ინდიან უელსის “მასტერზ1000”-ის (საპრიზო ფონდი 5946740 დოლარი) ქალთა ტურნირის ფინალში პოლონელი აგნეშკა რადვანსკა და იტალიელი ფლავია პენეტა ითამაშებენ. ნახევარფინალში დასავლეთსლავმა რუმინელ სიმონა ჰალეპს 6:3, 6:4 მოუგო, აპენინელმა კი ჩინელ ნა ლის 7:6, 6:3 სძლია.
25 წლის რადვანსკასა და მასზე 3 წლით უმცროს ჰალეპის ნახევარფინალი საათსა და 24 წუთს გაგრძელდა. აგნეშკას აქტივში 4 ბრეიკი და 3 ეისია. ეს მეტოქეები ერთმანეთს მეექვსედ შეხვდნენ და წინ პოლონელია – 4:2.
ავსტრალიის ღია პირველობის მეოთხედფინალში ნა ლიმ პენეტას მოუგო, ამჯერად ფლავიამ რევანშის აღება მოახერხა. 32 წლის ჩოგბურთელების მატჩმა საათსა და 49 გასტანა. პენეტამ 6 ბრეიკი, 3 ეისი შეასრულა და ჩინელთან ურთიერთშეხვედრების ბალანსი აღადგინა – 3:3.