ინტერვიუები

13:58 | 21.06.2010 | ნანახია [] - ჯერ

კარლოს დუნგა: “არ გამოვრიცხავ, მომდევნო შეხვედრებშიც პროვოკაციის მსხვერპლი გავხდეთ”

ბრაზილია-კოტ დივუარის შეხვედრის დასრულების შემდეგ ორივე ბანაკის წარმომადგენლები მსაჯობით უკმაყოფილონი იყვნენ. აფრიკელთა მთავარი მწვრთნელი ამბობდა, ყველაზე მეტად გული რეფერის არაობიექტურობამ დამწყვიტაო. სვენ გორან ერიქსონს არც პენტაკამპეონთა თავკაცი კარლოს დუნგა ჩამორჩა და გუნდის ლიდერის კაკას გაძევება არასამართლიან გადაწყვეტილებად მიიჩნია.

- კოტ დივუარელთა შვედმა დამრიგებელმა სვენ გორან ერიქსონმა განაცხადა - არბიტრმა რამდენიმე ისეთი შეცდომა დაუშვა, რომლებმაც მატჩის საბოლოო შედეგზე გავლენა იქონიაო. სკანდინავის აზრით, რეფერი ბრაზილიის სასარგებლოდ ცდებოდა. ასპარეზობის მსვლელობისას თქვენი რეაქციიდან გამომდინარე, ფრანგი რეფერის სტეფან ლენოის გადაწყვეტილებებით კმაყოფილი არც თქვენ ხართ...
- კაკას გაძევება აბსოლუტურად დაუსაბუთებელი გახლდათ. წესი მას კი არ დაურღვევია, პირიქით, ჩვენს ათიანთან ორთაბრძოლისას დაჯარიმდნენ. ამგვარი სამსაჯო გადაწყვეტილებების ლოგიკა არ მესმის და კატეგორიულად ვეწინააღმდეგები. არაა გამორიცხული, მომდევნო შეხვედრებშიც მეტოქეთა პროვოკაციის მსხვერპლი გავხდეთ.
- ეთანხმებით თვალსაზრისს, რომლის მიხედვითაც, თქვენმა გუნდმა აფრიკელებთან უკეთ ითამაშა, ვიდრე ჩრდილოეთ კორეასთან?
- ეს ჩემი პირველი მუნდიალი არაა და კარგად ვიცი, მსოფლიოს ჩემპიონატის სასტარტო შეხვედრა ფსიქოლოგიურად ყოველთვის ძნელი ჩასატარებელია. მეორე ტურში გაცილებით უფრო კვალიფიცირებული, ათლეტური გუნდი გვყავდა მოწინააღმდეგედ, მაგრამ ამის მიუხედავად, უკეთ ვიასპარეზეთ, ვიდრე აზიელებთან. ბურთსაც კარგად ვაკონტროლებდით და ორგანიზებულადაც ვმოქმედებდით.
- კორეელებთან მატჩის შემდეგ ბრაზილიურმა პრესამ გაგაკრიტიკათ. როგორ შეხვდით თქვენ მიმართ გამოთქმულ შენიშვნებს?
- ჩემი აზრით, დაუმსახურებლად გაგვატარეს კრიტიკის ქარცეცხლში. აქაოდა, დაცვითი ყაიდის გუნდების წინააღმდეგ ეფექტური თამაში არ შეგვიძლიაო. დამისახელეთ ნაკრები, რომელსაც მასირებული დაცვის გარღვევა მეტ-ნაკლებად არ უჭირს. კოტ დივუარი უკანა ხაზზეც ძლიერია, შეტევაში საქვეყნოდ აღიარებული მოთამაშეები ჰყავს, ფიზიკურად გამძლენი არიან, მაგრამ აფრიკელებს ყველა კომპონენტში ვაჯობეთ.

გოჩა კაჭარავა
 

0.108712