საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის სხდომათა დარბაზში შედგა ფედერაციის გამგეობის წევრების შეხვედრა პრეზიდენტობის კანდიდატებთან. ამ შეხვედრის მიზანი იყო, განესაზღვრათ 11 დეკემბერს დანიშნული არჩევნების წესი და აგრეთვე, დაედგინათ დელეგატთა ვინაობა.შეხვედრიდან პირველი მიხეილ ახვლედიანი გამოვიდა, რომელმაც განაცხადა, რომ უკმაყოფილოა შემოთავაზებული ვარიანტით და მისი თქმით, არჩევნების წესთან დაკავშირებით ფედერაცია პირვანდელ პოზიციას არ იცვლის.
“დაამატეს გამგეობის წევრები, რაც, ჩემი აზრით, არადემოკრატიულია. თუ პროცესები ასე განვითარდა, შესაძლოა, ჩიხში შევიდეთ. არ მომწონს ისიც, რომ დავუშვათ, საქართველოს ყველაზე სახელოვან გუნდ თბილისის “დინამოსა” და მაგალითად, ფოთის სპორტსკოლას ერთნაირი რაოდენობის დელეგატი ეყოლება. გამგეობის წევრების ჩართვას კი, პირდაპირ ინტერესთა კონფლიქტამდე მივყავართ. ასეთ შემთხვევაში პასუხისმგებლობას ფედერაცია თავის თავზე აიღებს და თუ პროცესი ასე არადემოკრატიულად გაგრძელდა, ცუდ შედეგებს მივიღებთ. თავად კალათბურთელები და მწვრთნელები პროცესის უფრო დემოკრატიულ ხარისხს ითხოვენ. ამასთან, ისიც უნდა ვთქვა, რომ სახელმწიფო ვერ აკონტროლებს კანონმდებლობას და პასუხისმგებლობას სპორტის სამინისტროსაც ვაკისრებ”.
შემდეგ სიტყვა ფედერაციის პრეზიდენტობის კიდევ ერთმა კანდიდატმა მიხეილ გაბრიჩიძემ აიღო: “გარკვეული სახის პრეტენზია მეც გამოვთქვი. მაგალითად, ვეტერანებისთვის ერთი ან ორი ხმის მიცემა არასაკმარისია. ჩემი აზრით, უნდა შედგეს ათკაციანი ჯგუფები, რომელთაც თითო დელეგატი მაინც უნდა აირჩიონ. თუ პრეზიდენტი გავხდი, სწორედ ამ საკითხს გავუწევ ლობირებას. ახვლედიანი კლუბების მეტ წამომადგენლობას ითხოვს, რაც ჩემი აზრით, არასწორია. ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო უფრო ჩაერევა ამ პროცესში. რადგან კლუბების უმრავლესობას სწორედ სახელმწიფო აფინანსებს”.
შემდეგ პრეზიდენტობის კიდევ ერთ კანდიდატ კახა შენგელიას გავესაუბრეთ: “ჩვენ ამომწურავად ვისაუბრეთ. პირადად მე, ფედერაციისადმი ლოიალობაში დამდეს ბრალი, რასაც კატეგორიულად არ ვიზიარებ. ჯერჯერობით, ახალ ვარიანტზე ვერ შევჯერდით და საბოლოო გადაწყვეტილებას გამგეობა მიიღებს. ჩემი აზრითაც, საკალათბურთო სამყარო პროცესებში უფრო აქტიურად უნდა იყოს ჩართული და ამის საშუალება მიეცეს”.
და მეოთხე კანდიდატი ვლადიმერ ბოისა: “მე ვემხრობი დელეგატთა რაოდენობის გაზრდას. რაც უფრო მეტი დელეგატი იქნება, მით უფრო დემოკრატიული და საჯარო იქნება პროცესი. არ ვარ წინააღმდეგი, რომ დელეგატთა შორის გამგეობის წევრებიც იყვნენ. ისინი ხომ საკალათბურთო ოჯახის სრულუფლებიანი წევრები არიან. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ვემხრობი დელეგატთა რაოდენობის გაზრდას. მაგალითად, სლოვენიაში დაახლოებით 130 დელეგატი ირჩევს პრეზიდენტს და ჩვენთანაც თუ გაიზრდება რაოდენობა, უკეთესი იქნება”.
ამ წუთებში მიმდინარეობს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის სხდომა, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს 11 დეკემბრის ყრილობის ჩატარების წესთან და დელეგატებთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მოქმედმა პრეზიდენტმა ბესიკ ლიპარტელიანმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ 11 დეკემბრის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.