ინტერვიუები

10:11 | 20.07.2010 | ნანახია [] - ჯერ

კარლოს ალბერტო პარეირა: “ბრაზილიაში წყალდიდობასაც დუნგას აბრალებდნენ”

ბრაზილიურ პრესაში მოულოდნელი განცხადებები გამოჩნდა, ნაკრების მთავარ მწვრთნელად ისევ კარლოს ალბერტო პარეირა ინიშნებაო. ჯერჯერობით, ეს მხოლოდ ჭორებია,  პარეირა კი სულაც გადაჭრით ამბობს – გამორიცხულია!  სამხრეთ აფრიკაში გამართულ მუნდიალზე, ბრაზილიელი მასპინძელთა ნაკრებს წვრთნიდა, ჯგუფიდან ვერ გაიყვანა, თუმცა სამარცხვინოდაც როდი ათამაშა “ბაფანა ბაფანა”, ბოლოს და ბოლოს, საფრანგეთი დაამარცხა.
აქვე, პარეირას ინტერვიუ არგენტინულ ოლე-სთან, სადაც საუბარი მთლიანად გასულ მუნდიალს ეხება:
- ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ფინალში ესპანეთი და ჰოლანდია გავიდოდნენ. რომ ვაკვირდებოდი ტურნირის მსვლელობას, ნაკრებების შემადგენლობებსა და მათ საფეხბურთო ტრადიციებს, რატომღაც ვფიქრობდი, რომ ფინალში ბრაზილია და არგენტინა უნდა გვეხილა.
- არგენტინის მარცხი უფრო გაგიკვირდათ, თუ ბრაზილიის?
- ორივესი. გამაკვირვა ჰოლანდიელთა განსხვავებული თამაშის სპეციფიკამ. ეს ნაკრები, ბოლო ორი წლის განმავლობაში თამაშს არ აგებდა, ბევრი მაღალი კლასის შემსრულებელი ჰყავთ და ლოგიკურიცაა, რომ კარგი შედეგი ჰქონდეთ. თუმცა, სხვა რამ გამიკვირდა: ადრე, ჰოლანდიელები ღია და გახსნილ ფეხბურთს თამაშობდნენ, ახლა კი დაცვაც უმაღლეს დონეზე აიყვანეს. დააკვირდით, რომელმა გუნდებმა მიაღწიეს ამ მუნდიალზე წარმატებას – რომლებსაც ინდივიდუალისტებიც ჰყავთ და გუნდურადაც თამაშობენ.
- ბრაზილიას რა დაემართა?
- ძალიან იოლი ჯგუფი შეხვდათ და მინდორის “დახვნა” ნამდვილად არ დასჭირვებიათ მერვედფინალში გასასვლელად. ჩილესთან მატჩიც იოლი გამოვიდა, რადგან მარსელო ბიელსამ ღია ფეხბურთი აირჩია, ის კი დაავიწყდა, რომ ბრაზილიასთაან ამის გაკეთება თვითმკვლელობის ტოლფასია. ბოლო წლებში ბრაზილიას ვინც თამაშის გახსნა გაუბედა, მინიმუმ, სამი ბურთი მიიღო საკუთარ კარში: ურუგვაი, ჩილე და თუნდაც არგენტინა.
- თუ ასეა, რატომ წააგეს ჰოლანდიასთან?
- ყველა ამას კითხულობს – რა დაემართა ბრაზილიას ჰოლანდიასთან მეორე ტაიმში? პირველმა გაშვებულმა გოლმა გუნდი დაქსაქსა, მეორემ კი მთლიანად არია და რამდენიმე წუთი გონზე მოსასვლელად დასჭირდათ. ვფიქრობ, 20 წუთი დრო რომ გვქონოდა, ჰოლანდიასთან გავათანაბრებდით. ბოლოს, კაკა უკვე სწრაფად დარბოდა, რობინიოსაც არანორმალურად უნდოდა გოლის გატანა...
- ბრაზილიას ფსიქოლოგიურმა წნეხმაც ხომ არ “დაარტყა”?
- ძნელი სათქმელია. ჩვენ ვლაპარაკობთ გუნდზე, რომელსაც 35 მატჩში მხოლოდ ერთხელ წაეგო და ისიც ბოლივიის მაღალმთიანეთში.
- არგენტინა მშვენივრად მიდიოდა ტურნირზე და გერმანიასთან საშინელი მარცხი განიცადა. რაში ხედავთ მიზეზს?
- კარგა ხანია, ფეხბურთში 4-4-2 სქემა ბატონობს, რადგან ფეხბურთელთა თანაბრად გადანაწილების საშუალებას იძლევა. ეს, გუნდის ბალანსირებას უწყობს ხელს. თუ მეკარე-მცველების გარდა, გყავთ ორი ჩამშლელი, ორი შემქმენლი და ორი გამტანი, გუნდი უკვე დაბალანსირებულია. სწორედ ასეთმა ნაკრებებმა მიაღწიეს წარმატებას. არგენტინას კი, დაცვითი სტილის ნახევარმცველებიდან მხოლოდ მასკერანო  ჰყავდა. სამი ფორვარდით თამაში ძალიან ძნელია, რადგან მოედნის ცენტრი შიშვლდება.
- კითხვა ლეო მესიზე...
- საშუალოდ ითამაშა, ისევე, როგორც რონალდინიომ 2006 წელს. ყველა ვარსკვლავი დაღლილი ეგებება მუნდიალს, რაც საკლუბო კალენდრის არასწორად შედგენის ბრალია და ამაზე როგორმე უნდა იმუშაონ შესაბამისმა ორგანოებმა. რამდენი მატჩი ჩაატარა გასულ სეზონში მესიმ? აი, საქმეც სწორედ მაგაშია. რა თქმა უნდა, ლეო განსაკუთრებული ფეხბურთელია, მაგრამ სამხრეთ აფრიკაში თითქმის ვერაფერი აჩვენა.
- დიეგო მარადონა-მწვრთნელი. რას იტყვით?
- ჩემთვის ის კვლავ გამოცანაა. საერთოდ, მსოფლიო ჩემპიონატზე მიღებული გამოცდილების შემდეგ, მწვრთნელები უფრო საზრიანები და პრაგმატულები ხდებიან. მარადონა კი ისეთივე დარჩა, არ შეცვლილა და ამითაა საინტერესო. უნდა დარჩეს თუ არა დიეგო ნაკრების მწვრთნელად? თუ ჰყავს თავის ტაქტიკაზე აგებული გუნდი და შესაბამისი შემსრულებლები, მაშინ უნდა დარჩეს. ისე, რა საინტერესოა: არგენტინაში მარადონას მომხრეებისა და მოწინაამღდეგეების რაოდენობა თანაბარია, ბრაზილიაში კი დუნგას სახელის გაგონება არავის უნდა.
- რატომ?
- დუნგას 1990 წლიდან ორაზროვნად უყურებენ. იმ მუნდიალზე წაგების შემდეგ, ლამის ყველაფერს დუნგას აბრალებდნენ  ინფლაციას, წვიმას, წყალდიდობას... პრესას უკიდურესობები უყვარს და დუნგაც სწორედ ასეთი ნახეს. და მაინც, ის მე ყოველთვის მომწონდა და როდესაც ბრაზილიის ნაკრები ჩამაბარეს, გუნდში დავუძახე და კაპიტნის სამკლავურიც მივეცი.
- ბრაზილიის ახალ თავკაცად ვინ გესახებათ?
- ეს უნდა იყოს სახელიანი და ავტორიტეტული პიროვნება, რადგან 2014 წელს ბრაზილიაში ტარდება მუნდიალი და ნაკრებზე უზარმაზარი დაწოლა იქნება. სახელებს ვერ ვიტყვი, მაგრამ დღესდღეობით, ასეთი პიროვნების მოძებნა იოლი არაა.
- თქვენ, არა?
- სიმართლე გითხრა, ნამდვილად არ ვიწვი ამის სურვილით. ოთხი წელი ხორცსაკეპ მანქანაში უნდა ვიყო. ადამიანს, რომელიც ბრაზილიის ნაკრებს უთავკაცებს, ერთი წუთით მოცლა არ ექნება.
- უცხოელი მწვრთნელი რამდენად კარგი იქნებოდა?
- ჩვენს კულტურას და ფეხბურთთან დამოკიდებულებას თუ გავითვალისწინებთ, შეუძლებელია. ასე მხოლოდ ინგლისში იქცევიან და მათი არ მესმის. ასევე ვერ წარმომიდგენია არგენტინის ნაკრებში გერმანელი მწვრთნელი, ან გერმანიაში – ფრანგი. ბრაზილიის ნაკრებში იტალიელის დანიშვნა ხომ წარმოუდგენელია...
- ექვს მსოფლიო ჩემპიონატზე წვრთნიდით გუნდებს. მეშვიდეზე ფიქრობთ?
- ამაზე ჯერ არ მიფიქრია. სამხრეთ აფრიკის ნაკრებში მუშაობას იმიტომ დავთანხმდი, რომ მუნდიალის მასპინძლები ვიყავით და ამ კუთხით საინტერესო იქნებოდა მუშაობა. ეს დიდი გამოცდილებაა.
- და როგორ აფასებთ ამ მსოფლიო ჩემპიონატზე “ბაფანა-ბაფანას” გამოსვლას?
- უკეთესს ძნელად თუ მივაღწევდით. ჩვენს ჯგუფში მსოფლიოს ორი ჩემპიონი და პლუს, ფიფას რეიტინგში მე-18 ადგილზე მყოფი მექსიკა იყვნენ. ერთი მატჩი მოვიგეთ და 4 ქულით დავასრულეთ ჯგუფი. სამხრეთ აფრიკაში მაინც კმაყოფილნი დარჩნენ, ამასთან, “ბაფანა-ბაფანას” უკვე ჰყავს ბირთვი და აქვს თავისი სათამაშო სტილიც. მოხარული ვარ, რომ ამას მივაღწიე.

მოამზადა ილია ნანობაშვილმა
 

0.121769