დღეს საკალათბურთო კლუბი “სოხუმი” ევროასპარეზზე პირველ მატჩს ჩაატარებს. ზღვისპირელებს ყველანი წარმატებას ვუსურვებთ ბელარუსის წარმომადგენელ “მინსკ 2006”-თან და იმედია, აინარ ბაგატსკისის დამოძღვრილი მოთამაშეები თბილისის სპორტის სასახლეში შეკრებილი გულშემატკივრების გახარებას შეძლებენ. ამის თქმის საფუძველს კლუბის ამჟამინდელი წევრების ოსტატობა და მონდომება, აგრეთვე აფხაზეთის საკალათბურთო ტრადიციაც გვაძლევს. საერთოდ, აფხაზეთში არაერთი მაღალი კლასის კალათბურთელი აღზრდილა, რომელთა შორის თავისი განუმეორებელი ადგილი იური ძიძიგურს უკავია. წარმოშობით გაგრელი სპორტსმენი წარმატებით იცავდა საქართველოს ნაკრების, თბილისის “ქარიშხალასა” და “დინამოს” ღირსებას, მეგობრისა და თანაგუნდელის გახსენება კი იური ძიძიგურის მრავალწლიან პარტნიორსა და მეგობარს გივი ბიჭიაშვილს ვთხოვეთ.
“იური ძიძიგური ჩვენს გუნდში 1969-ში მოვიდა ის მაშინ 17 წლის იყო. შეიძლება ითქვას, რომ ნიჭიერი გაგრელი კალათბურთელი გამოცდილი მწვრთნელის გრიშა ზახლიანის “აღმოჩენაა”. სწორედ მან ამოიცნო იურის საკალათბურთო ტალანტი და ზღვისპირიდან ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში ჩამოიყვანა. ზახლიანი იმხანად თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის გუნდის მთავარი მწვრთნელის მიხეილ კეკელიძის “მარჯვენა ხელი” გახლდათ და სწორედ მან ურჩია ძია მიშას ძიძიგურის საკავშირო პირველობის უმაღლესი ლიგის გუნდში აყვანა. იური საკალათბურთო ნიჭი არც მრავალი მოთამაშის აღმზრდელს გამოჰპარვია – “გპი”-ის დამრიგებელმა 17 წლის ჭაბუკი გუნდში აიყვანა. ძიძიგურის ჩვენ გუნდში მოსვლა სერგო კოვალენკოს კიევში გადაბარგებას დაემთხვა. 17 წლის იურიმ ძირითადი მეფარის ფუნქციები იტვირთა. იგი ფიზიკურად ძლიერი იყო, ნებისმიერი კალათბურთელისთვის აუცილებელი უნარი, კარგი ნახტომი ჰქონდა, მიშა კეკელიძის ხელმძღვანელობით კი სულ რამდენიმე თვეში ძიძიგურის თამაში დაიხვეწა. იური თამაშის რიტმს ზედმიწევნით ზუსტად გრძნობდა, ფარიდან ბურთის მოხსნა ეხერხებოდა და ზუსტი, დროული პასის მეშვეობით გუნდის იერიშის წამომწყებიც იყო. ამასთან, არც “შავ სამუშაოს” ივიწყებდა – ბლოკირების წყალობით პარტნიორებს “გვიხსნიდა” მოწინააღმდეგის კალათისკენ გზას. იურის ერთადერთი ნაკლი მხედველობის გარკვეული დეფექტი გახლდათ, თუმცა, ამის მიუხედავად, ქულათა “თავის ნორმას” ყოველთვის ასრულებდა ხოლმე. ხშირად სწორედ ძიძიგური ხდებოდა ჩვენ გუნდში მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე. იური სიმაღლითაც არ გამოირჩეოდა (საკალათბურთო ცენტრის პარამეტრით), თუმცა, მასზე 10-12 სანტიმეტრით უფრო მაღალ მეფარეებს არ ეპუებოდა და მათთან ორთაბრძოლებში გამარჯვებული გამოდიოდა. კარგად მახსოვს მისი დუელები მოსკოვის არმიელ ანდრეევთან, ლენინგრადელ ივანოვთან, კიეველ ოკიპნიაკსა და სუშაკთან. იური მათ საკალათბურთო ჭკუითა და ეშმაკობით, მონდომებით ჯაბნიდა, თანაგუნდელებს კი ოსტატური, ვაჟკაცური ბრძოლის მაგალითს გვაძლევდა. იურისთან ერთად რამდენიმე სეზონი პოლიტექნიკური ინსტიტუტის გუნდში გავატარე, შემდეგ კი ერთად გადაგვიყვანეს ჩვენი ქვეყნის იმდროინდელ საკალათბურთო ფლაგმან თბილისის “დინამოში”. ეს 1972 წელს მოხდა. იური 20 წლისა იყო, რამდენიმე თვეში იგი სასტარტო ხუთეულის მოთამაშე გახდა. 6-7 წელი ვითამაშე მასთან ერთად “დინამოში” და შემიძლია ვთქვა, რომ იური ჩემი ერთ-ერთი საყვარელი პარტნიორი იყო. მასთან კარგად ვიყავი შეთამაშებული, თუმცა, ყველაზე მეტად ძიძიგური-პულავსკის ტანდემი მოქმედებდა ნაყოფიერად. ეს არცაა გასაკვირი, სეხნია პულავსკისთან ერთად იური ხომ გუნდის “ცენტრალურ ღერძს” ქმნიდა და ფლანგელებსა თუ უკანახაზელებს თამაშს გვიიოლებდა. ჩვენი გუნდის იმდროინდელი წარმატებები დიდწილად სწორედ იური ძიძიგურის სახელს უკავშირდება. კარგად მახსოვს 1975 წლის იანვარი. თბილისის “დინამო” ლენინგრადს სტუმრობდა. მწვრთნელ ვლადიმირ კონდრაშინისა და ოლიმპიური ჩემპიონის ალეკსანდრ ბელოვის “სპარტაკი” მატჩს არათუ საკუთარ “იუბილეინიზე”, გასვლაზეც იშვიათად თმობდა და ასეთი მრისხანე მოწინააღმდეგის ძლევა უპირველესად იური ძიძიგურის საიმედო და ეფექტური ასპარეზობის წყალობით მოვახერხეთ. არასდროს დამავიწყდება იმავე წლის, ოღონდ საზაფხულო პერიპეტიები. კიევში საკავშირო ხალხთა სპარტაკიადის საკალათბურთო ტურნირი ჩატარდა. საქართველოს ნაკრებმა ლიტვისა და უკრაინის გუნდებს ვაჯობეთ და მესამე ადგილი დავიკავეთ. არავინ მოელოდა, უკრაინელებს მათსავე პარკეტზე რომ მოვუგებდით. პირველი ტაიმი 13 ქულით წავაგეთ, მაგრამ შესვენების შემდეგ ბრწყინვალე კალათბურთელების ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას წინამძღოლობით არა მარტო ქულათა დეფიციტის აღმოფხვრა შევძელით, არამედ წინ გასვლა და მოგება. გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო იურიმაც. მის წინააღმდეგ ხომ უკრაინელთა ტანმაღალი მეფარეები სერგო კოვალენკო (215 სმ), ვლადიმირ ტკაჩენკო (220) და ალეკსანდრ ბელოსტენი (214) თამაშობდნენ. სამწუხაროდ, იურის საკალათბურთო შესაძლებლობების ბოლომდე გამოვლენის საშუალება მუხლის ტრავმამ არ მისცა. მან ჯერ კიდევ “დინამოში” გადმოსვლის პერიოდში მენისკის ოპერაცია გაიკეთა. ეტყობა, ქირურგიული ჩარევა მთლად წარმატებული არ იყო, რადგანაც იურის მუხლის ტკივილი პრაქტიკულად მთელი სპორტული კარიერის განმავლობაში აწუხებდა, რის გამოც საკალათბურთო სარბიელიდან შედარებით ნაადრევად მოუწია წასვლა და მშობლიურ გაგრაში დაბრუნდა.
იური ძიძიგური ყველასთვის სასურველი პარტნიორი რომ იყო, ამაზე მოგახსენეთ, მაგრამ არ შემიძლია არაფერი ვთქვა მის ადამიანურ თვისებებზეც. იგი განათლებული, წყნარი, მშვიდი პიროვნება გახლდათ. მოგეხსენებათ, თბილისის “დინამოს” მოთამაშეები როგორი პოპულარობით სარგებლობდნენ გულშემატკივართა შორის, თუმცა, იურის “ვარსკვლავური ავადმყოფობა” არ შეყრია და მატჩებისა თუ წვრთნის დროს ყოველთვის თავმდაბლად, ერთგულად, თავდაუზოგავად ასრულებდა თავის მოვალეობას. მოგეხსენებათ, “დინამო” წინასასეზონო მზადებას ზღვისპირა ლესელიძეში გადიოდა, იური ხშირად გვაკითხავდა და ჩვენ ვარჯიშს ესწრებოდა. 1992 წლის 2 ოქტომბერს კი თავზარდამცემი ამბავი შევიტყვეთ – მშობლიური გაგრისთვის ბრძოლის დროს იური ძიძიგური დაიღუპა. იურის მეუღლე ქალბატონი ქეთევანი იხსენებს: მე და ბავშვები თბილისში გამოგვიშვა, თავად კი გაგრიდან დამირეკა და მითხრა, ვერ ჩამოვალ, აქ უნდა დავრჩეო. ძალიან სამწუხაროა, ასე ტრაგიკულად რომ დასრულდა მისი სიცოცხლე. ამასთან მსურს მადლობა გადავუხადო საკალათბურთო კლუბ “სოხუმის” ხელმძღვანელობას, რომელმაც საქართველოს ეროვნული პირველობის მატჩებში აფხაზეთის მკვიდრი მოთამაშეების, ვალერი ჯგერენაიასა და იური ძიძიგურის ხსოვნის სპეციალური პრიზები დააარსა და მათ სახელებს გულშემატკივარსა და მთლიან საზოგადოებას ახსენებს”.
გოჩა კაჭარავა