არგენტინული “ბოკა ხუნიორსის” მთავარმა მწვრთნელმა კარლოს ბიანკიმ, რომელიც ერთ დროს ფრანგულ გრანდ პსჟ-ში თამაშობდა, შვედი ფორვარდის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის მიმართ ქების სიტყვები არ დაიშურა.
გასული საუკუნის 70-იანი წლების შუა პერიოდში, არგენტინელმა პარიზულ კლუბში გატარებულ ერთ სეზონში, ყველა ტურნირში ერთად 37 გოლი გაიტანა და ეს მაჩვენებელი პსჟ-სთვის ჯერჯერობით სარეკორდოა. მიმდინარე სეზონში 31 წლის შვედის ანგარიშზე უკვე 28 გოლია და წინ კიდევ არაერთი მატჩია ჩასატარებელი.
ბიანკის 20minutes.fr-ის ჟურნალისტი სწორედ საკუთარ რეკორდზე და ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-ს შანსებზე დაეკითხა.
“ვფიქრობ, შვედს მართლაც შეუძლია ჩემი რეკორდის დამხობა, თუმცა, მაშინ და ახლა სრულიად განსხვავებული პერიოდებია. ზლატანი ბომბარდირაა დაბადებული და თამაშობს გუნდში, რომელიც სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს იკავებს. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, იქ პსჟ-ს ნებისმიერ მეტოქესთან შეუძლია თანაბრად თამაში. ერთადერთი გამონაკლისი, შესაძლოა, “ბარსელონა” იყოს” - თქვა ბიანკიმ.