ჩილელი ნახევარმცველი გარი მედელი, რომელსაც ხშირად მცველის პოზიციაზეც ათამაშებენ, მომავალ სეზონს ესპანეთის პრიმერა დივიზიონის ნაცვლად ინგლისის პრემიერლიგაში დაიწყებს.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 26 წლის უნივერსალი კარიერას “სევილიას” ნაცვლად “კარდიფში” გააგრძელებს, უელსური კლუბის ოფიციალურ საიტზე გაჩნდა, რომელმაც პრემიერლიგაში თამაშის უფლება გასულ სეზონში მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ კარდიფელები ამ ტრანსფერს კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულს უწოდებენ. აქედან გამომდინარე, Guardian-მა დაასკვნა, რომ უელსელებმა მედელის სანაცვლოდ 8 მილიონ გირვანქა სტერლინგზე მეტი გადაიხადეს, რადგან “კარდიფმა” ცოტა ხნის წინ ლონდონის “ტოტენჰემისგან” სტივენ კოლკერი სწორედ 8 მილიონად შეიძინეს.
გარი “სევილიაში” 2010 წელს არგენტინული “ბოკა ხუნიორსიდან” გადავიდა, მანამდე კი სამშობლოში, “უნივერსიდად კათოლიკში” თამაშობდა. მედელი ჩილეს ნაკრების საკვანძო ფიგურაცაა და 2010 წლისმსოფლიოს ჩემპიონატზეც მიიღო მონაწილეობა.
ჩილელი ცნობილია ხისტი, ხშირ შემთხვევაში უხეში თამაშით და პრიმერა დივიზიონის გასული სეზონის 32 მატჩში 8 ყვითელი და სამი წითელი ბარათი მიიღო, თუმცა, ამასთან 6 გოლიც გაიტანა.