თავისუფალმა და ბერძნულ-რომაულმა ჭიდაობამ 2020 წლის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში დასაბრუნებლად პირველი დაბრკოლება წარმატებით დაძლიეს და საბოლოო გამარჯვებას გადამწყვეტი ეტაპიღა აშორებთ. გუშინ, სანქტ-პეტებურგში ჩატარებულ სხდომაზე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელმა კომიტეტმა 2020 წლის ოლიმპიადის 8 კანდიდატი სახეობის ხელმძღვანელთა მიერ მომზადებული პრეზენტაციები შეაჯამადა. შემდეგ კი აღმასკომის წევრებმა იმ 3 სახეობას გაუწიეს რეკომენდაცია, რომელთაგანაც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სექტემბერში, ბუენოს-აირესში გასამართ სესიაზე ერთ-ერთს შეარჩევს. ჭიდაობის გარდა სამეულში ბეისბოლი (სოფთბოლთან ერთად) და სქვოში მოხვდნენ.
სანქტ-პეტერბურგში მიმდინარე სხდომას ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი ნენად ლალოვიჩიც ესწრება და ინტერნეტსივრცეში მასთან მცირე ინტერვიუც გავრცელდა, რომელიც ცხადია წინასწარი კენჭისყრის დასრულების შემდეგაა ჩაწერილი.
- გილოცავთ სამ კანდიდატს შორის მოხვედრას.
- მადლობთ. პირველ ყოვლისა, მინდა მათ გადავუხადო მადლობა, ვინც ფიქრობს, რომ ჭიდაობა ოლიმპიურ პროგრამაში აუცილებლად უნდა იყოს. ჯერ პირველი თამაში მოვიგეთ. წინ კი უფრო მძიმე მეორე მატჩი გველის. ბეისბოლისა და სქვოშის ფედერაციების თავკაცებმაც უდიდესი შრომა გასწიეს მეორე ეტაპზე მოსახვედრად და ადვილი წარმოსადგენია, როგორ იბრძოლებენ უმთავრესი მიზნისთვის, მაგრამ მინდა მათ ვუთხრა, რომ საბრძოლველად ჩვენცმზად ვართ. ჭიდაობა ოლიმპიური თამაშების ერთ-ერთი უმთავრესი სახეობა უნდა გახდეს, სამ თვეში იქნება ეს თუ ათ წელიწადში.
- ბოლო თვეებში ჭიდაობაში უამრავი ცვლილება განახორციელეთ. სამომავლო სამზადისიც ასეთივე დაძაბული იქნება?
- შეიძლება სიახლეების შემოტანის ტემპი ისეთი მაღალი აღარ იყოს, მაგრამ უკვე განხორციელებული ცვლილებების დასახვეწად მაინც მძიმე სამუშაოები გველის. საბოლოო არჩევანი ჭიდაობაზე ისე უნდა გაკეთდეს, რომ პატარა კითხვის ნიშანიც კი აღარ არსებობდეს.
- რატომ დაგჭირდათ ბოლო სამ თვეში ამდენი რამის შეცვლა? თებერვლამდე ხომ თითქმის არც ერთი ღირებული ცვლილება არ განხორციელებულა...
- ძალიან გამიჭირდება ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა. მთავარია, რომ ჩვენ ეს შევძელით. წესების შეცვლა საკმაოდ რთული პროცესია. მოჭიდავეებს, მწვრთნელებსა და მსაჯებს სიახლეებთან შესაჩვევად ალბათ თვეები დასჭირდებათ. საკუთარ შეცდომებზე ვსწავლობთ და ვცდილობთ მხოლოდ წინ ვიაროთ.