კარლო ანჩელოტი, თავისი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში გუშინწინ მესამედ შეხვდა ლონდონის “არსენალს” და თუკი, “მილანის” დამრიგებლობისას მან “მეთოფეთა” ძლევა ვერ შეძლო, “არისტოკრატთა” სათავეში ყოფნისას, კარლიტომ არსენ ვენგერის კოლექტივს ფარ-ხმალი დააყრევინა. ამასთან, “ჩელსიმ” მორიგი 3 ქულა ეფექტური თამაშის წყალობით მოიპოვა, ყველა ტურნირზე ზედიზედ 9 წაუგებელი მატჩის შემდეგ პრემიერლიგაშიც ლიდერობა განიმტკიცა და ანჩელოტიც ჟურნალისტებს კმაყოფილი გაესაუბრა.
- მთლიანობაში, როგორ შეფასებას მისცემთ გასულ კვირას “არსენალთან” ჩატარებულ შეხვედრას?
- როდესაც “ემირეიტს სთედიუმზე” “არსენალს” 3:0-ს მოუგებ, განა შეიძლება უკმაყოფილო დარჩე? არ მომერიდება და ვიტყვი, რომ დაცვაში ფანტასტიკურად ვითამაშეთ. თანაც ეს, მარტო უკანახაზელთა მოქმედებას არ ეხება. მთლიანად გუნდმა იასპარეზა ძალზე ორგანიზებულად და შეხმატკბილებულად. ჩვენი ნებისმიერი ფეხბურთელი სათამაშო სქემას ბოლომდე დაექვემდებარა და გუნდური თამაშის პრინციპისთვის არც ერთ მათგანს ერთი წამითაც არ უღალატია. მცველებმა კი განსაკუთრებით ოსტატურად ითამაშეს. უშუალო ფუნქციების უმაღლეს დონეზე შესრულებასთან ერთად, მათ, ნახევარმცველებსაც დახმარება გაუწიეს. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, სულაც არაა გასაკვირი, საბოლოოდ დიდი ანგარიშით რომ ვიმარჯვეთ. მართალია, მატჩის პირველ ნახევარში “არსენალი” ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა და ბურთსაც შედარებით მეტხანს აკონტროლებდა, მაგრამ ჩვენ მეტოქეს სათამაშო დომინირების საშუალებას ვუსპობდით, მწვავე კონტრშეტევებს ვახორციელებდით და შესვენების დაწყებამდე, ორბურთიანი ჰანდიკაპიც მივიღეთ. ვფიქრობ, სავსებით დამსახურებულადაც.
- განსაკუთრებით უკანახაზელთა ღვაწლი გამოარჩიეთ, საერთო აღიარებით კი, მინდორზე საუკეთესო, დიდიე დროგბა იყო...
- დიდიემ პრინციპულ შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და ამით ყველაფერია ნათქვამი. “ჩელსის” მესამე ბურთი, კოტ დ’ივუარელმა საჯარიმო დარტყმის შემდეგ გაიტანა. იმ ეპიზოდში, ბევრმა მასპინძელთა მეკარე მანუელ ალმუნია დაადანაშაულა _ აქაოდა, ესპანელმა კიპერმა არასწორი პოზიცია შეარჩიაო. მაგრამ კარგად დააკვირდით დროგბას მიერ შესრულებულ დარტყმას – მან ხომ ბურთი კარის კუთხეში, ძელის სიახლოვეს გაგზავნა, თანაც, “მოჭრილი” დარტყმა გამოუვიდა. რაც შეეხება აფრიკელის მიერ ანგარიშის გახსნას, მან, ეშლი კოულის საფლანგო ჩაწოდების შემდეგ, ბურთს ადგილი “არსენალის” კარის “ცხრიანში” მიუჩინა. ამ ეპიზოდში, დროგბამ არა მარტო ოსტატობა, უმაღლესი კლასის ფორვარდისთვის დამახასიათებელი თავდაჯერებულობაც გამოავლინა. როდესაც თქვენს მიერ დასმულ პირველ კითხვას ვპასუხობდი, საგანგებოდ გავუსვი ხაზი დაცვით ოპერაციებში წინახაზელთა წარმატებულ მონაწილეობას. არც დიდიე გაგვითავისუფლებია “შავი სამუშაოსგან”. იგი ჩვენს თამაშს ბალანსს სძენდა. ეს კი, ფრიად მნიშვნელოვანია. თუკი უტევ და ბურთის დაკარგვის შემთხვევაში მის დასაბრუნებლად ფორვარდები არ იზრუნებენ, მოწინააღმდეგე სწრაფ კონტრიერიშს განახორციელებს და მდგომარეობას მარტო მცველები ვერ განმუხტავენ.
- “ჩელსის” ფეხბურთელებს ფიზიკურ მზადყოფნას ვერც ჟოზე მოურინიოს მთავარმწვრთნელობისას დავუწუნებდით, თუმცა, ბევრი ამტკიცებს, ანჩელოტის ხელში “არისტოკრატებმა” “ფიზიკა” კიდევ უფრო გაიუმჯობესესო...
- შესაძლოა, ასეცაა, მაგრამ “ჩელსი” ფიზიკურ სიმძლავრეზე აქცენტს არასდროს გააკეთებს. რასაკვირველია, ფუნქციონალური მზადყოფნა თანამედროვე ფეხბურთში ძალიანაც მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ მაინც ჭკუით შევეცდებით მოწინააღმდეგეთა დაჯაბვნას. უპირველესად, სწორედ ეს დაგვეხმარა არსენ ვენგერის გუნდის დამარცხებაში. “არსენალი” აქცენტს მინდვრის შუაგულში თამაშსა და საკუთარ ნახევარმცველებზე აკეთებდა, ჩვენ კი, უყურადღებოდ არც ცენტრი დაგვიტოვებია, ამასთან, მეტოქეს ორივე საჯარიმო მოედანზე ვაჯობეთ.
- “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა უსამართლოდ მიიჩნია მეორე ტაიმის დასაწყისში მისი გუნდის მიერ გატანილი გოლის გაუქმება. ფრანგი სპეციალისტი ირწმუნება, იმ ეპიზოდში მსაჯი შეცდაო და ამტკიცებს, სხვაობა მინიმუმამდე რომ შემცირებულიყო, დარჩენილ დროში ანგარიშის გაყაიმებაც კი შეგვეძლოო...
- არც მსაჯის მოქმედების და არც მოწინააღმდეგე გუნდის მწვრთნელის სიტყვების კომენტირება ჩემი საქმე არაა.
- ჯერ მხოლოდ პრემიერლიგის 14 ტური მიიწურა, “ჩელსი” კი საგრძნობი უპირატესობით ლიდერობს გათამაშების ცხრილს. “მანჩესტერ იუნაიტედს” 5 ქულით უსწრებთ, მესამე-მეოთხე ადგილებზე მყოფ “ტოტენჰემსა” და “არსენალს”, შესაბამისად, 10 და 11 პუნქტით. მიმომხილველთა უმრავლესობა “ჩელსის” ჩემპიონობის უმთა¬ვრეს კანდიდატად თვლის. იზიარებთ ამგვარ მიდგომას?
- გუნდი პირველობისთვის იბრძვის და კარგია, ლიდერები რომ ვართ, მაგრამ სულაც არ ვაპირებთ ცხრილში ჩვენს მომდევნო გუნდებთან დისტანციით ტკბობას. ამ შემთხვევაში, უპირატესობა ხელში შემოგვადნება. ყოველი შეხვედრის წინ, ბიჭებს მაქსიმალური კონცენტრირებისკენ მოვუწოდებ და ასევე გაგრძელდება სეზონის ბოლო თამაშამდე. ვიმედოვნებ, პირველ პოზიციაზე პრემიერლიგის 38 ტურის გასრულების შემდეგაც დავრჩებით. საამისოდ კი, აუცილებელია ისეთივე დონის თამაში ვაჩვენოთ, როგორც კვირას “ემირეიტსზე”.
- სეზონის სტარტის წინაც, “ჩელსის” მიზნად ჩემპიონობას უსახავდით?
- საკუთარი შესაძლებლობების მაშინაც გვწამდა. ახლა მეტი თავდაჯერებულობა შეგვეძინა. გითხრათ ნამდვილი, “ჩელსისთან” კონტრაქტის გაფორმებას რომ დავყაბულდი, ამოცანად პრემიერლიგის მოგება დავისახე.
- არანაკლებ პრესტიჟული, ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასის დაუფლებაცაა. იანვრის დასაწყისში “უოტფორდთან” მოგიწევთ ძალის მოსინჯვა. არ გვგონია, კენჭისყრის შედეგით უკმაყოფილო იყოთ...
- “უოტფორდს” პრაქტიკულად არ ვიცნობ, ამიტომაც, დარჩენილ დროში შევეცდები მაქსიმალურად ბევრი ინფორმაცია მოვიპოვო სათასო ოპონენტზე. ერთადერთი, ვისაც ვიცნობ, უოტფორდელთა მეპატრონე ელტონ ჯონია. იგი ძალიან მაღალი რანგის მუსიკოსად მიმაჩნია და ვიმედოვნებ, ჩვენი გუნდების ურთიერთშეხვედრისას, ელტონ ჯონს პირადად შევხვდები და გავესაუბრები.
მოამზადა გოჩა კაჭარავამ