დღეს ესპანეთის “სამეფო თასის” ნახევარფინალის პირველ მატჩში მადრიდის “რეალი” “ბარსელონას” უმასპინძლებს. კიდევ ერთი “სუპერკლასიკოს” წინ კასტილიელთა ფრანგი ფორვარდი კარიმ ბენზემა ჟურნალისტებს შეხვდა და მათთან საუბრისას მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა. ამასთან ბენზემამ დაადასტურა, რომ “რეალის” ფეხბურთელებსა და მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს შორის არავითარი უთანხმოება არაა და მოთამაშეები პორტუგალიელ სპეციალისტს მხარდაჭერას უცხადებენ.
- ოთხშაბათს კიდევ ერთი “სუპერკლასიკო” ჩატარდება. როგორ დაახასიათებთ “რეალისა” და “ბარსელონას” დაპირისპირებას?
- კასტილიური და კატალონური გრანდების ურთიერთშეხვედრა პლანეტის მასშტაბის უდიდესი მატჩია. ერთმანეთის პირისპირ ხომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბები წარსდგებიან ხოლმე. თან როგორი ვნებათაღელვა სდევს “რეალისა” და “ბარსელონას” ნებისმიერ დაპირისპირებას! აღარაფერს ვამბობ წმინდა საფეხბურთო მხარეზე – ორივე გუნდის მოთამაშეები ნამდვილ საფეხბურთო სპექტაკლებს დგამენ როგორც “სანტიაგო ბერნაბეუს”, ასევე “კამპ ნოუზ” მინდვრებზე.
- ბოლო ხანს, “რეალი” “ბარსას” წინააღმდეგ “კამპ ნოუზე” უკეთ თამაშობს, ვიდრე მადრიდში. რით ახსნით ამ ფაქტს?
- მადრიდსა და ბარსელონაში სხვადასხვა ხასიათის დაპირისპირებები ტარდება. შინ ვცდილობთ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვავლინოთ, თუმცა, მიზეზთა გამო, ამის გაკეთება გვიჭირს. ვერ გეტყვით რატომ, მაგრამ “კამპ ნოუზე” მართლაც იშვიათად ვაგებთ.
- სათასო ორმატჩიან პაექრობებს თავისი განსხვავებული სტრატეგია აქვთ...
- ცხადია, “სამეფო თასის” მატჩები ლა ლიგას შეხვედრებისგან განსხვავდება, მაგრამ ორივე შემთხვევაში მტავარი მაინც გოლების გატანა და მოგებაა. სათასო დაპირისპირება კი 2 ეტაპისგან შედგება. ოთხშაბათს პირველ ნაწილს ჩავატარებთ და ყოველმხრივ შევეცდებით განმეორებითი მატჩის წინ უპირატესობა მოვიპოვოთ.
- თქვენი აზრით ამ მეოთხედფინალური წყვილის ფავორიტი რომელი გუნდია?
- “ბარსელონას” ფავორიტად არ ვთვლი. ამგვარი მატჩების წინ უპირატესობას ვერცერთს მიანიჭებ. უძლიერესი მოწინააღმდეგე კი გვყავს, მაგრამ მასთან საპაექროდ სრულ საბრძოლო მზადყოფნაში ვართ. ერთ რამეში კი ეჭვი არ მეპარება – ორივე სათასო შეხვედრა მძიმე და დრამატული იქნება.
- რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტებმა გაავრცელეს ცნობა იმის თაობაზე, თითქოს “რეალის” წამყვან ფეხბურთელთა ნაწილი მთავარ მწვრთნელს აუმხედრდა. ეს ინფორმაცია მოგვიანებით კლუბის პრეზიდენტმაც უარყვეს და თავად მოთამაშეებმაც, მაგრამ მაინც გკითხავთ, ფეხბურთელებს ჟოზე მოურინიოსთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ?
- პირადად მე პორტუგალიელ სპეციალისტთან ერთობლივმა მუშაობამ ბევრი რამ შემძინა. მოურინიო და მე ერთმანეთს კარგად ვუგებთ. ჩემი აზრით, სეუ ჟოზე თანამედროვეობის უდიდესი მწვრთნელია. “რეალში” მისი მოსვლის შემდეგ შედეგიანობა გამეზარდა, რაც უპირველესად მოურინიოს დამსახურებაა. იგი წვრთნისა და თამაშის სტიმულს მაძლევს, სათუთად მეპყრობა, ამასთან, როცა საჭიროა, მკაცრი ტონითაც მაძლევს შემჩნევას. პორტუგალიელი ფეხბურთელებთან ინდივიდუალურად საუბრობს და ნებისმიერი ჩვენთაგანი, მისი ოთახიდან გამოსული, კიდევ უფრო მეტად თავდაჯერებული ხდება. სეუ ჟოზე მხოლოდ გამარჯვებასაა მიჩვეული, ამას მოთამაშეთა შესაძლებლობების სრულად წარმოჩენის ხარჯზე აკეთებს და გამონაკლისი არც ჩვენ, “ბლანკოსის” ფეხბურთელები ვიქნებით. პირდაპირ უნდა ვთქვა – “რეალი” ერთიანი გუნდია და ჟოზე მოურინიოსთან ფეხბურთელებს პრობლემა არ აქვთ. გუნდში ურთიერთგაგება და ერთსულოვნება სუფევს. არცკი ვიცი, საიდან გაჩნდა ჩვენსა და დამრიგებელს შორის გართულებული დამოკიდებულების ინფორმაცია.
- გონსალო იგუაინთან კონკურენციაზე რას გვეტყვით?
- არ მეგულება ფეხბურთელი, რომელსაც სათადარიგოთა სკამზე ჯდომა მოსწონდეს. ცხადია, გამონაკლისი არც მე ვარ. ის, რომ გონსალო მომჯობინდა გუნდისთვის ძალიან კარგია, ხოლო რომელი ჩვენთაგანი იქნება სასტარტოში, მე თუ არგენტინელი, მწვრთნელის გადასაწყვეტია.
- იკერ კასილასის გამოკლების შემდეგ “რეალმა” დიეგო ლოპესი დაიმატა...
- დიეგოს “რეალში” ადრეც უთამაშია. იგი კარგი მეკარეა, წინააღმდეგ შემთხვევაში, “სანტიაგო ბერნაბეუზე” არავინ დააბრუნებდა.
- და ბოლოს, ტრადიციული კითხვა – კრიშტიანუ რონალდუ თუ ლეო მესი?
- პასუხიც ტრადიციულია – ორივე უდიდესი ფეხბურთელია. ისე კი, “რეალის” მოთამაშეები კრიშტიანუს ვანიჭებთ უპირატესობას. მასთან ერთად თამაში ბედნიერებაა...
გოჩა კაჭარავა