“ბარსელონას” კაპიტანმა კარლეს პუიოლმა სატელევიზიო პროგრამა El Marcador-ის ეთერით მადრიდის “რეალთან” მატჩსა და კატალონური გრანდის სამომავლო პაექრობებზე ისაუბრა.
- რამ განაპირობა“კამპ ნოუზე” შაბათს ჩატარებულ პრინციპულ დაპირისპირებაში ჟოზე მოურინიოს გუნდის მოგება? თქვენი აზრით, “რეალმა” “ელ კლასიკოში” გამარჯვება დაიმსახურა?
- “რეალმა” მოგვიგო და იმაზე საუბარი, დაიმსახურა თუ არა კასტილიის გუნდმა 3 ქულა, ამჟამად უადგილოდ მიმაჩნია. თქვენ კითხვაში, ალბათ, მოწინააღმდეგის მიერ არჩეული ფრთხილი ტაქტიკა იგულისხმება. ჟოზე მოურინიოს გუნდის ამგვარი თამაში ჩვენთვის მოულოდნელი არ ყოფილა. “რეალი” კონტრშეტევით ცდილობდა სასურველი შედეგის მიღწევას. ეს გასაკვირი არაა. “ბარსელონას” წინააღმდეგ გამოსვლისას მეტოქეთა აბსოლუტური უმრავლესობა ამგვარ ტაქტიკას ირჩევს ხოლმე. შესაძლოა, ეს ფეხბურთის გულშემატკივრებს ნაკლებად მოსწონდეთ, მაგრამ პირადად მე “ბარსელონას” მოწინააღმდეგეთა სიფრთხილე არ მაკვირვებს. ამასთან, თუკი სხვები ამგვარად გვიპირისპირდებიან, მაინცა და მაინც “რეალი” რატომ უნდა იყოს გამონაკლისი. ნებისმიერი მწვრთნელი თავის გუნდს ისე ათამაშებს, როგორც საჭიროდ თვლის სასურველი შედეგის მისაღწევად. კონკრეტულად “რეალს” რაც შეეხება, კასტილიელების ძალა დაცვაში თამაში და მწვავე კონტრიერიშების განხორციელებაა. ცხადია, გულდაწყვეტილები ვართ. “რეალმა” მეტად მტკივნეული დარტყმა მოგვაყენა, თანაც, “კამპ ნოუზე”, ჩვენი ერთგული ქომაგების თვალწინ. ასპარეზობის დაწყებამდე ღრმად გვწამდა, პრიმერა დივიზიონის მოგება რომ შეგვეძლო, არბიტრის საფინალი სასტვენის შემდეგ კი საამისო შანსი მიზერული გახდა. რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავივიწყოთ 21 აპრილის მატჩი და ჩემპიონთა ლიგის განმეორებით ნახევარფინალზე უნდა გადავერთოთ.
- თუკი შექმნილ ვითარებას რეალურად შევხედავთ, “ბარსელონას” მიმდინარე სეზონში “მხოლოდ” ჩემპიონთა ლიგისა და ქვეყნის “სამეფო თასის” დაუფლება შეუძლია...
- ესპანეთის სუპერთასიც ხომ მოვიგეთ. ცხადია, არაფერს დავიშურებთ თასის ფინალში. მადრიდის “ვისენტე კალდერონზე” “ბილბაოს” ძლევას აუცილებლად შევეცდებით. ბოლოჯერ “სამეფო თასი” 2009 წელს მოვიპოვეთ და მაშინდელ ფინალში სწორედ ბასკების “ატლეტიკს” მოვუგეთ. თუმცა, ჩვენ უმთავრეს სამიზნედ მაინც ჩემპიონთა ლიგის თასი რჩება.
- ლონდონის “ჩელსის” რა ტაქტიკით დაუპირისპირდებით?
- შემტევ სტილს არასდროს ვუღალატებთ, კონკრეტულად “ჩელსის” რაც შეეხება, მისი კონტრშეტევები უნდა ავლაგმოთ. ვფიქრობ, პეპ გვარდიოლა ისეთსავე ტაქტიკას აირჩევს, როგორითაც “რეალს” დავუპირისპირდით. აკი განაცხადა კიდეც ჩვენმა დამრიგებელმა, “ბარსელონაში” სეზონის მიწურულამდე არაფერი შეიცვლებაო.
- ადვილი შესაძლებელია, მიუნხენში დანიშნულ ფინალში მადრიდის “რეალს” შეხვდეთ...
- ძალიან საინტერესო გადამწყვეტო პაექრობა იქნება, მაგრამ მოდით ამ თემაზე “ჩელსის” ბარიერის დაძლევის შემდეგ ვისაუბროთ.
- ლონდონელებთა დაპირისპირებისას დიდი მნიშვნელობა მიენიჭება გულშემატკივრების აქტიურობას. წინასამატჩოდ რა სიტყვები გინდათ მიმართოთ “კულეს”?
- მათი მხარდაჭერის იმედი ყოველთვის გვაქვს. ჩვენ, “ბარსას” ფეხბურთელებმა და ქომაგებმა ერთმანეთს რამდენიმე ბრწყინვალე სეზონი ვაჩუქეთ და სამომავლოდაც ერთად ვიქნებით.
მოამზადა გოჩა კაჭარავამ