 60%-ს მიიღებს, ხოლო დამარცხებული შესაბამისად – 40%-ს. ძირითადი მატჩის ფრედ დასრულების შემთხვევაში, თანხა 55%-45%-ზე განაწილდება მოქმედი ჩემპიონის სასარგებლოდ.