ინტერვიუები

17:34 | 8.02.2011 | ნანახია [] - ჯერ

კარლოს ტევესი: “სულიერი სიმშვიდე ფეხბურთის თამაშზეც სასიკეთო ზეგავლენას ახდენს”

“მანჩესტერ სიტის” არგენტინელ ფორვარდს, კარლოს ტევესს 5 თებერვალს 27 წელი შეუსრულდა და არგენტინელმა ფორვარდმა დაბადების დღეზე საკუთარ თავს ყველაზე კარგი საჩუქარი გაუკეთა – “ვესტ ბრომვიჩ ალბიონთან” მატჩის პირველი ტაიმის 22 წუთის განმავლობაში ჰეთ თრიკი შეასრულა. მიმდინარე პრემიერლიგაში კარლიტოს უკვე 18 გოლი აქვს გატანილი, რომელთაგან 6 მან “სიტის” ბოლო 4 მატჩში შეაგდო.
- კარლოს, ჯერ კიდევ თვის წინ გავრცელდა ხმა, თითქოს “სიტიდან” წასვლა გინდოდათ. რამდენად სარწმუნო იყო ჟურნალისტების მიერ გამოქვეყნებული ცნობა და თუ ეს ნამდვილია, რატომ გადაწყვიტეთ მანჩესტერში დარჩენა?
- “სიტიდან” წასვლაზე არასდროს მიფიქრია და ბოლო წლებია, კლუბის და მისი გულშემატკივრების ერთგული ვარ. ვერც კი წარმომიდგენია ადამიანი და კონკრეტულად ფეხბურთელი, რომელსაც ჩემზე მეტად უყვარს “სიტის” ცისფერი მაისური. კლუბისადმი ერთგულებას უკლებლივ ყველა მატჩში ვამტკიცებ, არაფერს ვიშურებ მანჩესტერელ ქალაქელთა საკეთილდღეოდ. ვგონებ, ეს ცუდად არ გამომდის, თუმცა, უმთავრესი სიტყვა მაინც ქომაგებს ეკუთვნით.
- ნეიტრალურს, ამ შემთხვევაში “სიტის” არაგულშემატკივარს ისეთი შთაბეჭდილება ექმნება, თითქოს “სთედიუმ ოვ მანჩესტერზე” თამაში მაინცა და მაინც დიდ სიამოვნებას არ გგვრით...
- ეს ყველაფერი იმის ბრალია, პრესის წარმომადგენლებთან ხშირი ურთიერთობა რომ არ მიყვარს. გუნდისადმი სიყვარულს თამაშით ვამტკიცებ და არა გულზე მჯიღის კვრით. რეპორტიორებისგან განსხვავებით, საქმიანი და მეგობრული დამოკიდებულება მაქვს პარტნიორებთან. “სიტიში” თავს მშვენივრად ვგრძნობ და არაფერს დავიშურებ გუნდის წარმატებისთვის.  
- ამის მიუხედავად, ხშირად იწერება, თითქოს ცალი ფეხით უკვე მადრიდის “რეალში” ან “ინტერში” ხართ გადასული...
- საფუძველს მოკლებულ ჭორებს ყურადღებას არ ვაქცევ. “მანჩესტერ სიტიში” ყველა პირობა მაქვს შექმნილი საიმისოდ, კიდევ კარგა ხნის განმავლობაში აქ რომ დავრჩე. პროფესიონალი ფეხბურთელის ხვედრი კი ასეთია – გაზეთიდან საკუთარ თავზე იმას იგებ, რაც რეალობისგან შორსაა.
- ბოლო წლების განმავლობაში “სიტის” ხელმძღვანელობა ახალ-ახალი მოთამაშეების შესაძენად ასტრონომიული თანხის გადახდისგან უკან არ იხევს. თქვენი აზრით, ყველაზე მეტად რომელმა შენაძენმა გაამართლა?
- ასეთ ტრანსფერად ვალენსიიდან მანჩესტერში დავიდ სილვას ჩამოყვანა მიმაჩნია. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონს შეხვედრის ბედის გადაწყვეტა თავისი ინდივიდუალური ოსტატობით, მარტოს შეუძლია.
- დავიდ სილვას საფეხბურთო თვისებებიდან განსაკუთრებით რომელს გამოარჩევთ?
- ესპანელს განსაკუთრებით კარგად დროული და ზუსტი პასის შესრულება შეუძლია – სილვას გაკეთებული გადაცემის შემდეგ ხშირად მოწინააღმდეგის მეკარესთან პირისპირ ვრჩებით. დავიდმა “სიტის” ასპარეზობა გამოაცოცხლა და თამამად შემიძლია ვთქვა, მისი მოსვლის შემდეგ, გუნდი უფრო მაღალი კლასის თამაშს აჩვენებს.
- “სიტის” შემტევი ხაზის პოტენციალით კმაყოფილი ხართ?
- როცა გუნდში ისეთი ფორვარდები თამაშობენ, როგორებიც მარიო ბალოტელი და ედინ ჯეკო, ასევე გარემარბი, დავიდ სილვა არიან, მისი შემტევი რგოლის სიძლიერე ყველასთვის ცხადია. ცოტა ხნის წინ ამგვარ პარტნიორებზე მხოლოდ ოცნება თუ შემეძლო.
- ფეხბურთისგან კვლავინდებურად სიამოვნებას იღებთ?
- ამჟამად ცხოვრებაში ისეთი პერიოდი მიდგას, ბევრი რამის გადაფასებას ვახდენ და სიამოვნებას მხოლოდ ფეხბურთი არ მანიჭებს. ბედნიერი ვარ, რასაც სულიერი სიმშვიდე მოაქვს. ეს ფეხბურთის თამაშზეც სასიკეთო ზეგავლენას ახდენს.
- “სიტის” საამსეზონოდ რა ამოცანების გადაჭრა აქვს დასახული მიზნად?
- ჩემპიონთა ლიგის საგზურის დაუფლება გვწადია. ამ მიზანს გვისახავენ მწვრთნელი და კლუბის ხელმძღვანელები და ჩვენც საამისოდ ვიბრძვით.
- როგორ გგონიათ, თქვენს გუნდს ევროპის უმთავრეს საკლუბო ტურნირზე მოხვედრის პოტენციალი აქვს?
- რატომაც არა. პრემიერლიგის გათამაშების ცხრილში მესამე პოზიციაზე ვართ და ჩემპიონატის ფინიშზე მინიმუმ ამ ადგილის შენარჩუნება “სიტის” სავსებით ხელეწიფება. ჩემპიონთა ლიგაში “იუნაიტედის” რიგებში გამოსვლისას მითამაშია, კარგად ვიცი, რა დონის ტურნირია და მასში დაბრუნებაზე ვოცნებობ.


გოჩა კაჭარავა



 

0.065932