თანამედროვე ფეხბურთში მრავლად არ არიან ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც არგენტინელი კარლოს როას მსგავსად სხვადასხვა სახის ტრავმა და სასიკვდილო ავადმყოფობა გადაუტანიათ. არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და ესპანური “მალიორკას” ყოფილი მეკარე, ამჟამად სამშობლოშია და “რივერ პლეიტის” ახალგაზრდა მეკარეებს ავარჯიშებს.
ფიფას ოფიციალურ საიტს, როა ამჟამინდელ სამუშაოზე, 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ინგლისის დამარცხებაზე და საკუთარი ცხოვრების მძიმე მომენტებზე ესაუბრა.
- კარლოს, პროფესიონალური კარიერის დასრულების შემდეგ, თქვენ შესახებ ბევრი არაფერი გვსმენია. მოგვიყევით თუ შეიძლება, როგორ მოხვდით “რივერ პლეიტის” სამწვრთნელო შტაბში?
- სიმართლე გითხრათ, ეს ძალიან მოულოდნელად მოხდა. ერთხელ, დასვენების დღეს, შუაღამის პირველის ნახევარზე მატიას ალმეიდამ დამირეკა და მის სამწვრთნელო შტაბში გაწევრიანება შემომთავაზა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც “რივერ პლეიტმა” ოფიციალურად დატოვა უმაღლესი დივიზიონი. მისგან მსგავს შეთავაზებას არ ველოდი. მე და ალმეიდა მეგობრები არასდროს ვყოფილვართ, თუმცა, არგენტინის ნაკრებში თამაშისას ერთმანეთის მუდამ კარგად გვესმოდა და როდესაც შემთხვევით ერთმანეთს ვხვდებოდით, ძალიან ბევრს ვსაუბრობდით. ასეთმა შესაძლებლობამ ძლიერ გამახარა და ახლა ყოველ დღე აღმოვაჩენ ხოლმე ახალ სამყაროს “რივერ პლეიტში”, რომელმაც, სიმართლე გითხრათ, ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა.
- გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები, რომლებიც ახალგაზრდა მეკარეებთან მუშაობისას გეუფლებათ.
- ამ ბიჭებთან მუშაობით, მეც ბევრ რამეს ვსწავლობ. იმისათვის, რომ ჩვენმა მუშაობამ შედეგი მოიტანოს, ამ ბიჭების თვითმყოფადობას და შეცვლილ ცხოვრებისეულ პრინციპებს ალღო ავუღო. ვარჯიშის დროს, ისინი განვლილი კარიერის დეტალებზე მეკითხებიან, თუმცა, მე მათ საკუთარ თავს მაგალითად არასდროს ვუყენებ. ამ თაობასთან ურთიერთობაში ყველაზე რთული სწორედ ისაა, რომ მათ გამუდმებით უნდა მოუყვე ის, რაც გაგიკეთებია კარიერის განმავლობაში. ეს ბიჭები ჩემზე ნიჭიერები არიან, რადგან მე, როგორც მეკარე, საკუთარ შესაძლებლობებში შეზღუდული ვიყავი. მე მოგვიანებით მივაღწიე ოსტატობის გარკვეულ დონეს, რის გამოც 28 წლამდე ევროპაში სათამაშოდ არ გადავედი. დარწმუნებული ვარ, სათანადოდ მუშაობის პირობებში, ეს ბიჭები ჩემზე ბევრად დიდ წარმატებებს მიაღწევენ.
- თქვენი აზრით, ახლანდელი ახალგაზრდა მოთამაშეები თქვენი დროის ახალგაზრდებისგან განსხვავებულები არიან?
- შესაძლოა. დღევანდელ გადარეულ მსოფლიოში, ზოგიერთი მათგანი თვილს, რომ ყველაფრის ერთბაშად მიღება შეუძლიათ: ითამაშონ უმაღლეს დონეზე, მართონ მაგარი ავტომობილი და გაითქვან სახელი. მათ ამის გაკეთება ისე უნდათ, რომ არაფერი გაწირონ. ჩემს თაობას ბევრი რამის გაწირვა უხდებოდა, რათა მსგავსი წარმატებისთვის მიეღწია და ვცდილობ, შეგირდებს სწორედ ეს ავუხსნა. მზად უნდა იყო პატარ-პატარა რაღაცეების შესაწირად, რათა დიდ წარმატებას მიაღწიო. მაგალითად, მშვიდი დასვენების დღეები, სწორი კვება და დასვენებისათვის საკმარისი დროის გამოყოფა. გარშემო ბევრი რამაა ისეთი, რაც შეცდენას გიპირებს, თუმცა, საბედნიეროდ, ჩემი შეგირდები მთავარზე არიან კონცენტრირებული.
- თქვენის აზრით, პროფესიონალი მეკარისთვის რა უფრო მნიშვნელოვანია: ტექნიკური შესაძლებლობები თუ პირადი მახასიათებლები?
- შესაძლოა, ძალიან კარგი მეკარე გყავდეს, მაგრამ ისეთ ბურთებს უშვებდეს, რომ მისგან ხეირი ნაკლები იყოს. მე ისეთი მეკარეები მიყვარს, რომლებსაც მშვიდი, სერიოზული და მყარი ხასიათი აქვს.
- თქვენმა მეგობარმა, არგენტინის ნაკრების ყოფილმა მეკარე ხერმან ბურგოსმა ერთხელ თქვა, რომ ცოტათი გიჟი უნდა იყო მეკარე რომ გახდე. ეთანხმებით მის მოსაზრებას?
- განსაკუთრებული ხასიათი უნდა გქონდეს და ეს ფაქტია. უმთავრესია იცოდე, რაც შეიძლება სწრაფად დაივიწყო ყველაზე ცუდი. უმადურობას ვუწოდებდი სიტუაციას, როდესაც შენ გარშემო 40 ათასი ადამიანი მზადაა გაგგლიჯოს შუაში მხოლოდ იმის გამო, რომ მცირედი შეცდომა დაუშვი. მინდვრის მოთამაშეებს დაშვებული შეცდომის გამოსწორების შანსი სწრაფად ეძლევათ, მეკარე კი, იძულებულია იდგეს და მორიგ შეტევას ელოდოს. სწორედ ამიტომ, აუცილებელია ძლიერი ხასიათი.
- დღევანდელი ვარსკვლავებიდან ვინ მიგაჩნიათ საუკეთესო მეკარედ?
- არჩევა ძალზე ძნელია, თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ ყოველთვის მომწონდა იკერ კასილასი და ვიქტორ ვალდესი. მე მათ ძლიერ მეკარეებად ჯერ კიდევ მაშინ მივიჩნევდი, როდესაც “მალიორკაში” ვთამაშობდი. ტოპ-კლასის გუნდის კარის ასე დიდი ხნით დაცვით, ამდენი ტიტულის მოგებით, ისინი მისაბაძ მაგალითებად იქცნენ. თუმცა, კარგები არიან ის მეკარეებიც, რომლებიც დღეს არგენტინის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავენ.
- როდესაც არგენტინის ნაკრებზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება არ გავიხსენოთ თქვენი ყველაზე დაუვიწყარი თამაში “ალბისელეტეს” შემადგენლობაში - მერვედფინალი 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ.
- მაშინ ისე მეგონა, თამაში ორი დღე გრძელდებოდა. ამაღელვებელი მატჩი იყო. როგორც წესი, ისტორიულ მეტოქე ინგლისთან ყოველთვის განსაკუთრებული თამაშები გვქონდა. საფინალო სასტვენის შემდეგ, ოჯახის წევრებმა დამირეკეს და მითხრეს, თუ როგორ განიცდიდნენ გადამწყვეტი პენალტის წინ და როგორი იფეთქა ემოციებმა, როდესაც ბურთი დავიჭირე. სიმართლე გითხრათ, ვისურვებდი იმ მომენტში მეც სახლში ვყოფილიყავი, რათა ეს ყველაფერი ჩემი თვალით მენახა.
- თქვენ წინდაწინ გრძნობდით, რომ თერთმეტმეტრიანის აღებით შეგეძლოთ მატჩის ბედის საკუთარი გუნდის სასარგებლოდ გადაწყვეტა?
- 1998 წელს “ბარსელონასთან” გამართული ესპანეთის ფინალის შემდეგ, მე თერთმეტმეტრიანების მოგერიების სპეციალისტად მაღიარეს, თუმცა, ასეთი სულაც არ ვიყავი. მახსოვს, ძირითადი დროის დასრულების შემდეგ, არგენტინის ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი დანიელ პასარელა ჩემთან მოვიდა, მხარზე ხელი დამადო და მკითხა: “თერთმეტმეტრიანებში ჩვენ ვიგებთ ჰო?” ამ დროს მხრებზე უდიდესი პასუხისმგებლობა ვიგრძენი. მახსოვს, კარებისკენ როცა მოვდიოდი, ვფიქრობდი, რა მოხდებოდა თუკი წავაგებდით. მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგად დასრულდა. როგორც შემდგომში გაირკვა, ამ თამაშს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ჩემს კარიერაში.
- ამის შემდეგ “მანჩესტერ იუნაიტედმა” მიგიწვიათ, თუმცა, რელიგიური მოსაზრების გამო, ფეხბურთიდან საერთოდ წახვედით. ხომ არ ნანობთ, რომ ოდესღაც ასეთი გადაწყვეტილება მიიღეთ?
- ვფიქრობ, ნებისმიერ ადამიანს გაუჭირდებოდა ფორმის პიკში მსგავსი გადაწყვეტილების მიღება, თუმცა, იმ მომენტში ვფიქრობდი, რომ სწორედ ვიქცეოდი როგორც ჩემთვის, ასევე ჩემი ოჯახისთვის. მხოლოდ საფეხბურთო კუთხით თუ შევხედავთ, ეს იყო მცდარი გადაწყვეტილება და ამის შემდეგ დაბრუნებაც არ იყო იოლი. დღესაც მხვდებიან ადამიანები, რომლებმაც მაშინდელი ჩემი გადაწყვეტილება ძლიერ განიცადეს, მე მათ ვაიძულე ეტირათ და ენერვიულათ და დამიჯერეთ, ამის გადატანა იოლი არაა. როდესაც ცნობილი ადამიანი ხარ, საყოველთაო ყურადღება შენსკენაა მომართული. მაგრამ პირადად ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე, ის გადაწყვეტილება სულაც არ იყო შეცდომა. ახლა ცხოვრებას სულ სხვა კუთხით ვუყურებ.
- რამ გაიძულათ მოედანზე დაბრუნება, რა არ მოგცათ ცხოვრებამ?
- საშინლად მინდოდა თამაში. დავკარგე ადრენალინი, ხალხი, მოედანი, ის ხმები და სიმღერები, რომლებსაც საფეხბურთო ფანები გამოსცემენ. ეს შეუფასებელია! როდესაც ფეხბურთი დავტოვე, კორდობაში სოფლის გარემოში წავედი. ერთი ჩვეულებრივი, ადგილობრივი ბიჭი გავხდი, რომელიც მთებში დახეტიალობდა. ეს იყო რადიკალური და ძალიან რთული გადაწყვეტილება, თუმცა, ამავდროულად, ეს იყო დაუვიწყარი ემოცია. სულაც არ ვდარდობ იმ დროზე, მაგრამ მერე ფეხბურთში დაბრუნება გამიჭირდა. ძალიან რთული იყო კიბოსთან ბრძოლაც.
- რა იყო ყველაზე ძნელი, ამ ურთულესი დაავადების წინაშე ბრძოლაში?
- ალბათ, იმის გათვითცნობიერება, რომ შენზე დამოკიდებული არაფერი არაა. როდესაც გეუბნებია, რომ კიბო გაქვს, ძალიან ძნელი გადასატანია, თუმცა, ვიცოდი, კიბოს ის სახეობა მქონდა, რომლის განკურნებაც შესაძლებელი იყო. ჩემი გადარჩენის შანსი 95 პროცენტად ფასდებოდა, მაგრამ მაინც ვფიქრობდი იმ დარჩენილ 5 პროცენტზე. ეს საშინელი დაავადებაა, რომელიც შიგნიდან გჭამს. ოჯახისთვის რთული სანახავი იყო, როგორ ვკარგავდი წონას და თმებს. ყოველ დღე ვკარგავდი საკუთარ სახეს, მაგრამ მეხმარებოდა რწმენა და ღმერთი.
- ამ საშინელი გამოცდილებიდან რა გაკვეთილი მიიღეთ?
- ხანდახან ადამიანებს ისეთი რამ ემართებათ, რაც ცხოვრებისეული პრიორიტეტების გადაფასებაში ეხმარება. პირადად მე, ამ ავადმყოფობამ უფრო მშვიდი გამხადა. მანამდე ჰიპერაქტიური ვიყავი. ახლა უფრო მშვიდი ვარ და სხვა ადამიანებზეც ვფიქრობ, თუმცა, ისიც ფაქტია, ცხოვრება მოკლეა და მისი ყოველი წამით უნდა დატკბე.
- საფეხბურთო კარიერის დროს, არაერთი რთული ავადმყოფობა გადაიტანეთ, მათ შორის მალარია “რასინგში” თამაშის დროს.
- ეს საშინელება იყო. 90-იანი წლების დასაწყისში ტურნეზე გავემგზავრეთ აფრიკაში და ეს ავადმყოფობა იქ “ავიკიდე”. მაშინ მალარია არგენტინაში არცთუ კარგად იყო შესწავლილი, არადა, სიმპტომები მხოლოდ მას შემდეგ გამოჩნდა, რაც სამშობლოში დავბრუნდით. მოგვიანებით, ავადმყოფობა ისევ განმეორდა და მთელი ერთი თვე კვლავ საავადმყოფოში გავატარე. სამკურნალოდ წამლების ჩამოტანა ბრაზილიიდან გვიხდებოდა. სასწაული მოხდა და განვიკურნე. დაახლოებით ათი ოპერაცია გამიკეთეს, რაც ვფიქრობ, სარეკორდო მაჩვენებელია. ღმერთის დახმარებით ყველა გასაჭირს გავუძელი და ჩემი რწმენაც უფრო გაძლიერდა.
- ასეთი ემოციებით დახუნძლული ცხოვრების შემდეგ, დღეს რისკენ ისწრაფვით?
- მსურს, კიდევ დიდხანს ვიცხოვრო, რათა რაც შეიძლება მეტი დრო გავატარო შვილებთან. მსურს ვიხილო, როგორ გათხოვდებიან ჩემი გოგოები და სრულფასოვნად დავტკბე მათთან გატარებული დროით. მსურს, ღრმა სიბერემდე ვიცხოვრო და ჩემს მეუღლე სილვიასთან ერთად, ვნახო როგორ იზრდებიან ჩემი შვილიშვილები. არ შეიძლებოდა მეუღლე რომ არ მეხსენებინა, თორემ ის აუცილებლად მომკლავდა.
მოამზადა ზურა ქსოვრელმა