ფეხბურთი

12:38 | 4.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

კანკავა და დვალიშვილი დამარცხდნენ, გრიგალავა და კობახიძე არ ათამაშეს

უეფას ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურში დნეპროპეტროვსკის “დნიპრო”, სადაც ჯაბა კანკავა და ალექსანდრე კობახიძე გამოდიან, საკუთარ მოედანზე ფლორენციის “ფიორენტინასთან” 1:2 დამარცხდა.

კანკავა სასტარტო შემადგენლობაში იყო და თავიდან ბოლომდე გაისარჯა. კობახიძე 18-კაციან განაცხადში კი მოხვდა, მაგრამ მოედანზე შესვლა არ მოუწია. მატჩის 53-ე წუთზე, ანგარიში თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან სტუმართა ფეხბურთელმა გონსალო როდრიგესმა გახსნა. ოთხი წუთის შემდეგ ევგენი სელეზნიოვმა ასევე პენალტიდან თანაფარდობა აღადგინა. 73-ეზე ამბროზინიმ მასპინძელთა კარი კიდევ ერთხელ აიღო. 86-ე წუთზე, მეორე ყვითელი ბარათის მიღების შემდეგ, “ფიორენტინას” კაპიტანი პისარო გააძევეს, მაგრამ “დნიპრომ” ქულა ვერ გადაარჩინა. დნეპროპეტროვსკელებს 3 ქულა აქვთ და 4-გუნდიან ჯგუფში მე-2 ადგილზე არიან.

ვარშავის “ლეგიამ”, რომელსაც ტრავმით გამოწვეული პაუზის შემდეგ ვლადიმერ დვალიშვილი დაუბრუნდა, შინ კვიპროსის “აპოლონთან” 0:1 დამარცხდა. მატჩამდე ქართველი თავდამსხმელი და გუნდის მთავარი მწვრთნელი იან ურბანი აცხადებდნენ, რომ აუცილებლად უნდა მოეგოთ, მაგრამ პოლონური კლუბი ჯერჯერობით ევროპის ლიგაში უქულოდაა და ჯგუფში ბოლოა.

დვალიშვილმა 90 წუთი ითამაშა, ხოლო “ლეგიამ” გოლი 56-ე წუთზე სანგოის დარტყმის შემდეგ გაუშვა. სხვათა შორის, ამავე ფეხბურთელმა 24-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.

ყაზანის “რუბინმა”, რომლის ღირსებასაც სოლომონ კვირკველია იცავს, საკუთარ მოედანზე ბელგიის “ზულტე-ვარეგემს” 4:0 აჯობა. ახალგაზრდა ქართველი მცველი სამატჩო განაცხადში არ იყო, ვინაიდან ის “რუბინს” ევროპის ლიგის განაცხადში საერთოდ არ შეუყვანია. “რუბინი” ჯგუფს 6 ქულით ლიდერობს.

განვლილ მატჩში ანგარიში მას მერე გაიხსნა, რაც დიუპოლიუმ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. 73-ე წუთზე მეორე გოლი რომან ერიომენკომ გაიტანა. 81-ე წუთზე რიაზანცევმა მეტოქის კარი მესამედ აიღო, ხოლო 89-ეზე ნათჰომ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

მახაჩყალის “ანჟი”, რომელშიც გია გრიგალავა ირიცხება, შინ, ლონდონის “ტოტენჰემთან” 0:2 დამარცხდა. ქართველი მცველი თადარიგში იყო, მაგრამ თამაში საშუალება არ მისცეს. 34-ე წუთზე მახაჩყალელთა კარი დეფომ აიღო, ხოლო 39-ეზე – ჩადლიმ. მახაჩყალელები ერთი ქულით მე-3 პოზიციაზე იმყოფებიან.

ამავე ჯგუფში, ტირასპოლის “შერიფმა”, რომლის სპორტული დირექტორი ვაჟა თარხნიშვილია, გასვლაზე “ტრიომსოსთან” 1:1 ითამაშა. 65-ე წუთზე სტუმართა კარი ონდრაშეკმა აიღო, 87-ეზე კი, რიკარდინიომ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. “შერიფი” 2 ქულით მეორეა.

0.115771