ბაქოს “ნეფთჩის” თავდამსხმელმა სერხიო კანალესმა, აზერბაიჯანის საფეხბურთო ჩემპიონატში, ლეგიონერის მიერ გატანილი გოლების რაოდენობით ბადრი კვარაცხელიას რეკორდი გააუმჯობესა.
1997-1998 წლების სეზონში, კვარაცხელია განჯის “ქიაფაზში” თამაშობდა და 20 გოლი გაიტანა. ჩილელმა ფორვარდმა კანალესმა, ქართველის რეკორდი 25-ე ტურში აგდამის “ყარაბახთან” მატჩში გააუმჯობესა და მიმდინარე სეზონში 21-ე გოლი გაიტანა.
რაც შეეხება სხვა შედეგიან ლეგიონერებს, ჩამონათვალში მე-3 ადგილზეა გიორგი ადამია, რომელმაც 2010-2011 წლების სეზონში მეტოქეთა კარი 18-ჯერ აიღო.
სხვათა შორის, კვარაცხელია აზერბაიჯანის საფეხბურთო ისტორიაში დღემდე საკუთესო ლეგიონერ-ბომბარდირად რჩება. მის ანგარიშზე 71 გოლია. ამჟამად, ის “გაბალაში” მთავარი მწვრთნელის ასისტენტია.
ლეგიონერ-ბომბარდირებს შორის მე-2 ადგილზე ბაქოს “ინტერის” შემტევი ადამიაა, რომლის ანგარიშზე 61 გოლია.