კალათბურთი

14:06 | 17.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

კალათბურთის უფასო სექციები სკოლებში

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და სსიპ “საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის” ინიციატივით სკოლებში კალათბურთის უფასო სექციების გახსნა დაიწყო.

17 მარტს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში პროექტ – “უფასო საკალათბურთო სექციების” პრეზენტაცია შედგა.

პრეზენტაცია გამართეს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა სსიპ “საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის” დირექტორმა შალვა გოგოლაძემ და ოლიმპიური ცენტრის დაქვემდებარებაში არსებული საკალათბურთო კლუბ “ოლიმპის” დირექტორმა მიხეილ დაფქვიაშვილმა.

თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლების მოსწავლეებისთვის კალათბურთის უფასო სექციების გახსნა უკვე დაწყებულია. კლუბსა და სკოლებს შორის თანამშრომლობის შესახებ მომზადდა მემორანდუმი, რომლის თანახმად შესაბამისი სპორტული დარბაზის მქონე საჯარო სკოლებში კლუბი საკუთარი სახსრებით მიავლენს მაღალკვალიფიციურ მწვრთნელს და სკოლის მოსწავლეებს უფასო საკალათბურთო ვარჯიშებით ბურთებით და სხვა საჭირო ინვენტარით უზრუნველყოფს.

პროექტის მიზანია სკოლის მოსწავლეებში კალათბურთის პოპულარიზაცია, განვითარება და ბავშვთა და მოზარდთა შორის ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა, ასევე ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენა და მათი პროფესიული აღზრდა.

უფასო საკალათბურთო სექციებით სარგებლობა პროექტში ჩართული სკოლის დაწყებითი კლასის ნებისმიერ მოსწავლეს შეუძლია.

კალათბურთის უფასო სექციები უკვე გახსნილია შემდეგ სკოლებში: თბილისი – 162-ე – ვარჯიშობს 34 მოსწავლე (ორი ჯგუფი, ვაჟთა და გოგონათა), 181-ე – ვარჯიშობს 20 მოსწავლე, 69-ე ვარჯიშობს 20 მოსწავლე და გორი – მე-3 – ვარჯიშობს 46 მოსწავლე (ორი ჯგუფი). ამჟამად მოლაპარაკება მიმდინარეობს თბილისის პირველ გიმნაზიასთან, სამომავლოდ კი პროექტში კიდევ 10-15 სკოლის ჩართვაა დაგეგმილი – როგორც დედაქალაქში, ისე საქართველოს რეგიონებში.

საკალათბურთო კლუბსა და სკოლების ხელმძღვანელობებს შორის მოლაპარაკების საფუძველზე იგეგმება პროექტში ჩართულ სკოლებს შორის შეჯიბრებების გამართვა და “ოლიმპის” ლიგის შექმნა, რაც კიდევ უფრო ეფექტურს გახდის პროექტს.

 

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

0.121956