კალათბურთი

18:30 | 20.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

კალათბურთი სახელწიფოსაგან მეტ ყურადღებას იმსახურებს

დღეს, 20 აგვისტოს, კალათბურთში ევრო-2015-ის ფინალური ეტაპის მეორე წრე იწყება. საქართველოს ნაკრები საპასუხო შეხვედრაში ჩეხეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება, რომელიც თბილისის დროით, სამაუწყებლო ტელევიზიის პირველ არხზე, 20:00 საათზე დაიწყება.

პირველი წრის შემდეგ, “E” ჯგუფში 5-5 ქულით პირველ-მესამე ადგილებს საქართველო, უნგრეთი და ჩეხეთი ინაწილებენ. რაც შეეხება პორტუგალიას, ეს გუნდი ზედიზედ სამი წაგების შემდეგ ბოლო მეოთხე ადგილზე იმყოფება. თუ გავითვალისწინებთ, რომ პორტუგალიას მეორე წრეში ჩასატარებელი სამი მატჩიდან 2 სტუმრად (საქართველო, უნგრეთი) უწევს, ძალიან მცირე შანსია, რომ ამ გუნდმა ევრო-2015-ის ერთ-ერთი საგზურის მოპოვება შეძლოს. დაგვრჩა საქართველო, უნგრეთი და ჩეხეთი, რომლებიც პირველ-მეორე ადგილებს გაინაწილებენ.

შეგახსენებთ, რომ FIBA-ს დებულებიდან გამომდინარე, თუ პირველ-მეორე ადგილებისათვის მებრძოლი გუნდები თანაბარ ქულებს დააგროვებენ, მაშინ უპირატესობა ურთიერთშორის მოპოვებულ გამარჯვებათა რაოდენობას მიენიჭება. თუ გამარჯვებული ვერც ამ დებულებამ გამოავლინა, მაშინ უპირატესობა ურთიერთშორის ჩატარებულ მატჩებში ბურთების უკეთესი შეფარდების მქონე გუნდს მიენიჭება.

პირველი წრის შემდეგ, “E” ჯგუფში ისეთი სიტუაცია და მატჩების ისეთი განრიგია, რომ გამორიცხული არაა სამივე გუნდმა თანაბარი ქულები დააგროვოს და მიმდინარე შესარჩევი ტურნირი ისე დაასრულოს.

პირველ წრეში ძალიან ცუდი თამაშის მიუხედავად, საქართველოს ნაკრები პორტულაგიასთან განულებული თამაშების შემთხვევაში მაინც პირველ ადგილზე იმყოფება და მომდევნო ეტაპზე გასვლის კარგ შანსს იმსახურებს. რა თქმა უნდა ყველაზე კარგი შედეგი მეორე წრის სამივე შეხვედრის მოგებაა, მაგრამ გუნდმა, რომელმაც მხოლოდ ოვერტაიმში შეძლო აუტსაიდერი პორტუგალიის დამარცხება ნაკლებად სავარაუდოა დღეს, გასვლაზე ჩეხეთს მოუგოს. “ჯვაროსნების” ძირითად ბირთვს (ფაჩულია, შენგელია, სანიკიძე, ცინცაძე…) თამაში თუ წაუვიდა, მაშინ არც მოგებაა გამორიცხული, რადგან ჩეხებისთვის თბილისში, პირველ წრეში, 11 ქულის სხვაობით (73:62) გვაქვს მოგებული, სტუმრად წაგების შემთხვევაში ეს უპირატესობა უნდა შევინარჩუნოთ და 10 ქულაზე მეტი სხვაობით არ უნდა დავმარცხდეთ.

რაც შეეხება თბილისში ჩასატარებელი მეორე წრის დანარჩენ ორ შეხვედრას, თუ უნგრეთსა და პორტუგალიას ვერ მოვუგეთ, მაშინ არც ფინალური ეტაპის ერთ-ერთი საგზურის მოპოვების პრეტენზია უნდა გვქონდეს. სამწუხაროდ, არც არის გასაკვირი რომ ვერ მოვუგოთ, რადგან ნაკრებს მთავარი მწვრთნელის ხელი არ ეტყობა და გუნდი ძირითადად ზემოთ ნახსენები კალათბურთელების ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე იგებს.

კოკოშკოვი ძველებურად აგრძელებს და არც ამჯერად კადრულობს, ამხანაგური მატჩების ჩათვლით, საქართველოში ჩატარებული მატჩების შემდეგ პრესკონფერენციაზე დასწრებას და მასმედიისთვის კომენტარის გაკეთებას. მართალია, არავინ გვისმენს, რადგან საქართველოში სპორტს პატრონი არ ჰყავს, მაგრამ სათქმელი მაინც უნდა ითქვას. იგორ კოკოშკოვის საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი ვადით დანიშვნა დიდი დანაშაულია. ამას მარტო კალათბურთის ფედერაციას ვერ დავაბრალებთ, რადგან მისმა ხელმძღვანელობამ “მსოფლიო სპორტთან” საუბარში განაცხადა, რომ კარგი მწვრთნელის ჩამოსაყვანად სახელმწიფო საკმარის თანხას არ იძლევა. ეს მაშინ, როცა საქართველოს ფეხბურთელთა “წყალწაღებული” ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გასამრჯელოს სახით მილიონობით დოლარს იღებს. ფაქტები ჯიუტია, რომელსაც ვერსად გავექცევით.

“E” ჯგუფის მეორე წრის შეხვედრათა განრიგი

20 აგვისტო

ჩეხეთი – საქართველო

უნგრეთი – პორტუგალია

24 აგვისტო

საქართველო – უნგრეთი

პორტუგალია – ჩეხეთი

27 აგვისტო

საქართველო – პორტუგალია

უნგრეთი – ჩეხეთი

 

სატურნირო მდგომარეობა პირველი წრის შემდეგ

საქართველო  3   2  1    237-226  5

უნგრეთი      3   2   1   195-177   5

ჩეხეთი        3   2   1   217-189   5

პორტუგალია  3   0   3   181-238   3

0.13799