ინტერვიუები

11:06 | 13.04.2010 | ნანახია [] - ჯერ

კარლოს დუნგა: "მუნდიალის შემდეგ, ნაკრებიდან წავალ"

... 1993 წელს, “შტუტგარტმა” იტალიური “პესკარადან” ბრაზილიელი ნახევარმცველი გადაიყვანა, რომლის პირველი ბუნდესლიგური მატჩის სანახავად, სტადიონზე უამრავი გულშემატკივარი მივიდა. გერმანული სამანქანო ინდუსტრიის ლიდერი ქალაქის საფეხბურთო წარმომადგენლის სამხრეთ ამერიკელმა ლეგიონერმა, დორტმუნდის “ბორუსიას” გოლი 40-იოდე მეტრიდან დარტყმის შემდეგ გაუტანა, ასპარეზობის დასრულების შემდეგ კი, გარსშემოხვეულ ალემან ჟურნალისტებს დამცინავად განუცხადა: “მხოლოდ და მხოლოდ იმის შემოწმება მსურდა, როგორ გაფრინდებოდა ბურთი და მართლა ასე ძლიერები არიან თუ არა გერმანელი მეკარეები”. ძალიან მალე, ბრაზილიელი შუახაზელი კრისტოფ დაუმის საყვარელ ფეხბურთელად იქცა. “იგი საფეხბურო “აზრის გიგანტია”, მასზე უკეთ თამაშის “წაკითხვა” არავის ძალუძს”, - არ იშურებდა ეპითეტებს სკანდალურად ცნობილი სპეციალისტი. საუბარი კი, მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონზე, ბრაზილიის ნაკრების ყოფილ კაპიტანსა და ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელზე, კარლოს კაეტანო ბლედორნ ვერიზე, ანუ დუნგაზე გვაქვს.
გერმანელ-იტალიელი ემიგრანტების შთამომავალი დუნგა, 1963 წლის 31 ოქტომბერს დაიბადა. 16 წლისამ, მან პირველ პროფესიულ კონტრაქტს მოაწერა ხელი და “ინტერნასიონალში” ჩაირიცხა. იტალიაში გადაბარგებამდე, დუნგა ბრაზილიური საკლუბო ფეხბურთის გრანდებში (“კორინთიანსი”, “სანტოსი”, “ვასკო და გამა”) ასპარეზობდა, აპენინის ნახევარკუნძულზე კარლოსი “პიზაში”, “ფიორენტინასა” და “პესკარაში” ასრულებდა საყრდენი ნახევარმცველის ფუნქციებს, “შტუტგარტის” შემდეგ კი, თავი ამომავალი მზის ქვეყანაში ამოჰყო და ჯეი-ლიგის “ჯუბილო ივატას” მოთამაშეებს ეხმარებოდა “საფეხბურთო ჭეშმარიტების” ათვისებაში. ბრაზილიის ნაკრების რიგებში, დუნგამ 3 მუნდიალზე (1990, 1994, 1998) იასპარეზა. აშშ-ის სტადიონებზე ჩატარებული მსოფლიოს ჩემპიონატის მსვლელობისას, მან რაისგან კაპიტნის სამკლავური ჩაიბარა, საბოლოოდ კი, პლანეტის პირველობა ბრაზილიელთა ტრიუმფით დასრულდა. 4 წლის შემდეგ, საფრანგეთში, დუნგამ ნაკრებს შვიდივე შეხვედრაში უკაპიტნა და ისევე, როგორც ლოს ანჯელესის 1984 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, ვერცხლის მედლის (ორივე ფინალში, ბრაზილიელები ფრანგებთან დამარცხდნენ) კავალერი გახდა.
ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე დასანიშნთა შორის, კარლოს დუნგას კანდიდატურა ჯერ კიდევ 2000 წელს განიხილებოდა, მაგრამ მაშინ, დამწყებმა მწვრთნელმა ქვეყნის საფეხბურთო კონფედერაციის სტრატეგია არ მოიწონა და გზა ვანდერლეი ლუქსემბურგოს “დაუთმო”. პენტაკამპეონთა დამრიგებლად, დუნგა 2006 წლის 24 ივლისს დაინიშნა და მას შემდეგ მოყოლებული, ბრაზილიელებს 2 მნიშვნელოვანი ტურნირი, კოპა ამერიკა (2007) და კონფედერაციათა თასი (2009) მოაგებინა. ცხადია, ნებისმიერი ბრაზილიელი გულშემატკივრისთვის უმთავრესი, მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლაა და აქედან გამომდინარე, წლეულს, დუნგასა და მთლიანობაში ბრაზილიურ ფეხბურთს, სამხრეთ აფრიკის მუნდიალი გამოსცდის.
- თითქმის 4 წელია ბრაზილიის ნაკრებს უდგახართ სათავეში. ამ ხნის განმავლობაში, “სელესაოს” რამდენიმე ტურნირზე უთავკაცეთ. რამდენად კმაყოფილი ხართ გაწეული სამუშაოთი და გუნდის მიერ ნაჩვენები შედეგით?
- მომავალი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი წარუმატებლად დავიწყეთ. ჯერ ასუნსიონში პარაგვაიმ 2:0 მოგვიგო, შემდეგ შინ არგენტინასთან 0:0 ვითამაშეთ, მაგრამ მდგომარეობა თანდათან გამოვასწორეთ (მეორე წრეში არგენტინას როსარიოში 3:1 მოვუგეთ) და საბოლოოდ, პირველ პოზიციაზეც დავმკვიდრდით. ჩემი ხელმძღვანელობით პირველ წარმატებას კი 2007 წელს, ვენესუელაში მივაღწიეთ, როცა კოპა ამერიკის ფინალში არგენტინას 3:0 ვძლიეთ და სამხრეთ ამერიკის ჩემპიონები გავხდით. ასეთი მნიშვნელოვანი ტურნირის მოგება ყოველთვის სასიამოვნოა, მით უმეტეს, როცა გადამწყვეტ შეხვედრაში დამაჯერებლად არგენტინას ამარცხებ. ყველაზე მეტად კი, გული ისევ არგენტინასთან იმავე ანგარიშით წაგებამ დამწყვიტა პეკინის ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალში - 0:3 წავაგეთ და მაინცა და მაინც დიდი შვება, ვერც მესამე ადგილისთვის მატჩში ბელგიელთა “მშრალად” დამარცხებამ (3:0) მოგვიტანა. ჯერჯერობით ბოლო ოფიციალური ტურნირი კი შარშან ზაფხულში ჩავატარეთ და მუნდიალის მასპინძელი ქვეყნიდან კონფედერაციათა თასი ჩამოვიტანეთ. ჯგუფური ეტაპის მატჩში პლანეტის მოქმედ ჩემპიონს, იტალიას 3:0 მოვუგეთ, რაც ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, სასურველი შედეგია.
- როგორც წესი, კონფედერაციათა თასის მფლობელი, მსოფლიოს ჩემპიონი ვერ ხდება ხოლმე. ეს ფაქტი არ გაშინებთ?
- არა. სტატისტიკას ზედმეტ ყურადღებას არ ვაქცევ. ყოველ მატჩში ერთადერთი გეგმა გვაქვს – მოგება! მსოფლიოს  პირველობაზეც ერთადერთი მიზანი გვექნება - ჩემპიონობის მოპოვება.  
- საუბრისას უწყინარი და მიამიტი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ, მაგრამ საფეხბურთო სამყაროში მკაცრი მწვრთნელის რეპუტაციით სარგებლობთ. თქვენთვის ავტორიტეტი არ არსებობს, რის გამოც, საყოველთაოდ აღიარებული ვარსკვლავი, შესაძლოა, გუნდს მიღმა დატოვოთ, ან სათადარიგოთა სკამზე დასვათ. ამის გამო, ნაკრების წევრებთან უთანხმოება არ მოგდით?
- ჩემი საფეხბურთო კრედო მოკლედ შემდეგნაირად შეიძლება ჩამოყალიბდეს – ვარსკვლავები გუნდზე უნდა “მუშაობდნენ” და არა პირიქით. უპირველესი საზრუნავი, ნაკრებში ისეთი ატმოსფეროს დანერგვაა, რომელიც კოლექტივიზმის პრინციპებს ერთხელ და სამუდამოდ გააბატონებს. ალბათ, შეამჩნევდით, ბოლო წლების განმავლობაში, ნაკრებში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები განხორციელდა. მიზნად ახალი ნაკრების აშენება დავისახეთ და ასეთ დროს, მთავარი მწვრთნელის პასუხისმგებლობა ერთი-ორად იზრდება. დავუშვათ და სიახლეების დანერგვამ სასურველი შედეგი ვერ გამოიღო. მაშინ ხომ დამრიგებლის თავს “დააგორებენ”. ამიტომაც, კეთილი ძიას როლს ნაღდად ვერ შევასრულებ. მით უმეტეს, როცა ბრაზილიას ყველა მატჩში გამარჯვებას სთხოვენ.
- რამდენად კმაყოფილი ხართ ჯგუფური ეტაპის კენჭისყრით?
- ბრაზილიას არავისი ეშინია და ყველა მატჩში მოსაგებად იბრძოლებს.
- იმედიანად ხართ განწყობილი. უპირველესად, რას ეფუძნება თქვენი ოპტიმიზმი?
- კოპა ამერიკის, კონფედერაციათა თასისა და მუნდიალის შესარჩევი ტურნირის მოგებას. დიდი მოცულობის სამუშაო გავწიეთ, ნაკრების კარი მხოლოდ ღირსეულებს გავუღეთ, კოლექტივი ერთი მიზნის ირგვლივ შევაკავშირეთ. ეს ცოტა არაა.
- სამხრეთ ამერიკის მუნდიალი რომ მოიგოთ, ბრაზილიის ნაკრებს 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზეც უხელმძღვანელებთ? ტურნირი ბრაზილიაში ჩატარდება...
- ერთხელ უკვე ვთქვი და გავიმეორებ – ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში, მუნდიალის დასრულების შემდეგ ნაკრებიდან წავალ. ამის შესახებ ოფიციალურად განვაცხადე, სიტყვის გატეხვა კი არ მჩვევია.

გოჩა კაჭარავა

0.118328