კალათბურთი

17:37 | 8.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

კალათბურთის ფედერაცია რეგიონების მწვრთნელთა გადამზადებას შეუდგა

 

საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ რეგიონების მწვრთნელთა გადამზადების პროგრამის განხორციელება დაიწყო. აღნიშნულ ღონისძიებას მიეძღვნა პრესკონფერენცია, რომელიც დღეს, 8 აპრილს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საპრესკონფერენციო დარბაზში ჩატარდა. პრესკონფერენციას საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტები – კახაბერ შენგელია, ვლადიმერ ბოისა, კახეთის რეგიონის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ოთარ ბრაგვაძე და საქართველოს მწვრთნელთა კავშირის ვიცე-პრეზიდენტი ნოდარ ავალიშვილი ესწრებოდნენ.

რეგიონების მწვრთნელთა გადამზადების პროგრამა პირველ ეტაპზე კახეთის რეგიონის წარმომადგენლებთან მიმდინარეობს. კახეთის რეგიონის მწვრთნელთა თბილისში ჩამოყვანას და სემინარებზე დასწრებას საქართველოს კალათბურთის მწვრთნელთა კავშირი უზრუნველყოფს.

რეგიონების მწვრთნელთა გადამზადების პროგრამასთან დაკავშირებით “მსოფლიო სპორტი” ნოდარ ავალიშვილს ესაუბრა.

-      კახეთის რომელი რაიონის წარმომადგენლები მიიღებენ სემინარში მონაწილეობას?

-      გადამზადების პროგრამაში თელაველი, ახმეტელი, საგარეჯოელი, ლაგოდეხელი და სიღნაღელი მწვრთნელები მონაწილეობენ.

-      როდის დაიწყო გადამზადების პროგრამა?

-      კახეთის რეგიონის მწვრთნელთა გადამზადების პროგრამაში მონაწილეობა ორ ეტაპად არის დაგეგმილი. პირველი ეტაპი 7 აპრილს დაიწყო და 11-ში დასრულდება. მეორე ეტაპის მონაწილენი მომდევნო კვირაში ჩამოვლენ თბილისში და ისინიც 5 დღე დარჩებიან. სააღდგომო არდადეგების დასრულების შემდეგ შიდა ქართლის წარმომადგენლებს ველოდებით.

-      სად და როგორ მიმდინარეობს გადამზადების პროგრამა?

-      პროგრამაში მონაწილე მწვრთნელები “დინამოს”, “ჰიუნდაისა” და “კალათბურთის აკადემიის” დარბაზებში, აღნიშნული კლუბებისა და საქართველოს 16 წლამდელთა ნაკრების ვარჯიშებს დაესწრებიან და გაივლიან როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სემინარებს, რომელსაც გამოცდილი და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელები ჩაატარებენ.

0.181496