ინტერვიუები

17:30 | 12.11.2012 | ნანახია [] - ჯერ

კარლ ჰაინც რუმენიგე: “ბაიერნს” ჩემპიონთა ლიგაში “ბორუსიის” წარმატებული გამოსვლა აწყობს”

კარლ ჰაინც რუმენიგე ამჟამად ევროპის კლუბთა ასოციაციის თავმჯდომარეა, თუმცა, მიუნხენის “ბაიერნის” ექსთავკაცი ბავარიულ გრანდში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით აკვირდება.

- ბუნდესლიგაში 11 ტური მიილია და “ბაიერნი” დამაჯერებლად ლიდერობს გათამაშების ცხრილს. გარკვეული დასკვნის გაკეთება შესაძლებელია, თუმცა, თქვენ განაცხადეთ, რომ 2013 წლის მაისამდე “ბაიერნის” მიმართ საქებარი სიტყვა არ დაგცდებათ. რატომ?
- არამც და არამც თვიკმაყოფილებას არ უნდა მივეცეთ. გაიხსენეთ შარშანდელი ჩემპიონატი. ზუსტად ერთი წლის წინაც ლიდერები ვიყავით და გულშემატკივართა უმრავლესობა ჩემპიონობას წინასწარ ზეიმობდა. შემდგომ კი როგორც განვითარდა მოვლენები, ყველას კარგად გვახსოვს. დორტმუნდის “ბორუსიამ” ყურადღების მოდუნება არ გვაპატია. ეს მწარე მაგალითი კარგად უნდა გვახსოვდეს და გავითვალისწინოთ. ისე კი, გითხრათ სიმართლე, კლუბში ეიფორიულ განწყობას ნამდვილად ვერ ვამჩნევ. ეს პრეზიდენტის ული ჰიონესისა და სპორტული დირექტორის მათიას ზამერის დამსახურებაა.
- თითქმის ყველა შეგუებულია იმ აზრთან, რომ მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე იუპ ჰაინკესი მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს...
- ეს საკითხი გადაწყვეტილი სულაც არაა. პირადად მე მგონია, რომ ისეთი დონის სპეციალისტს, როგორიც ჰაინკესია, ნდობა უნდა გამოვუცხადოთ. იუპი ამას ნამდვილად იმსახურებს. მიუნხენის “ბაიერნი” ასეც იქცევა და ჯერჯერობით არც ერთ მწვრთნელთან მოლაპარაკებას არ აწარმოებს. ალბერტ აინშტაინის სიტყვებს გაგახსენებთ: “არასდროს იფიქროთ მომავალზე, რადგან ის ძალიან სწრაფად და მოულოდნელად დგება”. “ბაიერნის” მიზანი ბუნდესლიგის მოგებაა და გუნდში საქმიანი ატმოსფეროსა და სიმშვიდის შესანარჩუნებლად მთავარი მწვრთნელის შესაძლო წასვლაზე საუბარი საჭირო სულაც არაა.
- რამდენიმე დღის წინ “ბაიერნის” პრეზიდენტმა ული ჰიონესმა საჯაროდ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში კლუბს ახალი ინვესტორი ეყოლება და “ალიანც არენის” აგებისთვის დაგროვილ ვალს სრულად და სწრაფად გაისტუმრებს...
- რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, ულის კონკრეტული ფირმა ან პიროვნება არ დაუსახელებია. “ბაიერნის” სადღეისო მდგომარეობის გათვალისწინებით კი ადვილი შესაძლებელია კლუბით რომელიმე სერიოზული ინვესტორი დაინტერესდეს. თუმცა, ისარგებლებს თუ არა მიუნხენის “ბაიერნი” ამ შესაძლებლობით, გადაწყვეტილი არაა.
- ჟოზე მოურინიომ და მესუთ იოზილმა განაცხადეს, რომ დორტმუნდის “ბორუსია” ჩემპიონთა ლიგის მოგების რეალური კანდიდატია. თქვენც ასე თვლით?
- თუკი დორტმუნდელები ამჟამინდელ ფორმას და სათამაშო კონდიციებს შეინარჩუნებენ, ბევრის მიღწევა შეეძლებათ. “ბორუსიის” წარმატებული გამოსვლა ჩემპიონთა ლიგაში “ბაიერნს” ხელს აძლევს. ბუნდესლიგის წინა გათამაშებაში დორტმუნდელებმა კარგად ისარგებლეს იმ მომენტით, 2 ფრონტზე რომ გვიხდებოდა გამოსვლა, იურგენ კლოპის გუნდი კი იანვრიდან მოყოლებული მხოლოდ გერმანიის ჩემპიონატის მატჩებზე იყო კონცენტრირებული. ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ გათამაშებას რაც შეეხება, ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ტურნირის მომსწრენი ვართ.
- მარკო როისის გადაბირების საკითხი კვლავინდებურად დღის წესრიგში დგას?
- “ბაიერნს” თავდასხმის ისედაც ძლიერი ხაზი ჰყავს. ამასთან, პირადად ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, არვმიყვარს, როცა რომელიმე გუნდი კონკურენტის დასუსტების ხარჯზე ძლიერდება. ვფიქრობ, “ბაიერნი” დორტმუნდელ ფეხბურთელებს არ იყიდის. ასე თუ მოხდა, ორივე გუნდი მოგებული დარჩება.
- ამჟამად მარიო გომესის სათანადო რეინტეგრაცია იუპ ჰაინკესის ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანად რჩება...
- მეც ინტერესით ვადევნებ თვალს “ბაიერნში” მიმდინარე მოვლენებს და ძალიანაც ყურადღებით ვაკვირდები გომესის საკითხს. წინასასეზონოდ კლუბმა მარიო მანჯუკიჩი და კლაუდიო პისარო იყიდა და ორივე მათგანი მათზე დაკისრებულ იმედს ამართლებს. პისარო ბოლო ათწლეულის ბუნდესლიგის საუკეთესო ფორვარდ-ლეგიონერია. მანჯუკიჩი გუნდის კეთილდღეობისთვის ზრუნავს, ბევრს მუშაობს და ამჟამად ბუნდესლიგის ბომბარდირთა დავას ლიდერობს. გომესს მძაფრი კონკურენციის გადატანა უწევს და ფსიქოლოგიურად წნეხის ქვეშ იმყოფება. დაველოდოთ მოვლენეთა განვითარებას...
- გერმანიის საფეხბურთო კავშირის ყოფილმა პრეზიდენტმა თეო ცვანციგერმა განაცხადა, რომ ული ჰიონესა და მათიას ზამერს ერთობლივად მუშაობა გაუჭირდებათ. რა გახდა ამ განცხადების გაკეთების საფუძველი?
- ნამდვილად ვერ გეტყვით, მხოლოდ ისღა შემიძლია ვთქვა, რომ ცვანციგერის თვალსაზრისმა გამაკვირვა. მართალია, საფეხბურთო კავშირში ზამერი და ცვანციგერი წლების განმავლობაში ერთად მუშაობდნენ, თუმცა, ალბათ, თეომ მათიას გაცნობა მაინც ვერ მოასწრო. ზამერის შესაძლებლობებში ეჭვი არ მეპარება.


გოჩა კაჭარავა

0.128047