თუ დღეს “ბარსელონამ” მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში მექსიკურ “ატლანტეს” სძლია, ხოლო სამი დღის შემდეგ ფინალშიც იმარჯვა, კარლეს პუიოლი გახდება კაპიტანი, რომელიც ერთი წლის განმავლობაში თავს ზემოთ მეექვსე ტიტულს აღმართავს. კატალონიური შპორტ-სთვის მიცემულ ინტერვიუში “ბარსას” კაპიტანმა არა მხოლოდ საკლუბო მუნდიალზე, არამედ ზოგადად კლუბზე და ეროვნულ ნაკრებზეც ისაუბრა.
- რას ფიქრობთ, როდესაც აცნობიერებთ, რომ მომდევნო თასის აწევამ შესაძლოა მსოფლიოს საუკეთესო კლუბად გაქციოთ?
- დიდი იმედი მაქვს, რომ ასე მოხდება. ეს მნიშვნელოვანი ტურნირია, რომელიც “ბარსას” ჯერაც არ აქვს მოგებული და რომელსაც ეს კლუბი უნდა ფლობდეს.
- 2006 წელს ამავე ტურნირზე განცდილი მარცხით გამოწვეული ტკივილი კიდევ დაგრჩათ?
- არ გვსურს, რომ სამი წლის წინანდელი შემთხვევის მსგავსად, ტიტულის გარეშე დავრჩეთ. ერთხელ მასთან ძალზე ახლოს უკვე ვიყავით, მაგრამ ვერ შევწვდით. პორტუ ალეგრეს “ინტერნასიონალთან” გამართული შეხვედრა ყველა ჩვენგანს ახსოვს, ვინც კი მაშინ ითამაშა. ფინალში კარგად ვითამაშეთ, მაგრამ მეტოქისგან განსხვავებით, ბურთის გატანა ვერ მოვახერხეთ. ამჯერად მოედანზე ჩვენი ტრადიციული განწყობით გავალთ - შევეცდებით ვითამაშოთ ჩვენი ფეხბურთი და მოვიგოთ მატჩი. ამ ტურნირამდე მისასვლელი გზა ძალზე ძნელია, ამიტომ შანსის ხელიდან გაშვება არ შეიძლება.
- ამჟამად კარიერაში საუკეთესო პერიოდი გიდგათ?
- თავს ფიზიკურად კარგად ვგრძნობ, თუმცა არც ადრე ვყოფილვარ ცუდ ფორმაში. ყველაფერი კარგად მიდის და ეს თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან კარგია.
- “რეალთან” გამართული მატჩი თქვენს კარიერაში საუკეთესო იყო?
-არ მგონია. იმ პერიოდში სამი ურთულესი მატჩი გვქონდა ჩასატარებელი, რომელთაგან ყველა ჩვენთვის სასარგებლოდ დასრულდა.
- ვალდესმა მადლობა მოგიხადათ?
- ზუსტად არ მახსოვს რა მითხრა. ვიქტორი შესანიშნავ სეზონს ატარებს, დღესდღეობით იგი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა.
- რატომ ასპარეზობთ ასე კარგად “რეალის” წინააღმდეგ? ბოლო “კლასიკოში” შეუდარებელი იყავით, წინა წელს მადრიდელთა კარში გოლი გაიტანეთ, უფრო ადრე კი ფიგუს გაუვნებელყოფა მოახერხეთ...
- ყოველ მატჩში უდიდესი მოტივაციით გავდივარ მოედანზე. უბრალოდ “კლასიკო” ხალხს სხვებზე მეტად ამახსოვრდება. თუ თეორიულად უფრო სუსტ მეტოქესთან კარგად ვითამაშებ, ამას დიდ ყურადღებას არავინ მიაქცევს. “რეალთან” შეხვედრის დროს კი ყველაფერს გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ამ მატჩს ყველა ელის.
- როგორ ახერხებთ ასეთ შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაში ყოფნას?
- ვმუშაობ ისე, როგორც ყოველთვის. იმისათვის, რომ ფიზიკურად კარგად იყო მომზადებული, საჭიროა ბევრი ვარჯიში, ფიზმომზადების მწვრთნელების მოსმენა და საკუთარი თავის მოვლა.
- კონტრაქტის გახანგრძლივებამ სიმშვიდე მოგიტანათ?
- ყოველთვის მშვიდად ვარ. დარწმუნებული არ ვიყავი, იქნებოდა თუ არა ეს სეზონი ჩემთვის უკანასკნელი კლუბში, მაგრამ შეთანხმების მიღწევამდე ნელ-ნელა მივედით. სეზონის დასაწყისში პეპს ვუთხარი, რომ ეს საკითხი ჩემს თამაშზე არ აისახებოდა. კლუბში ყოფნით ბედნიერი რომ არ ვიყო, კონტრაქტს ხელს არ მოვაწერდი. ეს ჩემს კარიერაში წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. კონტრაქტის გაფორმებამდე გარკვეული დრო ვითხოვე მოსაფიქრებლად და ვინაიდან ყველაზე კარგად თავს სწორედ აქ ვგრძნობ, დარჩენა გადავწყვიტე.
- დიდხანს ფიქრობდით გადაწყვეტილების მიღებამდე?
- მიუხედავად იმისა, რომ ჩემს გარშემო ბევრს ლაპარაკობდნენ, მაინც მშვიდად ვიყავი. ხალხი ამბობდა, რომ წასვლა მსურდა, რომ მწვრთნელთან მქონდა კონფლიქტი. არ მსურდა ამას გუნდში დესტაბილიზაცია გამოეწვია. როგორც კი კონტრაქტს ხელი მოვაწერე, ყველანაირი საუბარი დასრულდა.
- როგორ მიმდინარეობდა მოლაპარაკების პერიოდი?
- ეს იყო შეხვედრების მთელი სერია ჩიკი ბეგირისტაინსა და ჩემს აგენტს, რამონ სოსტრესომს შორის. მოგვიანებით პირადად მქონდა საუბარი პრეზიდენტთან, ჩიკისთან და მწვრთნელთან. მათ მკითხეს, თუ რას ვაპირებდი, მე კი ვუპასუხე, რომ მალე მივიღებდი გადაწყვეტილებას. ერთი კვირის შემდეგ დავურეკე პრეზიდენტს და ვუთხარი, რომ მივიღე გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებით კი საბოლოოდ ყველანი კმაყოფილნი დავრჩით.
- იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ არ გსურდათ გუნდში დარჩენა იმ შემთხვევაში, თუ მწვრთნელი სათამაშო დროს არ მოგცემდათ...
- ჩვენ ყველას გვსურს თამაში, მაგრამ გუნდისთვის სარგებლის მოტანა მხოლოდ მოედნიდან არაა შესაძლებელი. ახლა ვგრძნობ, რომ გუნდს სწორედ მოედანზე ყოფნით შემიძლია დავეხმარო. ასე რომ არ იყოს, აუცილებლად წავიდოდი.
- გაგიჭირდათ იმ პერიოდის გადატანა, როდესაც სათანადო სათამაშო დრო არ გეძლეოდათ?
- ვამჯობინებ ამ საკითხზე არ ვიფიქრო. ჩემს კარიერაში ყოფილა რთული პერიოდები, როდესაც არა მხოლოდ გამარჯვებების მოპოვებას, არამედ ტიტულებისთვის ბრძოლასაც კი ვერ ვახერხებდით. ამჟამად კლუბს კარგი დრო უდგას. ეს უნდა დავაფასოთ და სიამოვნება მივიღოთ შექმნილი მდგომარეობით.
- გასულ სეზონში იყო მომენტები, როდესაც შემადგენლობაში ვერ ხვდებოდით. მაგალითისთვის ავიღოთ “ჩელსისთან” გამართული შეხვედრა...
- გუნდში ხელშეუხებელი ვერავინ იქნება. რა თქმა უნდა, ყველას სურს მნიშვნელოვან შეხვედრებში, მაგალითად ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში თამაში, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას მწვრთნელი იღებს. “ჩელსისთან” შეხვედრაში შემადგენლობაში სხვა ფეხბურთელები მოხვდნენ და რაც მთავარია, მატჩი ჩვენთვის წარმატებული გამოდგა. ნორმალურია, როდესაც შემადგენლობის მიღმა დარჩენის დროს ბრაზდები, მაგრამ პატივი უნდა სცე იმ თანაგუნდელებს, რომლებიც მოედანზე გამოდიან.
- მსოფლიოს 5 საუკეთესო ფეხბურთელიდან 3 “ბარსელონაში” თამაშობს. შეუძლია თქვენს გუნდს გასულ სეზონში მიღწეული წარმატების გამეორება?
- ამის გაკეთება ძალზე ძნელია. ასეთი მიზნისთვის ძალზე ცოტა გუნდს თუ მიუღწევია. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ მიღწეული წარმატებების გასამეორებლად, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, თუ რამდენად ძნელი იქნება მიზნის მიღწევა.
- ადევნებთ თვალს კლუბის საპრეზიდენტო არჩევნების წინ მიმდინარე მოვლენებს?
- სიმართლე გითხრათ, ამ საკითხზე არ ვფიქრობ. მხოლოდ თამაშზე ვარ კონცენტრირებული და არც კი ვიცი, თუ როდის იწყება საარჩევნო კამპანია, ან თვითონ არჩევნები. ეს ის საკითხია, რისი კონტროლიც ფეხბურთელებს არ შეუძლიათ. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ტიტულებისთვის, ესაა ყველაზე მთავარი. ყველა კანდიდატი თავის საქმეს გააკეთებს, საბოლოოდ კი, “ბარსელონასთვის” საუკეთესო იქნება არჩეული, ამაში დარწმუნებული ვარ.
- როგორც გულშემატკივარი, წახვალთ ხმის მისაცემად?
- თუ ქალაქში ვიქნები, აუცილებლად. ფოსტის საშუალებით ხმის მიცემა არ შეიძლება და თუ აქ არ ვიქნები, მაშინ ხმას ვერ მივცემ.
- თუ გვარდიოლა წასვლას გადაწყვეტს, ეს გუნდისთვის დიდი დარტყმა იქნება?
- ამაზე არ ვფიქრობ. იმედი მაქვს, რომ იგი ჩვენთან კიდევ დიდი ხნის განმავლობაში იქნება. პეპმა უკვე დაამტკიცა, რომ შესანიშნავი მწვრთნელია და მას ჩვენთვის კიდევ ბევრი რამის სწავლება შეუძლია.
- გაუგებთ მას, თუ წასვლას გადაწყვეტს?
- რა თქმა უნდა, რადგან “ბარსელონას” გაწვრთნა ძალზე ძნელი საქმეა. მაგრამ მას მოსწონს აქ მუშაობა და წასვლის მიზეზი არ აქვს.
- მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის შემდეგ ნაკრების დატოვებას ხომ არ აპირებთ?
- უკვე გარკვეულ ასაკს მივაღწიე და მმართებს გადაწყვეტილების მიღება. ჯერ გადაწყვეტილება არ მიმიღია, მაგრამ თუ მივიღებ, იგი აუცილებლად იქნება შეთანხმებული ფერნანდო იეროსთან და მწვრთნელთან.
- თქვენს გადაწყვეტილებაზე გავლენას ჩემპიონატში ნაჩვენები შედეგი ხომ არ იქონიებს?
-არა. ნაკრებში ახალი თაობა მოდის, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ საკმაოდ ხშირად გვიწევს თამაშების ჩატარება. ჯერ არ ვიცი, თუ როდის მივიღებ გადაწყვეტილებას – ახლა, თუ ორი წლის შემდეგ.
- შეგვიძლია ვთქვათ, რომ ესპანეთი მსოფლიოს ჩემპიონატის ფავორიტია?
- ამჟამად საუკეთესო მდგომარეობაში ვართ. ჩემპიონატის მოგება ძალზე რთული იქნება, რადგან თუ ერთხელ მაინც არ გაგიმართლა, ასპარეზობას გამოეთიშები. მაგრამ მაღალი რანგის გუნდი გვყავს, რომელიც ერთიანი მიზნისთვისაა გაერთიანებული და ეს ძალზე მნიშვნელოვანია.
მოამზადა მიშა ზაქარეიშვილმა