უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში მადრიდის “ატლეტიკოს” დამარცხების შემდეგ (4:1), “რეალის” თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ პრესკონფერენციაზე ვრცლად ისაუბრა.
“უზომოდ გახარებული ვარ. როგორც იქნა, “რეალმა” ამ მიზანს მიაღწია და ეს უაღრესად მნიშვნელოვანია. ყველა, ვინც ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად მთელი სეზონი მუშაობდა, ახლა ბედნიერია. ყველაზე მთავარი გულშემატკივრების გახარებაა. “რეალის” ქომაგები მეცხრე ცაზე არიან და ეს ჩვენც გვახარებს.
ყველაზე რთული ანგარიშის გათანაბრება იყო. თავისუფალი ზონები არ გვქონდა, რადგან “ატლეტიკო” თავს კარგად იცავდა. მაქსიმალურად ვცდილობდით, გოლი გაგვეტანა და თამაშის მიმდინარეობა შეგვეცვალა. სერხიო რამოსის გოლმა ენერგია დაგვიბრუნა და ამან გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.
იღბლიანი ადამიანი ვარ, მაგრამ არა ამ მატჩის გამო. ძნელია ვთქვა, რომ გაგვიმართლა. უკანასკნელ წამამდე ვიბრძოდით და გოლიც ამის დამსახურებაა. ფეხბურთი ასეთია – ხან გიმართლებს, ხან არა. შესვენებაზე, ბიჭებს ვუთხარი, რომ უფრო სწრაფად უნდა გვეთამაშა და შეტევითი პოტენციალი გამოგვეყენებინა. ეს ვთქვი 90 წუთის ამოწურვის შემდეგაც, რადგან დამატებით დროში აუცილებლად უნდა შეგვეტია.
ფინალი ყოველთვის რთულია და გამონაკლისი არც ეს მატჩი ყოფილა. სეზონი ადვილი არ იყო, მაგრამ კარგი გამოვიდა. მადრიდში ჩემი პირველი სეზონი იყო და ვფიქრობ, სათამაშო სტილის შეცვლა გამოგვივიდა. გუნდმა თავი ბრწყინვალედ წარმოაჩინა. ჩემი ფეხბურთელები ყოველთვის პროფესიონალები იყვნენ და გამარჯვებისკენ ისწრაფვოდნენ. მარსელო სათადარიგოთა სკამზე დარჩენით უკმაყოფილო იყო, მაგრამ თამაშში ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი შეასრულა.
პლანეტის ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი მოვიგეთ. სეზონი ხანგრძლივი გამოვიდა, ნახევარფინალში “ბაიერნის” დამარცხების შემდეგ კი, ჩვენმა შანსებმა მნიშვნელოვნად იმატა. მინდა, ჩემს ფეხბურთელებს დიდი გამარჯვება მივულოცო.
სიმეონეს მატჩამდეც ვესაუბრე და ფინალის შემდეგაც. მას ესპანეთის ჩემპიონობა მივულოცე. პატივი უნდა ვცეთ იმ გუნდებს, რომლებიც ყოველთვის ვერ იგებენ, მაგრამ ბოლომდე იბრძვიან. ჩემი აზრით, გამარჯვება დავიმსახურეთ”, - განაცხადა ანჩელოტიმ.