მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი მიუნხენის “ბაიერნთან” უეფას ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში ტრიუმფალური გამარჯვების (4:0) შემდეგ კმაყოფილი გახლდათ.
“როცა სამბურთიანი უპირატესობით ვიგებდით, მშვიდად მაინც ვერ ვიყავით. ძალიან კარგად მახსოვს ის ფინალი, როცა ჩემი გუნდი 3:0-ს იგებდა, მაგრამ დამარცხდა (საუბარია სტამბულის ფინალზე – ი.ჯ). “ალიანს არენაზე” ბრწყინვალე ანგარიში დავაფიქსირეთ და ეს ძალიან მახარებს. ზედიზედ 3 წაგებული ნახევარფინალის შემდეგ, “რეალი” ფინალში უნდა გასულიყო. რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ.
ფეხბურთში დაცვა და თავდასხმა უნდა დააბალანსო. ყველაფერი კარგად გავაკეთეთ, რაც ანგარიშშიც აისახა. მეტოქე ფინალში? წარმოდგენა არ მაქვს, რომელი კლუბი იქნება. “ჩელსის” გამოცდილება აქვს, “ატლეტიკო” კი, ტიტულებზე დამშეულია და დიდი ენთუზიაზმი აქვს”, - განაცხადა ანჩელოტიმ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე.