დასავლეთლონდონურ “ჩელსის” ბოლო წლების ყურადღება არ აკლია, თუმცა, გუნდის წამყვანი მცველის ჯონ ტერის ირგვლივ ბოლო პერიოდში ატეხილმა აურზაურმა “არისტოკრატები” კიდევ უფრო მეტად მოაქცია გულშემატკივართა ფოკუსში. “არსენალთან” მნიშვნელოვანი დაპირისპირების წინ ვრცელდებოდა ცნობა ტერის ზურგის ტრავმის თაობაზე, რაც ბევრმა ისე აღიქვა, თითქოს კარლო ანჩელოტი ინგლისის ნაკრების ექსკაპიტნის “დასვენებას” ავადმყოფობის საბაბით შეეცდებოდა. საფეხბურთო მიმომხილველების ვარაუდი არ გამართლდა - ტერიმ არსენ ვენგერის გუნდთან მატჩი სრულად ჩაატარა და საკუთარი გუნდის მოგებაში წვლილი შეიტანა. ჯონის მინდორზე გამოჩენას “სტემფორდ ბრიჯზე” შეკრებილი მაყურებელი ოვაციით შეხვდა, აქა-იქ კი ტრანსპარანტებიც გამოჩნდა, ინგლისის ნაკრების ყველაზე ღირსეული კაპიტანი ჯონ ტერიაო. მატჩის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებმა ინტერვიუ ჩამოართვეს “არისტოკრატთა” იტალიელ დამრიგებელს და სულაც არაა გასაკვირი, მასმედიელისა და კარლო ანჩელოტის დიალოგის დიდი ნაწილი ჯონ ტერის რომ შეეხებოდა.
- გახმაურებულმა სკანდალმა და ტერის ნაკრების კაპიტნობიდან გადაყენებამ თქვენი ურთიერთობა შეცვალა?
- არა. საწვრთნელი პროცესის დროს ჩვენ ერთმანეთს კარგად ვუგებთ. ფეხბურთის გარდა, არაფერი მაინტერესებს, ნებისმიერ ადამიანს კი პირადი ცხოვრების უფლება აქვს და სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა არ მჩვევია. თუკი რომელიმე მოთამაშის ყოფითი ამბები მის საფეხბურთო კარიერას არ აფერხებს, ყურადღებას არ ვაქცევ, რაზე წერს მასზე პრესა. ადრე იყო შემთხვევები, როდესაც მთავარი მწვრთნელები ფეხბურთელთა ოჯახში რეკავდნენ და ახლობელ ადამიანებს სპორტსმენზე ზემოქმედებას სთხოვდნენ. ყოვლად დაუშვებელია ამგვარი საქციელი. დამრიგებელმა თავად უნდა გამონახოს საერთო ენა მის გუნდში მყოფ ფეხბურთელთან, გარკვეული სირთულეების წარმოქმნის დროს კი იმხელა ავტორიტეტი უნდა ჰქონდეს, პირადად დაელაპარაკოს მოთამაშეს და ურთიერთობა მასთან გაარკვიოს.
- ერთი შეხედვით, თქვენი პოზიცია ნათელია, თუმცა, რამდენიმე კითხვას მაინც ბადებს. წარმოუდგენელია, რომელიღაც მომენტში მწვრთნელი ფეხბურთელის პირადი ამბებით არ დაინტერესდეს. ისევ ტერის მივუბრუნდეთ. მის ირგვლივ ატეხილი სკანდალი ხომ აუცილებლად იმოქმედებს ფეხბურთელის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე...
- თუკი შევამჩნევ, რომ ჯონი ვარჯიშზე გადაღლილი მოვიდა, ან სტრესის გამო სრული დატვირთვით მუშაობას ვერ შეძლებს, მხოლოდ ამ შემთხვევაში მივცემ თავს უფლებას რამდენიმე საჩოთირო კითხვით მივმართო და მათზე პასუხის გაცემა კატეგორიულად მოვთხოვო. მაგრამ თუკი ტერის ყურადღების გაფანტვას ვერ შევამჩნევ, ვარჯიშზე ბოლომდე დაიხარჯება და ყველა მითითებას შეასრულებს, რატომ უნდა გადავღალო ზედმეტი კითხვებით. ჯერჯერობით ჯონს საამისო საბაბი არ მოუცია - იგი ყოველთვის კონცენტრირებულია როგორც წვრთნის, ასევე მატჩის მსვლელობის დროს. ტერის გუნდის ინტერესი არასდროს ოდნავადაც არ შეუბღალავს.
- ბოლოდროინდელი გაუგებრობაც მარტო, სხვების დახმარების გარეშე გადალახა?
- ტერი მტკიცე, უტეხი ხასიათის მქონეა და მაღალი პროფესიული თვისებებით გამოირჩევა. იგი მორალურად იოლად გასატეხი არაა. ინგლისურ პრემიერლიგაში არ მეგულება მეორე ისეთი ფეხბურთელი, რომელიც ასე თავდავიწყებით უდგებოდეს საწვრთნელ პროცესს. მატჩის მსვლელობის დროს კი ტერი გასაოცარი თავდადებით, ოსტატობითა და თამაშის წაკითხვის უნარით გამოირჩევა.
- გინდათ დაგვარწმუნოთ, რომ პრინციპულ მეტოქე “არსენალთან” დაპირისპირების წინ ჯონ ტერის ფსიქოლოგიური განწყობა იოტისოდენადაც არ გაშინებდათ?
- მხოლოდ ის მაშინებდა, რომ ჩემი ბიჭები წინასამატჩოდ არ მოშვებულიყვნენ. არა, მათ კარგად ესმოდათ არსენ ვენგერის გუნდთან “ხუმრობა” რომ არ შეიძლება, მაგრამ ისიც ხომ კარგად ახსოვდათ, გასული წლის ნოემბერში, პირველი წრის მატჩში “არსენალის” არენა “ემირეიტსზე” 3:0 რომ იმარჯვეს, ამ ფაქტს კი შესაძლებელია ერთგვარი “ტრანკვილიზატორის ეფექტი” გამოეწვია.
- ასპარეზობის წინ დიდი სამუშაო გასწიეთ ბიჭების საასპარეზო ტონუსის ასაწევად?
- არცთუ ისე. მათ უჩემოდაც მშვენივრად ესმოდათ, როგორი დონის მოწინააღმდეგესთან მოუწევდათ დაპირისპირება. “არსენალს” საჩემპიონო რბოლაში დაბრუნების ერთადერთი შანსი “სტემფორდ ბრიჯზე” მოგების შემთხვევაში მიეცემოდა.
- ახლა კი დროა უშუალოდ მათზე ვისაუბროთ. “ჩელსიმ” ასპარეზობის ბედი საწყისი ტაიმის პირველ ნახევარში გადაწყვიტა. ელოდით ამგვარ იოლ მოგებას?
- პირადად მე იოლი მოგების შთაბეჭდილება სულაც არ შემქმნია. ჩვენს გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო პეტერ ჩეხი გახლდათ, რომელმაც რამდენიმე ეპიზოდში იყოჩაღა. განსაკუთრებული მადლობა კი დიდიე დროგბას მსურს ვუთხრა. მან “ემირეიტსზეც” დუბლი შეუსრულა “არსენალს” და “სტემფორდ ბრიჯზეც”.
- ჯონ ტერი არ გიხსენებიათ...
- აკი გითხარით, იგი გუნდის ჭეშმარიტი ლიდერი და უმაღლესი კლასის მცველი რომაა. ჯონმა ეს “არსენალთან” მატჩის დროსაც დაამტკიცა. თამაშის მსვლელობისას ტერიმ ბარძაყის ტრავმა მიიღო, მაგრამ კატეგორიული უარი თქვა შეცვლაზე. მან სრულად ჩაატარა მატჩი, მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ კი გულშემატკივრებს მადლობა იმით გადაუხადა, რომ საკუთარი მაისური “მეტიუ ჰარდინგის” ტრიბუნაზე მსხდომი ქომაგებისკენ გაისროლა.
- მთლიანობაში თქვენი ბიჭების თამაშზე რას იტყოდით?
- ტაქტიკურად გამართულად ვითამაშეთ. “არსენალი” ძლიერი ნახევარმცველებითაა დაკომპლექტებული და თუ ამ გუნდთან წარმატების მიღწევა გსურს, შუახაზელებს გასაქანი არ უნდა მისცე. ჩემმა ბიჭებმა მოწინააღმდეგისთვის სივრცის ჩაკეტვით ამის გაკეთება შეძლეს. საგანგებოდ მსურს გავუსვა ხაზი დაცვით ოპერაციებში წინახაზელთა წარმატებულ მონაწილეობას.
- “ჩელსის” მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ გუნდისთვის კონკრეტული ამოცანა არ დაგისახავთ. ყოველ შემთხვევაში, გულშემატკივრებისთვის ეს უცნობია. ხომ არ შეიცვალა ამ მხრივ საქმე ბოლო დროს და კონკრეტულად “არსენალთან” მოგების შემდეგ?
- “ლონდონელ არისტოკრატებს” ყოველთვის უმაღლესი მიზნის გადაჭრა აქვთ დასახული. ამას განსაკუთრებული ხაზგასმა არ სჭირდება. ხოლო თუკი ვინმეს ჩვენს ამოცანებსა და შესაძლებლობებში ეჭვი ეპარება, ვაცხადებ – “ჩელსი” ყველა ტურნირის მოსაგებად იბრძვის. საკუთარი შესაძლებლობების ადრეც გვწამდა, ახლა მეტი თავდაჯერებულობა შეგვეძინა.
- ცოტა ხნის წინ კლუბისთვის ტრანსფერების განხორციელებაზე დაწესებული აკრძალვა მოგიხსნეს. ამის შემდეგ, ალბათ, შემადგენლობის გადახალისებაზეც იფიქრებთ...
- უპირველესად კიდევ ერთხელ მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ კაკუტას შეძენის დროს კანონი და სატრანსფერო პროცედურა არ დაგვირღვევია. მოხარული ვარ, სიმართლე რომ გაირკვა. ამის შემდეგ სკაუტებთან ერთად ახალი ფეხბურთელების შერჩევას შევუდგებით, თუმცა, მანამდე ჩემპიონთა ლიგის, ინგლისის პრემიერლიგისა და თასის უმნიშვნელოვანესი მატჩების ჩატარება მოგვიწევს.
მოამზადა გოჩა კაჭარავამ