ფეხბურთი

12:44 | 25.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

კანკავამ მოიგო, ოქრიაშვილმა კიევის “დინამოს” ქულები დააკარგვინა

უკრაინის საფეხბურთო პრემიერლიგის მე-20 ტურში, დნეპროპეტროვსკის “დნიპრომ”, რომელშიც ჯაბა კანკავა, უჩა ლობჟანიძე და ალექსანდრე კობახიძე ირიცხებიან, სტუმრად უზჟგოროდის ”ჰოვერლას” 2:0 სძლია.

კანკავამ შეუცვლელად ითამაშა და 59-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო ლობჟანიძე და კობახიძე 18-კაციან განაცხადში არც ამჯერად იყვნენ. ამ უკანასკნელებმა სეზონის დასრულების შემდეგ, ახალი გუნდი უნდა ეძებონ, თორემ როგოც ეროვნული ნაკრების წევრებს უთამაშებლობა ნამდვილად არ წაადგებათ. “დნიპრო” 53 ქულით, 16-გუნდიან ჩემპიონატში, მე-2 ადგილზეა და ლიდერ “შახტარს” 3 ქულით ჩამორჩება.

ოდესის “ჩერნომორეცმა”, რომლის ღირსებას თორნიკე ოქრიაშვილი იცავს, კიევის “დინამო” მიიღო და დაპირისპირება 1:1 დასრულდა. ქართველმა ნახევარმცველმა ორი ტაიმი ითამაშა და 59-ე წუთზე გააფრთხილეს. “ჩერნომორეცი” 40 ქულით მეხუთეა.

ლუცკის “ვოლინმა” ხარკოვის “მეტალისტს” უმასპინძლა და 1:4 დამარცხდა. თემურ ფარცვანიას, რომელიც ტრავმირებულია, ლუცკელებში არ უთამაშია. “ვოლინი” 27 ქულით მე-12 პოზიციაზეა.

0.12166